Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტამბულში გაემგზავრა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 26 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტამბულში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატოს სამიტში და მოხსენებით გამოვა კონფერენციაზე,

სახელწოდებით „ატლანტიკური ალიანსი ახალ გზაჯვარედინზე“. სტამბულში სამიტის ფარგლებში იგეგმება მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან, ბულგარეთის, თურქეთის, იტალიის, ნორვეგიის, საბერძნეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებსა და მთავრობის მეთაურებთან.



ფაქტობრივად, სტამბულში ყოფნისას პრეზიდენტი სააკაშვილი თითქმის ყველა იმ სახელმწიფოს პირველ ან მეორე პირს შეხვდება, ვინც სერიოზულ როლს უკვე თამაშობს ან უახლოეს ხანში ითამაშებს ახალი საქართველოს მშენებლობაში. ერთადერთი, ვისაც სტამბულში მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არ შეხვდება, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია, რომელმაც ბოლო დღეებში გადაიფიქრა სტამბულში გამგზავრება. თუმცა რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა მიხეილ სააკაშვილის ნატოს სამიტზე გამგზავრებამდე ტელეფონით ისაუბრეს - კრემლის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები, აგრეთვე, რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები. სატელეფონო საუბარი კვლავ ქართული მხარის ინიციატივით შედგა - იუწყება ინტერნეტგამოცემა „გაზეტა.“
როგორც უკვე ცნობილია, სტამბულის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილს მოსკოვში გამგზავრება აქვს განზრახული - წინასწარი ცნობებით, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტებზე ისაუბრებენ. სხვათა შორის, თუ აქამდე პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე არცთუ დიდი დროა დარჩენილი, 26 ივნისს მან შენიშნა, რომ კონფლიქტები მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში აუცილებლად მოწესრიგდება და აუცილებლად მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. გარდა ამისა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა პრობლემის ერთ ან ორ თვეში მოგვარება შეუძლებელია და რომ მას გარკვეული დრო სჭირდება კონკრეტული შედეგების მისაღწევად.
[ ნანა კაკაბაძის ხმა] „რაოდენ გასაოცარია, როცა ახალმა ხელისუფლებამ მოსვლიდან რამდენიმე თვეში გამოიყენა 226-ე მუხლი - თქვენ იცით, ეს არის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა მიტინგებისა და მანიფესტაციების მოწყობის გზით. რა არის ეს ორმაგი სტანდარტი? ეს მუხლი ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან საბჭოთა პერიოდში ამავე მუხლით ერთ-ერთი ნასამართლობა მქონდა, მაგრამ ამის შემდგომ, ფაქტობრივად, არც ერთ ხელისუფლებას ეს მუხლი არ გამოუყენებია. მინდა ვთქვა, რომ 7 ადამიანი დააკავეს მიტინგებისა და მანიფესტაციების მოწყობისთვის. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი და მოველი, რომ ხელისუფლება დროულად მოახდენს ამაზე რეაგირებას.“
ეს ნანა კაკაბაძე გახლდათ, ერთ-ერთი ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“. როგორც ხედავთ, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ის საკმაოდ მკაცრად აფასებს ახალი ხელისუფლების მოქმედებას. 26 ივნისს საქართველოში წამების მსხვერპლთა თანადგომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს დეკლარაცია, სახელწოდებით „ერთობლივად -წამების წინააღმდეგ“, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საქართველოში წამების პრაქტიკის აღკვეთისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად.
XS
SM
MD
LG