Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლების დინამიზმი და აქტივობა


დავით პაიჭაძე,თბილისი საქართველოს ხელისუფლების დინამიზმი და აქტივობა

ყოველ სამუშაო კვირას მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით ტვირთავს ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ გასული კვირის დასაწყისიდან დღემდე გაისმის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ექო. ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებაში ეჭვი არავის შეჰპარვია. ეჭვი გააჩინა ნაციონალური მოძრაობის ქცევამ აჭარაში.

თავად პრეზიდენტის პარტიის წევრებს, არჩევნების წარმმართველ ფიგურებს, თავი ისე ეჭირათ, თითქოს მათდამი არსებული ყველა პრეტენზია უსაფუძვლო იყო. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი არჩევნების შემდეგ რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში აცხადებდა:

[არველაძის ხმა] “აჭარის მოსახლეობამ, პირველად მთელი არსებობის მანძილზე, აირჩია საკუთარი ხელისუფლება. აჭარაში პირველად ჩატარდა დემოკრატიული ადგილობრივი არჩევნები. მართლაც, გასაოცარი იყო მოსახლეობის აქტივობა, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა. ამისთვის დიდი მადლობა აჭარის მთელ მოსახლეობას. თუ შეიძლება ლაპარაკი გამარჯვებულებზე, მოსახლეობა უკვე გამარჯვებულია. დღეს შედეგი არ არის მთავარი. დღეს მთავარია, რა არჩევანი გააკეთა საზოგადოებამ.”

სხვა მიმართება ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის ერთადერთ ოპონენტს აჭარის არჩევნებში და მის აქამდელ პარტნიორს - რესპუბლიკურ პარტიას. რესპუბლიკელები კრიტიკულად აფასებდნენ ნაციონალური მოძრაობის ქმედებებს საარჩევნო პერიოდში:

[ზოიძის ხმა] “დარბევებისა და ავტომატით დევნის გარდა, ყველა იმ მეთოდს იყენებენ, რომელსაც აბაშიძის ხელისუფლება იყენებდა. ესაა, მაგალითად, ამომრჩევლის მოსყიდვა. ხულოს რაიონში თითო სოფელში შეჰქონდათ 2-3 ტონა დიზელის საწვავი, შეჰქონდათ ფქვილი, არიგებდნენ პენსიებს და ა.შ. ეს ყველაფერი საღდებოდა ხელისუფლების საჩუქრად და ხელისუფლებაში იგულისხმება საარჩევნო სუბიექტი ნაციონალური მოძრაობა. ცდილობენ ჩვენი კანდიდატების მოსყიდვას. მაგალითად, ხულოს ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში ჩვენს კანდიდატს, ვახტანგ აბულაძეს, ხულოს გამგებლის მოადგილის ძმამ 5 ათასი დოლარი შესთავაზა არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ. ფული პირდაპირ ოჯახში მიუტანეს. რა თქმა უნდა, ის კაცი სახლიდან გააგდეს.”

რესპუბლიკელი ოთარ ზოიძის ამ მტკიცებას მალე მოჰყვა რესპუბლიკური პარტიის წევრთა დადანაშაულება არჩევნების დღეს ხელვაჩაურის რაიონში ნაციონალთა საარჩევნო შტაბის უფროსის ლადო ვარძელაშვილის ცემაში.

[არველაძის ხმა] “სოფელ ახალშენის მე-10 საარჩევნო უბანზე განხორციელდა თავდასხმა მას შემდეგ, რაც დაიკეტა უბანი, დაიწყო ხმების დათვლა და გამოჩნდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა აბსოლუტური უპირატესობა. ამ უბანზე შეცვივდნენ ადამიანები, დაარბიეს მთელი უბანი და ეს ადამიანები იყვნენ რესპუბლიკელები. ნაცემია ჩვენი პარტიის ხელვაჩაურის რაიონის შტაბის უფროსი, სასტიკად ნაცემები არიან ჩვენი აქტივისტები. ეს სცილდება ყველანაირ ადამიანურ, პოლიტიკურ და ზნეობრივ ფარგლებს. ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს კატეგორიული რეაქცია სამართალდამცავთა მხრიდან.”

არჩევნების შემდეგ, როცა გამოცხადდა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უმაღლეს საბჭოში 28 ადგილი დაიმკვიდრა, ხოლო რესპუბლიკურმა პარტიამ - 2, გიორგი არველაძის ამ სიტყვებს არ მოჰყოლია სამართალდამცავი სამსახურების რეაგირება. უცნობია, გამარჯვებულებმა შეუნდეს დამარცხებულ ყოფილ პარტნიორებს თუ სამართალდამცავებმა ვერ დაადასტურეს რბევისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. საინტერესო იყო, რატომ აღმოჩნდნენ სახელმწიფო მოხელეები - იგივე ლადო ვარძელაშვილი ახალგაზრდობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეა - საარჩევნო ფრონტზე. ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა პასუხი ამ შეკითხვასაც გასცა:

[არველაძის ხმა] “ლადო არის მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე. ის არის ჩვენი პარტიის წევრი. მას სამსახურებრივად ეხება და ყოველთვის შეეხება, დაიცვას საკუთარი პარტიის ინტერესები. უწინარესად ის გათავისუფლდება სახელმწიფო თანამდებობიდან, ვიდრე გათავისუფლდება საკუთარი პარტიული ვალდებულებებისაგან.”

რა გამოავლინა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებმა? უცხოელი დამკვირვებლებისა და გამარჯვებული პარტიის წევრთა აზრით, ეს იყო დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი, ყველა წინა არჩევნებზე გაცილებით უკეთ ჩატარებული არჩევნები. ოღონდ ეგ არის, ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის სადამკვირვებლო მისიის წევრები 20 ივნისის არჩევნებს აჭარაში 3 წლის წინ გამართულ არჩევნებს ადარებდნენ, ხოლო ნაციონალური მოძრაობის წევრები - საქართველოში წელს, 4 იანვარსა და 28 მარტს, ჩატარებულ არჩევნებს.

ბუნებრივია, სხვაგვარად აფასებენ მოვლენებს იმ პარტიაში, რომელიც, არის ალბათობა, მორიგ ოპოზიციურ ჯგუფად ჩამოყალიბდეს პოლიტიკურ სპექტრში, საერთოდ, და პარლამენტში, კერძოდ. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის დავით ბერძენიშვილის ხედვა და შეფასება, კრიტიკული რომ არა ვთქვათ, პესიმისტურია:

[ბერძენიშვილის ხმა] “მე ვფიქრობ, სააკაშვილი არის პოლიტიკური პლურალიზმის წინააღმდეგი. მას სურს სახელმწიფო-ჩინოვნიკური პარტიის შექმნა, დაახლოებით ისეთის, როგორიც აქვს პუტინს. სააკაშვილს მიაჩნია, რომ, რაც არ გამოუვიდა გამსახურდიასა და შევარდნაძეს, გამოუვა მას. ამიტომ პრინციპულად არ უნდა, რომ არსებობდეს ალტერნატივის შესაძლებლობა. მეორე, სააკაშვილის გარემოცვას, როგორც ჩანს, უნდა, რომ გააგრძელოს შევარდნაძე-აბაშიძის სტილი და აჭარის ზღვისპირეთის ყვლეფაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. აქ არის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების აშკარა თანხვედრა. აბაშიძის ნომენკლატურასა და ახალ ქართულ ჩინოვნიკობას შორის მიმდინარეობს ქონების გადანაწილება, იკვეთება კორუმპირებული ჩინოვნიკური წრის ინტერესები და სააკაშვილი თანდათან ხდება თავისი წრის მძევალი. მიხეილ სააკაშვილი - მთელი ქვეყნის მასშტაბით მისი მართვა-გამგეობის სტილი ამაზე მიუთითებს - თანახმაა, ჰყავდეს თავის მიერ კონტროლირებადი, ზომიერად კორუმპირებული ჩინოვნიკური აპარატი. სააკაშვილის სურვილი, ჰყავდეს აჭარის უუფლებო უზენაესი საბჭო, სადაც იქნება ნომენკლატურული კორუფციული მმართველობა, ამის დამადასტურებელია. ამით პრეზიდენტი ამბობს, რომ ნომენკლატურას ექნება ცხოვრების კარგი პირობები, ხოლო რეალური თვითმმართველობა მისთვის საშიშია.”

აჭარაში არჩევნების მომთავრებიდან ხუთი დღის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო კანონი აჭარის ავტონომიის შესახებ. საკანონმდებლო ორგანოში ის შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა წარმოადგინა. ოქრუაშვილის თქმით, კანონის საბოლოოდ მიღების შემდეგ აღარავის გაუჩნდება ხელისუფლების უზურპაციის სურვილი. თუმცა ავტონომიის უფლებათა შეზღუდვას ამ საკითხში ხელისუფლების ოპონენტები თვითმმართველობისა და, საბოლოო ჯამში, დემოკრატიის შეზღუდვად სახავენ. ნათელია, რომ ეს ოპონენტები ისევ რესპუბლიკელები არიან.

გასულ კვირაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ოფიციალურად დაამტკიცეს. ამჯერად ხელისუფლებას არ უმოქმედია უცბად და მოულოდნელად: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე რუსეთში საქართველოს ელჩის კოტე კემულარიას კანდიდატობა, კარგა ხანია, ცნობილი იყო. ვიცოდით ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნული სალომე ზურაბიშვილი უკმაყოფილო იყო რუსეთში საქართველოს ელჩით, თუმცა საჯაროდ მას ეს დამოკიდებულება არასოდეს გამოუხატავს. საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრი, პირად საუბარში და ანონიმურობის გარანტიით, უკმაყოფილებას არ მალავდა კემულარიას კანდიდატურით და წუხდა, რომ საზოგადოება კრიტიკულად არ გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ მის წამოყენებას. საჯარო დისკუსიებსა და დასაბუთებულ კრიტიკას, შესაძლოა, გამოეწვია პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეცვლა. მართლაც, პოლიტიკოსი, ყოფილი ფრაქციის თავმჯდომარე და გამოჩენილი პარტიული მოღვაწე წინა პრეზიდენტებს არ დაუნიშნავთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. თუმცა ამგვარ განწყობილებას დეპუტატებისთვის ხელი არ შეუშლია, კოტე კემულარია ხსენებულ პოსტზე დაემტკიცებინათ.

დრო გადის და საქართველოს ხელისუფლებას, ჩანს, სულ უფრო უკეთ უგებენ მოქალაქეები, რომელთა რეპუტაცია საზოგადოებას შევარდნაძის დროიდან აეჭვებდა. ასე მაგალითად, ექს-პრეზიდენტის ძმისშვილმა, ბიზნესმენმა ნუგზარ შევარდნაძემ, გასულ კვირაში სახელმწიფოს სასარგებლოდ უხმაუროდ დათმო კუთვნილი ფირმის, ივერია პლუსის, თექვსმეტსართულიანი შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მახლობლად. სამაგიეროდ, სწორი დასკვნები ბოლომდე ვერ გამოიტანა ასლან აბაშიძის ოჯახმა. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღეს ბათუმში დიანა ასლანის ასულ აბაშიძის ჩასვლას ოჯახის რამდენიმე შეიარაღებული თუ უიარაღო ახლობლის დაპატიმრება მოჰყვა. დაჰკითხეს თავად დიანა აბაშიძეც. მისი მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ცხადი გახდა, რომ გაქცეულ ყოფილ მმართველსა და მის სისხლსა და ხორცს კარგა ხნით ჩაუკლეს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების სურვილი.
XS
SM
MD
LG