Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აღინიშნა საქართველოში საერთაშორისო ანტინარკოტიკული დღე


საქართველოს ხელისუფლება, უფრო კონკრეტულად კი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა, ეგრეთ წოდებული, ძალოვანი სტრუქტურები აქტიურ კამპანიას აწარმოებენ

ნარკოტიკების გამავრცელებელთა და მომხმარებელთა გამოსავლენად და დასაკავებლად. ამის მიუხედავად, ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა რიცხვი სულაც არ მცირდება და ნარკოტიკული ნივთიერების გავრცელება თუ მოხმარება იატაკქვეშეთიდან დღითი დღე სააშკარაოზე გამოდის.

ცივილიზებულ ქვეყანათა უმეტეს ნაწილში ნარკომანი ავადმყოფად ითვლება და მისი სოციალური რეაბილიტაცია სახელმწიფოსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ზრუნვის საგანს წარმოადგენს. ამ მხრივ, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ისედაც რთულ სოციალურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფ ნარკომანებს კიდევ უფრო გამოუვალ სიტუაციაში აქცევს. თუ რატომ, ეს ნათლად ჩანს ამიერკავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის საინფორმაციო პროექტის მენეჯერის ჯანა ჯავახიშვილის კომენტარიდან:

[ჯანა ჯავახიშვილის ხმა] ”შარშან მიღებული იქნა ახალი კანონი, რომელიც ავადმყოფად აღიარებს ნარკომანს. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის სისხლის სამართლის კოდექსთან, რომელიც ნარკომანს სისხლის სამართლის დამნაშავედ თვლის.”

ამ სამართლებრივი მდგომარეობის მიუხედავად, ნარკომანთა რიცხვი საქართველოში 1992 წლიდან დღემდე 6-ჯერ გაიზარდა,
თუმცა პროცენტული შეფარდება ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მაჩვენებლებთან ჯერჯერობით საგანგაშო არ არის. ნარკომანთა პროცენტული მაჩვენებლებით საქართველო ჯერჯერობით საგრძნობლად ჩამორჩება რუსეთსა და უკრაინას. იმის შესახებ, თუ რამდენი კაცია საქართველოში ნარკომანიით დაავადებული, ისევ ჯანა ჯავახიშვილს მოვუსმინოთ, რომლის სტატისტიკა ექსპერტულ შეფასებებს ეყრდნობა, ვინაიდან, ზევით ნახსენები საკანონმდებლო კაზუსის გამო, ნარკომანიის მსხვერპლთა უმრავლესობა ოფიციალურ რეგისტრაციას თავს არიდებს:

[ჯანა ჯავახიშვილის ხმ] ” რეგისტრირებულია 20 ათასი ნარკომანი და ნარკოტიკების მომხმარებელი, რეალურად კი ეს 150-200 ათასია.”

ჯანა ჯავახიშვილი და მისი თანამოაზრეები ამ სტატისტიკური ტენდენციის შესაჩერებლად უამრავ საქველმოქმედო თუ საგანმანათლებლო აქციას აწყობენ, გაეროს განვითარების ფონდისა თუ სხვა დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით.
რამდენიმე ასეთი აქცია ანტინარკოტიკულ დღესთან დაკავშირებით 25 და 26 ივნისს სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა.

[ისმის აქციის მონაწილის ხმა] ”იმდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეს საკითხი, რომ მთელი სერიოზულობით ვეკიდები. დღეს მაგის გულისთვის ექსკურსიაზე არ წავედი, ქორწილში არ წავედი და ახლა კიდევ ველოდები ჩემს მეგობრებს, რომ ეს ყველაფერი დავარიგო რუსთაველის გამზირზე.”

ნათიამ და მისმა თანატოლებმა საკუთარი ძალებით რამდენიმე ბუკლეტი და პლაკატი გამოსცეს და ამ სააგიტაციო მასალით თბილისში რუსთაველის გამზირი ააჭრელეს.

[ისმის აქციის მონაწილის ხმა] ”ჩვენ დავწერეთ ის, რაც თვითონ ჩვენზე მოახდენდა შთაბეჭდილებას. აი, მაგალითად: გინდა ნაშა, გადააგდე ანაშა.”

რატომ მაინცდამაინც ბავშვები და ახალგაზრდები? - ამ კითხვით მივმართე ხათუნა თოდაძეს, რომელიც ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთი დირექტორია.

[ხათუნა თოდაძის ხმა ] ”პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ღონისძიებები უნდა გატარდეს ბავშვებში და მოზარდებში. იმიტომ რომ სულიერება, ბავშვებისთვის იდეური საფუძვლის შექმნა - ეს არის გარანტია იმისა, რომ ისინი ნარკოტიკებს ხელს არ მოჰკიდებენ.”

საქართველოში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ამ გამოცოცხლების მიუხედავად, ექსპერტები აღიარებენ, რომ არც ცალკეული აქციები და არც ნარკოტიკების ცალკეულ რეალიზატორებთან ბრძოლის კამპანია საგრძნობ შედეგს არ მოიტანს, თუ არ შემუშავდა სახელმწიფოებრივი ანტინარკოტიკული პოლიტიკა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG