Accessibility links

logo-print

“თბილწყალკანალის” გარშემო ვნებათა ღელვა არ ცხრება


ტენდერში გამარჯვებულ ფრანგულ კომპანიას - “ჯენერალ დეზოს”, რომელმაც “თბილწყალკანალი” 10-წლიანი იჯარით უნდა აიღოს და მსოფლიო ბანკის კრედიტი - 25 მილიონი

დოლარი უნდა აითვისოს, მრავალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივმა აზრმა დიდი შრომა გასწია. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება ხელშეკრულების პროექტს იწუნებს და მის გაფორმებას აღარ ჩქარობს.

გურანდა ჯიშკარიანი და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალი და 21-ე საუკუნე” “თბილწყალკანალის” საკითხის გარშემო უკვე დიდი ხანია იბრძვიან. “ჯენერალ დეზოსთან” დასადებ ხელშეკრულებას გურანდა ჯიშკარიანი ძირეულად (არაერთი ექსპერტის დასკვნაზე დაყრდნობით) აპროტესტებს და გულწრფელად უკვირს, რამ მოაწონა ქალაქის ახალ საკანონმდებლო ხელისუფლებას ძველის მიერ დაწუნებული უვარგისი პროექტი:

(გურანდა ჯიშკარიანის ხმა) “შარშან განიხილებოდა ეს საკითხი, როდესაც ბატონი მიხეილ სააკაშვილი იყო საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ირაკლი ოქრუაშვილი იყო საკრებულოს წევრი. მაშინ ეს პროექტი უვარგისობის გამო დაიბლოკა. ძალიან დიდ გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ იმავე პროექტის მიღებით, რომელშიც ერთი წერტილიც არ შეცვლილა, საკრებულო დღეს ასეა დაინტერესებული.”

თუმცა, გურანდა ჯიშკარიანის გასაკვირად, დიდი მონდომება არც საკრებულოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს ეტყობა. პირიქით, ზაზა ბეგაშვილი “ჯენერალ დეზოსთან” დასადები ხელშეკრულების პროექტს, აშკარად, იწუნებს და მისი, პრაქტიკულად, ხელახლა დაწერის აუცილებლობას ხედავს:

(ზაზა ბეგაშვილის ხმა) “მე დღეს მაქვს, დაახლოებით, 75 შესწორება. პრაქტიკულად, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხელშეკრულება სრულიად სხვა სახით უნდა დაიწეროს. თუკი ხელშეკრულებაში გასათვალისწინებელი ცვლილებები მისაღები იქნება ფრანგული მხარისათვის, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს პროექტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროექტი არ შედგება .”

მართალია, არგუმენტებს არ იშველიებს, მაგრამ ხელშეკრულების პროექტი არც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს მოსწონს:

(რომან გოცირიძის ხმა) “კონტრაქტი არ ვარგა. არ მინდა არგუმენტები, არ ვარგა კონტრაქტი.”

საკრებულოს თავმჯდომარეს არ სურს, რომ “თბილწყალკანალმა” ეს
25-მილიონ დოლარიანი შანსი დაკარგოს, მაგრამ სანაცვლოდ მოიჯარისგან (მაგალითად, წყლის ხარისხისა და ფასის თაობაზე) უფრო მყარ გარანტიებს მოითხოვს:

(ზაზა ბეგაშვილის ხმა) “მე არავითარ შემთხვევაში არ ვარ მომხრე იმისა, რომ ‘’თბილწყალკანალმა” მსოფლიო ბანკის 25-მილიონ დოლარიანი კრედიტის აღების შესაძლებლობა დაკარგოს. მაგრამ ფრანგულმა მხარემ თბილისში უნდა აიღოს მკვეთრი გარანტიები სასმელი წყლის ხარისხზე - ეს ერთი და მეორე - უნდა მოგვცეს აუცილებლად გარანტიები, რომ ტარიფი არ გაიზრდება... და კიდევ მრავალი მომენტია გასათვალისწინებელი.”

რაც შეეხება 24-საათიან მომარაგებას, “თბილწყალკანალის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გოჩა ჯელიას თქმით, ამ საკითხს ხელშეკრულება უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს:

(გოჩა ჯელიას ხმა) “კონტრაქტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დედაქალაქის უწყვეტი წყალმომარაგება.”

ზაზა ბეგაშვილმა კი ხელშეკრულების პროექტში მსგავსი გარანტიის შესახებ, სამწუხაროდ, ვერაფერი ამოიკითხა:

(ზაზა ბეგაშვილის ხმა) “იქ წერია, რომ 24 საათის განმავლობაში აუცილებლად მიაწვდის წყალს, მაგრამ 24-ვე საათი რომ მიაწვდის, ეს არ დევს.”

(ისმის წყლის ხმა)

ერთი სიტყვით, დიდი გაუგებრობაა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ეტაპზე სულ ოდნავ დაამშვიდა იმან, რომ ხელისუფლება ხელშეკრულების გადახედვის, საჯარო განხილვისა და სინდისიერი გადაწყვეტილების მიღების პირობას დებს.
XS
SM
MD
LG