Accessibility links

დავით თევზაძე გამოსაწვევ ელჩთა 12 კაციან სიაში აღმოჩნდა


საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რესტრუქტურიზაციის რეფორმის ფარგლებში, ქვეყნის პარლამენტი საზღვარგარეთის დიპლომატიური კორპუსებიდან მოქმედი ელჩების

გამოწვევის პროცედურის განხორციელებას შეუდგა. გამოსაწვევ ელჩთა 12 კაციან სიაში ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომელთაც როტაციის ვადა არ ამოუწურავთ. ერთ-ერთი მათ შორის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ნატოში საქართველოს ელჩი დავით თევზაძეა. იგი თანამდებობაზე “ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაამტკიცეს, თუმცა ელჩად ერთი დღეც არ უმუშავია.

“ვარდების რევოლუციამდეც” და მას შემდეგაც ნატოში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ და ფაქტობრივ წარმომადგენლად დავით დონდუა რჩება. საელჩო საქართველოს საზღვარგარეთის დიპლომატიურ კორპუსში გამორჩეულად ქმედითი და ნაყოფიერია. შესაბამისად, იმთავითვე ნათელი იყო, რომ საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა დავით თევზაძესთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, ანუ მას, გარკვეული თვალსაზრისით, ხარკი გადაუხადა.

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] ”თევზაძე თავის დროს, უხეშად რომ ვთქვათ, გამოყენებულ იქნა რევოლუციის პერიოდში. ახალმა ხელისუფლებამ, ანუ იმ დროს ოპოზიციამ, მიიღო გარანტიები, რომ ჯარი არ იქნებოდა ხალხის წინააღმდეგ გამოყენებული. ამის სანაცვლოდ თევზაძემ მიიღო თავისუფლება, ანუ თანამდებობა. შემდეგ უკვე აღარც ამის დაკმაყოფილება მოინდომეს.”(სტილი დაცულია)

როგორც ირაკლი სესიაშვილი, ლიდერი ასოციაციისა ”სამართალი და თავისუფლება”, მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ დავით თევზაძე ნატოში საქართველოს ელჩად არ შედგა, ხელისუფლებასთან მისი გარიგება, გარკვეული თვალსაზრისით, მაინც უდავოა. ანუ მას თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული კორუფციული დარღვევების გამო პასუხს არ მოსთხოვენ. არადა, პროკურატურაში არსებულ სქელტანიან საქმეში მისი, როგორც ყოფილი მინისტრის, ბრალეულობის საკითხიც იკვეთება.

სხვათა შორის, არსებობს აზრი, რომ დავით თევზაძე ელჩის რანგში მიუღებელი აღმოჩნდა არა მარტო საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, არამედ თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვისაც. ამ კითხვით მივმართეთ საქართველოს სამხედრო წარმომადგენელს ნატოში პოლკოვნიკ დავით ნაირაშვილს, რომელსაც ბრიუსელში დავუკავშირდით.

[დავით ნაირაშვილის ხმა] ” ნო კომენტს, ნო კომენტს. კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ. ბოდიში.”(სტილი დაცულია)

საქართველოს საელჩო, შეიძლება ითქვას, არასრული შემადგენლობით, ამჟამად ნატოს სტამბულის სამიტისათვის ემზადება. კონფერენციაში “ატლანტიკური ალიანსი ახალ გზაჯვარედინზე” საქართველოს პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივანი და საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებიც მიიღებენ მონაწილეობას.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ” ნატოში არის მთავარი მიმართულება, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენი საგარეო პოლიტიკისა წელს. არავინ დავით თევზაძეზე უკეთ არ იცის, როგორ უნდა მოვახერხოთ ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობების დამყარებ, იმიტომ რომ ის იყო სწორედ წინასწარი გეგმის ავტორი, მან მოიყვანა ნატოში ინტეგრაციის ამ დონემდე საქართველო, მან უნდა მოახერხოს შემდეგი ნაბიჯების გადადგმა ამ ორგანიზაციასთან მიმართებაში.”

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს განცხადება 13 თებერვალს, დავით თევზაძის ელჩად წარდგენის დღეს გააკეთა.

[ნიკა ჯანჯღავას ხმა]” მისი გადაწყვეტილება სწორია.
რომელი გადაწყვეტილებაა სწორი?(ნ.მ.)
ყველა.
პირველიც? (ნ.მ.)
რა თქმა უნდა. საჭირო იყო ადამიანის მოშორება რაღაც გარკვეული თანამდებობიდან ისე, რომ პრობლემა არ შეექმნა. მერე გადაიფიქრა და ამაში ცუდი არაფერი არაა.”

მართალია, ჯერჯერობით არ სახელდება, ვინ დაინიშნება ნატოში საქართველოს ელჩად, მაგრამ გენერალური შტაბის საბრძოლო მომზადებისა და განათლების მთავარი სამმართველოს უფროსის ნიკა ჯანჯღავას აზრით, დავით დონდუა დაკისრებულ მოვალეობას თავს საუკეთესოდ ართმევს.
XS
SM
MD
LG