Accessibility links

logo-print

ნაიტის ფონდის სოციოლოგიური გამოკვლევის თანახმად


ნაიტის ფონდის სოციოლოგიური გამოკვლევის თანახმად,

ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 60 პროცენტი სიამოვნებით უსმენს კლასიკურ მუსიკას სახლში, მუსიკალურ ცენტრებზე და ავტომანქანაში, მაგრამ გამოკითხულთა მხოლოდ 5 პროცენტი ესწრება სიმფონიური მუსიკის კონცერტებს და დადის ოპერაში. სოციოლოგები ამტკიცებენ, რომ ასეთივეა ამერიკელთა დამოკიდებულება ჯაზის მიმართ. ჯაზური მუსიკა ბევრს უყვარს, მაგრამ ჯაზური მუსიკის კონცერტებისთვის ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობა იშვიათად იცლის. საქართველოში, როგორც ჩანს, ყველაფერი პირიქით ხდება. “ისთერ პრომოუშენის” მიერ ორგანიზებულ ჯაზის ფესტივალებზე მოხვედრა ყველას უნდა, მათ შორის იმასაც, ვინც მაინცდამაინც ვერ ერკვევა ჯაზის ნიუანსებში. მით უმეტეს, რომ თბილისის ჯაზის ფესტივალის პროგრამები არასდროსაა ერთფეროვანი. ეროვნულ შოუ-ბიზნესში “ისთერ პრომოუშენს” ერთი რამ ნამდვილად გამოარჩევს: ამ კომპანიის წარმომადგენლები ყველანაირ მუსიკას - ოღონდ ყველანაირ კარგ მუსიკას - უწევენ პროპაგანდას და კვლავაც ახერხებენ სახელგანთქმული მუსიკოსების ჩამოყვანას თბილისში.

ერთადერთი პრეტენზია, რომელსაც ქართული საზოგადოება თბილისის ჯაზის ფესტივალის მისამართით გამოთქვამს ხოლმე - ბილეთების სიძვირეა. თუმცა კომპანიის ხელმძღვანელები, რომელთაც “საქართველოს ბანკის” სახით წელს უკვე ძლიერი სპონსორიც ჰყავთ, მაინც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გამართულ ფესტივალებთან შედარებით, თბილისის ჯაზის ფესტივალის კონცერტებზე ბილეთები გაცილებით უფრო იაფია. ჯორჯ ბენსონის კონცერტზე კიევში ბილეთი თურმე 400 დოლარი ღირდა, თბილისში კი ამავე მუსიკოსის მოსმენის სიამოვნება 50 დოლარი დაგიჯდებოდათ. ბენსონი, როგორც ცნობილია, თბილისში არ ჩამოვიდა. ოღონდ არა იმიტომ, რომ იაფი ბილეთების გამო “ისთერ პრომოუშენმა” საკმარისი ჰონორარი არ გადაუხადა. ბენსონის გასტროლები უხეირო მენეჯმენტმა ჩაშალა.

ქართველი “შოუ-ბიზნესმენები” გამოცდილებაზე სწავლობენ კიდეც. წელს თბილისის ჯაზფესტივალი, რომელიც 26 ივნისს გაიხსნა, როგორც ჩანს, უკეთ იქნება ორგანიზებული. ჯაზის მოყვარულები წუწუნებენ, რომ არა აქვთ 90-100 ლარი ჯონ მაკლაფლინის, მაიკლ ფრენქსის, ბობი მაქფერენის, კრის ბოტის კონცერტებზე მოსახვედრად, რომ თბილისი არც კიევია, არც მოსკოვი და, მით უმეტეს, არც პარიზი, კარგი მუსიკის მოყვარულს ასეთი თანხის გადახდის საშუალება რომ ჰქონდეს ერთ კონცერტზე დასასწრებად, რომ თბილისის ჯაზფესტივალი ისევ “ახალი ქართველებისა” და პოლიტიკური ისტებლიშმენტის გართობის საშუალება ხდება (გაგახსენებთ, რომ წლევანდელი ფესტივალი საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის, პატრონაჟით იმართება)… მაგრამ რამდენიც უნდა იწუწუნონ ჯიბეგაფხეკილმა ჯაზმენებმა, რომელთა უმრავლესობა ოჯახს დღეს თბილისის რესტორნებში დაკვრით არჩენს, წინასწარ შეიძლება იმის თქმა, რომ თბილისის მერვე ჯაზფესტივალზე დარბაზები ბოლომდე შეივსება. სხვა საქმეა, როგორ მოიქცევა პუბლიკა თანამედროვე ჯაზის ვარსკვლავების კონცერტებზე.

აი, მაგალითად, ათი გრემის მფლობელი ბობი მაქფერენი ავიღოთ. მისი კონცერტი თბილისში 29 ივნისისთვისაა დაგეგმილი. რა თქმა უნდა, მისი თბილისელი ფანატები სახელგანთქმული ჰიტის - Don`t Worry, Be Happy» -ის - მოსასმენად გაემართებიან.

[მუსიკა]

მაგრამ ნურას უკაცრავად. ბობი მაქფერენი ათი წელია აღარ მღერის თავის ”ოქროს შლიაგერს”. ამბობს, რომ ეს სიმღერა “ნუ ღელავ, იყავი ბედნიერი” ძალიან მობეზრდა და ძალიან ღიზიანდება, როცა პუბლიკა ყველა კონცერტზე მოითხოვს იმღეროს სწორედ ეს ჰიტი. თავის ამ სიმღერას, რომელიც შემთხვევით შექმნა, მას შემდეგ, რაც მანჰეტენზე ყური მოკრა, როგორ იმეორებდა ვიღაც ამ ფრაზას, შემოქმედებით მიღწევად იგი სულაც არ მიიჩნევს. “პროდიუსერებს უნდოდათ ეს ჰიტი სიკვდილამდე მემღერა, მაგრამ მე უარი ვთქვი,” - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში მაქფერენმა, რომელიც, სხვათა შორის, პროკოფიევის, ბრამსის, ჩაიკოვსკის თაყვანისმცემელია.
მისი ხმა ოთხ ოქტავას სწვდება და შეუძლია განასახიეროს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც დღესდღეობით არსებობს დედამიწაზე. ერთხელ ვენის ფილარმონიის ორკესტრის დირიჟორის როლშიც კი მოგვევლინა. ამბობენ, რომ პეტერბურგში მოგზაურობის დროს იგი ქართულ რესტორანში წაიყვანეს, სადაც აღფრთოვანდა ანსამბლ “ორერას” რეპერტუარით. კონცერტების პროგრამას წინასწარ არ გეგმავს, სცენის ბატონ-პატრონი თვითონაა, ამიტომ მღერის ყველაფერს, რაც თავში მოუვა.

და მაინც, თბილისის მერვე ჯაზფესტივალის ყველაზე პატივსაცემი სტუმარი, ალბათ, ჯონ მაკლაფლინია, თავისი ანსამბლით “შაქტი”.
სანსკრიტზე “შაქტი” ენერგიას ნიშნავს. უფრო სწორად, “შაქტი” ქალის სახით წარმოჩენილი ღვთაებრივი ენერგიაა. თუ უძველესი მისტიკური ტრაქტატების გაცნობისთვის დრო არა გაქვთ, შეგიძლიათ მოუსმინოთ მაკლაფლინის ამ ახალ ალბომს - გარწმუნებთ, აუცილებლად ჩასწვდებით აღმოსავლური ფილოსოფიისა და რელიგიის ნიუანსებს. გაგახსენებთ, რომ 62 წლის მუსიკოსს, რომელიც თავის დროზე მაილს დევისთან ერთად უკრავდა და რომელიც დიდი ხანია გატაცებულია აღმოსავლურ მისტიკით, მეორე სახელიც აქვს - მაჰავიშნუ. ანსამბლი “შაქტი” ჯრ კიდევ 1975 წელს ჩამოყალიბდა, მას შემდეგ, რაც მაკლაფლინი კარლოს სანტანას დაშორდა. მაგრამ 1975 წელს ანსამბლი დაიშალა, მაკლაფლინი ისევ დაუახლოვდა მაილს დევისს. 1997 წელს ჯაზის მოყვარულებისათვის სრულიად მოულოდნელი იყო “შაქტის” აღორძინება. ბრწყინვალე გიტარისტმა, ჯონ მაკლაფლინმა ინდური მუსიკისა და კლასიკური ჯაზის სინთეზის წარმოუდგენელ ეფექტს მიაღწია. მაკლაფლინის ექსპერიმენტებმა, განსხვავებული ეთნიკური ჰარმონიების, ჯაზური იმპროვიზაციისა და ელექტრონული ჟღერადობის გაერთიანების თვალსაზრისით, მისი შემოქმედება მეოცე საუკუნის მუსიკალური კულტურის ერთ-ერთ მიღწევად აქცია.

[მუსიკა]

“ჭეშმარიტება სილამაზის გარეშე ატომურ ბომბს ჰგავს,” - აღნიშნა ერთხელ მაკლაფლინმა. “ლამაზ მუსიკას” ეტრფის თბილისის ჯაზფესტივალის კიდევ ერთი სტუმარი კრის ბოტი, რომელიც 29 ივნისს გამართავს კონცერტს. თუმცა სილამაზე და მუსიკა მას ცოტა სხვანაირად ესმის. იგი უფრო პოპულარულია ევროპაში, ვიდრე შეერთებულ შტატებში, რასაც ხელი შეუწყო სტინგთან მისმა თანამშრომლობამაც. ბოტი საყვირზე უკრავს და საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური მიმართულების, “ბრიტანული ჯაზის”, წარმომადგენლად ითვლება.
[მუსიკა]

ჯაზის ფანატიკოსებს ზოგჯერ არ მოსწონთ, რომ კრის ბოტი ნელ-ნელა შორდება ეგრეთ წოდებულ “სმუფ-ჯაზს” პოპ-მუსიკის მიმართულებით, რომ მისი რომანტიკული ბალადები მეტისმეტად ტკბილია, რომ იგი ცდილობს კიტჩად აქციოს სახელგანთქმული ჯაზური კომპოზიციები. თუმცა ფირფიტების ჩამწერი ფირმის, “კოლამბიის”, მესვეურები, რომლებთანაც კრის ბოტი მჭიდროდ თანამშრომლობს, ამტკიცებენ, რომ პოპ-მუსიკისა და კლასიკური ჯაზის სინთეზი ჯაზის პროპაგანდის საუკეთესო საშუალებაა.

ჯაზის პროპაგანდის საუკეთესო საშუალებაა ის სტილიც, რომელიც ჯაზფესტივალის კიდევ ერთმა სახელოვანმა სტუმარმა გიტარისტმა, ჯაზური ბალადების შემსრულებელმა მაიკლ ფრენქსმა აირჩია. ესაა პოპ-ჯაზი, რომელიც განსაკუთრებით დიდ აუდიტორიას აგროვებს. შემთხვევით არაა, რომ, სხვა მუსიკოსებისგან განსხვავებით, ფრენქსი თბილისში ორ კონცერტს გამართავს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზსა და აჭარა მიუზიკ-ჰოლში, ე.ი. იქ, სადაც ქართველ თინეიჯერებს უყვართ სიარული. ჩვენი მიმოხილვა გვინდა სწორედ მაიკლ ფრენქსის ერთი კომპოზიციით დავასრულოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველ თინეიჯერთა წრეებში მხოლოდ მომავალი “ახალი ქართველები” და პოლიტიკური ისტებლიშმენტის მომავალი წარმომადგენლები არ არიან. მათ შორის ბევრია ისეთი, ვინც თავის ცხოვრებას ჭეშმარიტ ჯაზს დაუკავშირებს, მომავლის ჯაზს.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG