Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, აჭარაში გამართული არჩევნები და აჭარის ავტონომიის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, აჭარაში გამართული არჩევნები და აჭარის ავტონომიის სტატუსი - გასული კვირის ქართულ პრესაში ამ საკითხებმა მიიქცია ჩვენი ყურადღება.



პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პრესის უყურადღებობა არასდროს უგრძვნია. თუმცა გასულ კვირას ჟურნალისტების განსაკუთრებული ინტერესი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობამ აღძრა. 24-25 ივნისის გაზეთ „ალიას“ ცნობით, პრეზიდენტი სააკაშვილი ავად არის - მას ან ვირუსი შეეყარა, ან მოწამლეს - ასეთია „ალიას“ ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აღარ ჩანს პრეზიდენტი. 25 ივნისის გაზეთ „ხვალინდელი დღის“ ცნობით კი, პრეზიდენტს წითელა შეეყარა. გაზეთი წერს:



ერთი კვირაა, პრეზიდენტი სააკაშვილი ტელეეკრანებიდან გაქრა. აჭარის არჩევნების წინ მან განაცხადა, რომ ოჯახთან ერთად აჭარაში დასვენებას აპირებდა, თუმცა მალე თბილისში დაბრუნდა. მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით უამრავი ვერსია გავრცელდა. ამბობდნენ იმასაც, რომ პრეზიდენტი მოწამლეს.
პრეზიდენტი თბილისშია და ის კანცელარიაში გუშინაც იმყოფებოდა. მას ბრიფინგზე ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, უკანონო ქონების ჩამორთმევასა და სტამბულში დაგეგმილ ნატოს სამიტზე თავისი ვიზიტის შესახებ უნდა ესაუბრა.
„დღის“ ინოფრმაციით, სააკაშვილი ტელეეკრანებზე „საპატიო მიზეზით“ არ ჩანს. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ვირუსით დაავადდა და მაღალი სიცხეები აქვს. როგორც ჩანს, საქართველოს „ბავშვების მთავრობას“, როგორც მას ხშირად უწოდებენ, საყმაწვილო სენი მოეძალა. სანდო წყაროს ცნობით, სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში მეორეა, ვისაც, თავდაცვის მინისტრის გიორგი ბარამიძის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევის თბილისში სტუმრობისას წითელა შეეყარა. ახლა ის სტამბულში დაგეგმილი ვიზიტის წინ გამოშუშებას ცდილობს. სტამბულის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვსაც ეწვევა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდება. სავარაუდოდ, პრეზიდენტების საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა ცხინვალისა და აფხაზეთის პრობლემების მოგვარება იქნება.



„ცხინვალში ღელავენ,“ - წერს 25 ივნისის გაზეთი „24 საათი“, რომლის თქმითაც, შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ულტიმატუმის მიუხედავად, ცხინვალის ხელისუფლება არ ჩქარობს მათ დაკავებას, ვინც ეჭვმიტანილია სამხედრო წრთვნებისას მოხუცი ქალბატონის დაჭრაში. მეტიც - ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ უკვე დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებს. გაზეთი წერს:



თვითგამოცხადებული რეპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ქართულ მხარეს ულტიმატუმების ენით საუბრისგან თავის შეკავებას ურჩევს. როგორც იგი აცხადებს, „ თუ ქართულ მხარეს აქვს გარკვეული სამხედრო ძალა და აღჭურვილობა, მისთვის დასაპირისპირებელი ძალა ოსურ მხარესაც გააჩნია.“ ცხინვალი თბილისს „აგრესიული სიყვარულის“ გამოვლინებისგან თავის შეკავებას ურჩევს. კოკოითის თვალთახედვით, საქართველოს ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისთვის პენსიების თუ სასუქის დარიგება დივერსიის თავისებური გამოვლინებაა. შესაბამისად, კოკოითი, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა სახელით, უარს ამბობს ასეთ დახმარებაზე. გარდა ამისა, კოკოითს სხვა პრეტენზიებიც აქვს: მას არ სურს, რომ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართულ სოფლებში ცხინვალის გავლით იარონ. კოკოითს არც ტყვიავის საგუშაგო მოსდის თვალში და მის გაუქმებას მოითხოვს.
საკმაოდ მკვეთრი განცხადებების მიუხედავად, ცხინვალის ხელისუფლება, ამავე დროს, თბილისთან დიალოგზე წასვლის გარკვეულ მცდელობასაც აფიქსირებს. გუშინ კი ცხინვალში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი ლოჩშინინი ჩავიდა. შეხვედრისას გადაწყდა, რომ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა 30 ივნისსა და პირველ ივლისს მოსკოვში ჩატარდება. შერეული კომისიის სხდომა, უკვე მესამე კვირაა, ოსური მხარის ბოიკოტირების გამო არ ჩატარებულა.



კვირის დასაწყისში ქართულმა პრესამ დიდი ყურადღება დაუთმო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამართულ არჩევნებს. გაზეთების შეფასება რადიკალურად განსხვავებულია: თუ ერთთა აზრით, დარღვევების მიუხედავად, არჩევნების შედეგი ლოგიკურია, მეორეთა შეფასებით, არჩევნები აჭარაში სამარცხვინოდ ჩატარდა. „რით ჰგავს ნაციონალური მოძრაობა მოქალაქეთა კავშირს? “ - ამ საკითხს ეძღვნება 21 ივნისის გაზეთ „ მთელი კვირის“ სარედაქციო სვეტი, რომლის ავტორიც ელისო ჩაფიძე ფიქრობს, რომ არსებობს პერსპექტივა, ეს ორი პოლიტიკური ძალა მალე ერთმანეთს ძალიან დაემსგავსოს. ჟურნალისტი წერს:



„ აჭარული არჩევნებისთვის თვალის გადევნებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ “ვარდების რევოლუციის” თაფლობის თვე დასრულდა, რადგან აჭარული არჩევნები არაფრით ჰგავდა დემოკრატიულ წინასაარჩევნო კამპანიას. ხელისუფლებამ ლამის მთელი პარლამენტი ჩაიყვანა აჭარაში იმისთვის, რომ ეს არჩევნები მოეგო. ჩემი აზრით, ეს შეცდომა იყო. გარდა იმისა, რომ ადამიანის ბუნება ყოველთვის დაჩაგრულის მხარესაა და ეს სააკაშვილმა კარგად უნდა იცოდეს, მისი პარტიული სახეების ნახვა რიგითი მოსახლეობის თვალში მას ქულებს ნამდვილად არ უწერს. აქაც, როგორც ყველა მმართველ პარტიაში, ბევრი მედროვე და უინტელექტო ადამიანია მიტმასნილი, რომ აღარაფერი ვთქვათ ფულისა და კარიერის მკეთებელთა უზარმაზარ არმიაზე.
ერთადერთი ადამიანი, რომელიც აჭარული მმართველებიდან საზოგადოებაში სიმპათიებს იწვევს, ლევან ვარშალომიძეა - ნაკლები საუბრითა და მეტი საქმის კეთებით გამორჩეული ადამიანი. რაც შეეხება კობა ხაბაზს, მასზე იმაზე უკეთესს ვერაფერს ვიტყვით, რაც დავით ბერძენიშვილმა თქვა: მან პატიოსნებაზე ტესტი ვერ ჩააბარა. ჩააბარებს თუ არა ტესტს პატიოსნებაზე ზოგადად ნაციონალური მოძრაობა, ეს მალე გამოჩნდება, მანამდე კი პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც ძალიან აღიზიანებს, როცა ზვიად გამსახურდიასა და მის ხელისუფლებას შორის პარალელებს არაკომპეტენტურობის გამო ავლებენ, შევახსენებთ, რომ გამსახურდია სწორედ ასეთმა მედროვეებმა დაღუპეს. რომლებიც ძალიან მალე შევარდნაძის გარემოცვაში აღმოჩნდნენ. საქართველოს გულშემატკივრებს კი ძალიან არ სურთ, უკანასკნელი შანსი გაუშვან ხელიდან, რომ ნაციონალური მოძრაობა მოქალაქეთა კავშირს დაემსგავსოს და აჭარული არჩევნები - ანდა თბილისური არჩევნები -ერთპარტიული გამარჯვებითა და ცემა-ტყეპით დასრულდეს.“


შეგახსენებთ: ეს გახლდათ ნაწყვეტი გაზეთ „მთელი კვირის“ სარედაქციო წერილიდან. და კვლავ აჭარის თემა. „აჭარის ავტონომია სუსტდება,“ - წერს 26 ივნისის „მთავარი გაზეთი“, რომლის თქმითაც, პარლამენტში განსახილველად შეტანილი კანონპროექტის ავტორების აზრით, აჭარაში ავტონომია არ უნდა გაუქმდეს, მაგრამ ის არც ისეთი უფლებების მქონე უნდა იყოს, რომ საქართველოს მთლიანობას დაემუქროს რამე. გაზეთი წერს:


„ეს არის ავტონომიის ქართული მოდელი, რომელიც მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა. ჩვენ მას მხარს ვუჭერთ,“ - განაცხადა აჭარის მოქმედი კონსტიტუციისა და წარსულში „აღორძინების“ წევრმა ვალერი გელბახიანმა. სხვათა შორის, კანონპროექტის განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებს - ვახტანგ აბაშიძეს და ოთარ ღორჯომელაძეს. მოსაზრება არ გამოუთქვამს არც თამაზ დიასამიძეს, თუმცა, როგორც ამბობენ, მას არც ავტონომიის სტატუსის შესახებ კანონპროექტი მოსწონს და არც აჭარის ამჟამინდელი ხელისუფლება.
საინტერესო გახლდათ რესპუბლიკელებისა და ოპოზიციაში გადასული ზვიად ძიძიგურის გამოსვლებიც. ძიძიგური ავტონომიის გაუქმებასა და ამ თემაზე პლებისციტის გამართვას უჭერს მხარს, დავითაშვილის მსგავსად. ივლიანე ხაინდრავას მოსაზრება კი მკვეთრად უარყოფითი გახლავთ. მისი თქმით:


„ის კრიტიკას ვერ უძლებს, სამართლებრივი კუთხით. ეს კანონი დააბრკოლებს დემოკრატიის, დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების პროცესს. აჭარაში შემოდის პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა. თუკი ეს ასეა საჭირო, მაშინ ვუთხრათ ხალხს და ნუღარ მოვატყუებთ, თითქოს აჭარაში ავტონომია იქნება შენარჩუნებული. კანონპროექტი მთლიანად შიშსა და უნდობლობაზეა აგებული. ჩვენ არ ვენდობით იმ ხალხს, ვინც რევოლუცია მოახდინა აჭარაში,” - განაცხადა ხაინდრავამ.

დებატები, რომლებიც 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, საბოლოოდ მაინც მშვიდად დასრულდა და პარლამენტმა გუშინ აჭარის ავტონომიის სტატუსის შესახებ კანონი 173 ხმით 9-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG