Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სატელეფონო მომსახურების გაძვირება 1 აგვისტოსთვის გადაიდო


“საქართველოს ელექტროკავშირი”, რომლის აქციათა სრული პაკეტის მფლობელი სახელმწიფოა, მომხმარებელს გაზრდილ სატელეფონო გადასახადს სთავაზობს. საუბარია მექანიზმზე,

რომლის თანახმადაც “ელექტროკავშირის” აბონენტები სხვა სატელეფონო კომპანიების მომხმარებლებთან დაკავშირებისას საფასურს წუთების მიხედვით გადაიხდიან. უფრო მეტიც: იმისათვის, რომ “ელექტროკავშირის” თბილისში მცხოვრებმა აბონენტმა “ახალი ქსელების” თანაქალაქელ მომხმარებელთან დაკავშირება შეძლოს, ნომრის გარდა, დედაქალაქის კოდი - 822-იც უნდა აკრიფოს. სატელეფონო კავშირის ამგვარი მექანიზმი მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ დათქმულმა ვადამ პირველი აგვისტოსთვის გადაიწია. რატომ?

“საქართველოს ელექტროკავშირი”, ტექნიკურთან ერთად, ფინანსურ შეჭირვებასაც განიცდის. კომპანიის კისერზე გადადის თითქმის ყველა სახელმწიფო უწყების სატელეფონო მომსახურების უზრუნველყოფა. სახელმწიფო სტრუქტურები კი მოგეხსენებათ გადახდის მაღალი კულტურით არ გამოირჩევიან. ამაზე თუნდაც შემდეგი მონაცემი მეტყველებს: წლების განმავლობაში სახელმწიფო ორგანიზაციებმა ელექტროკავშირს კუთვნილი 5 მილიონი ლარი დააკლეს. კომპანიის ყველაზე ერთგულ და კანონმორჩილ მომხმარებლად რიგითი აბონენტები ითვლებიან. წუთობრივი დარიცხვის შემოღებითაც ყველაზე მეტად სწორედ რომ ამ კატეგორიის ადამიანები დაზარალდებიან.

[ქალბატონის ხმა] “ძალიან იმოქმედებს ჩემი ოჯახის ბიუჯეტზე ეგ ტელეფონის გადასახადი. შემოსავალი იმდენი არაფერი გვაქვს, რაც გადასახადები, როგორ უნდა გადავიხადოთ?.. ძალიან გაგვიჭირდება!”

[მამაკაცის ხმა] “როგორ შეიძლება! წუთობრივი გადასახადი არ გვაწყობს! გაცილებით ნაკლებს ვისაუბრებთ, აბა, რა!”

ასე ფიქრობს თბილისელთა უმეტესი ნაწილი. თუმცა, როგორც “ელექტროკავშირში” აცხადებენ, სატელეფონო მომსახურების გაძვირება გარდაუვალი აუცილებლობით არის გამოწვეული:

[მერაბ კანკავას ხმა] “ვინაიდან კომპანიას უჯდება თანხა, ანუ უხდის კომპანია კომპანიას ამ თანხას, ეს თანხა უნდა ამოიღოს აუცილებლად აბონენტიდან, რათა გადაუხადოს იმ კომპანიას.”

კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე მერაბ კანკავა განმარტავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ კანონისა და ოპერატორთა ურთიერთჩათვლის შესახებ დებულების თანახმად, ამგვარი ნაბიჯი “ელექტროკავშირს” ჯერ კიდევ 2002 წლის 1 იანვრისთვის უნდა გადაედგა, თუმცა იმავეს გაკეთება ვერც პირველი ივლისისთვის მოხერხდა:

[მერაბ კანკავას ხმა] “გადასახადი, საორიენტაციოდ, 2 თეთრია, მაგრამ შეიძლება ნაკლებიც იყოს, იმიტომ რომ 1 ივლისიდან არ შედის ძალაში. ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში 1 აგვისტოდან. ივლისის მანძილზე ჩვენ შევძლებთ დავინახოთ რეალური მოთხოვნილება, აი, ამ მიმართულებით რა არის, ვინაიდან ჩვენ უკვე აღრიცხვას დავიწყებთ 8-22-ის საშუალებით. და ამის მერე ჩვენ გვინდა, რომ შევთავაზოთ აბონენტებს მომსახურების პაკეტი.”

მომსახურების პაკეტში მერაბ კანკავა სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის შეღავათების დაწესებას გულისხმობს. თუმცა, “ელექტროკავშირის” ხელმძღვანელთა მხრიდან კეთილი ნების ამგვარი გამოვლინება მიუღებელი აღმოჩნდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერებისათვის. საკრებულოს წევრი გია გუგავა ადამიანისთვის საარსებო გარემოს მოსპობის საფრთხეზე საუბრობს:

[გია გუგავას ხმა] “პირზე დაგვიყენეს მრიცხველები და, ალბათ, მომავალი მათი ქმედება იქნება სასუნთქ ორგანოებზე მრიცხველის დაყენება და საერთოდ მოგვისპობენ საარსებო გარემოს.”

შალვა ნათელაშვილი კი არ წვრილმანდება და თითს პრეზიდენტისკენ იშვერს:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] “თუ ძალიან სურს სააკაშვილს “ელექტროკავშირის”, კავშირგაბმულობის სისტემის რეაბილიტაცია და აღდგენა, მაშინ კეთილი ინებოს და ავლაბარში მშენებარე სასახლეს თავი დაანებოს, რომელიც ჯდება 120 მილიონი დოლარი, ავლაბარში, ელიას მთაზე, და ეს თანხები მოახმაროს კავშირგაბმულობის სისტემის რეაბილიტაციას და აღდგენას.”(სტილი დაცულია)

ლეიბორისტები მომხმარებელთა უფლებების დასაცავად სასამართლოში ჩივილსაც აპირებენ. არადა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომისიის პირდაპირი მოვალეობაა. თუმცა კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი გიორგი რატიშვილი ელექტროკავშირის სურვილს, იმუშაოს მოგებაზე, ბუნებრივს უწოდებს.

[გიორგი რატიშვილის ხმა] “ერთადერთი კომპანიაა, ფაქტობრივად, “ელექტროკავშირი” , რომელსაც წუთობრივი გადასახადი არ აქვს, ანუ ის, რომ თვითონ ეს ტარიფი რამდენი იქნება - ორი თეთრი იქნება თუ თეთრნახევარი იქნება, თუ რამდენი იქნება - ეს არის გადასახედი, თორემ თვითონ პოზიციას და მიდგომას ეს კომისია ეთანხმება.”(სტილი დაცულია)

კომისიის თანხმობა კი ერთ რამეს ნიშნავს: 1 აგვისტოდან ელექტროკავშირის აბონენტებისათვის დროს ოქროს ფასი უკვე პირდაპირი მნიშვნელობითაც დაედება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG