Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავი-2-ს გაკოტრებას არ ანებებენ


დავით პაიჭაძე, თბილისი ორიოდე კვირის წინ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2-ის პრეზიდენტმა ეროსი კიწმარიშვილმა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მიმართა კომპანიის გაკოტრების საქმის აღსაძვრელად.

28 ივნისს ამავე სასამართლომ გადაწყვიტა, შეაჩეროს რუსთავი-2-ის გაკოტრების საქმის წარმოება. სასამართლოს განჩინებას საფუძვლად მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის თხოვნა დაედო. შევეცდები დავაზუსტო საქმის რამდენიმე დეტალი.

რუსთავი-2-ს ოთხ-ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ვალი მართებს სახელმწიფოსი. კერძო კრედიტორების დავალიანება უცნობია. დაახლოებით სამი წლის წინათ, რუსთავი-2-ის ოფისში სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლები სწორედ ფინანსური დოკუმენტაციის შესამოწმებლად შედიოდნენ. შედეგად, ყველაფერი კინაღამ რევოლუციით დამთავრდა. დღეს რევოლუცია უკვე მომხდარია. ხელისუფლება აცხადებს, რომ უშეღავათოდ მოეკიდება ყველას, ვინც სახელმწიფოს კუთვნილ ფულს დაუმალავს. რუსთავი-2-ის ხელმძღვანელი სახელმწიფოს ასწრებს და თავად მოითხოვს კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის დაწყებას.

[ეროსი კიწმარიშვილის ხმა] “ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს არის ერთადერთი ლეგალური გამოსავალი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მე ვფიქრობ, ჩვენი კომპანია იმსახურებს, არ ჰქონდეს გარკვეული არადეკლარირებული, დაფარული შემოსავლები. ბოლო პერიოდში ფინანსური მდგომარეობის ანალიზის შემდეგ მე მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ საჭიროა სანაციის პროცედურის დაწყება. ამ მიზნით მივმართე სასამართლოს.”

ხელისუფლება მასმედიის მიმართ ძველი შეცდომების გამეორებას თითქოს არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, რუსთავი-2-ს არ ერჩის, რაც დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტმაც:

[სააკაშვილის ხმა] “რამდენადაც მესმის, მას აქვს კერძო ვალები და სახელმწიფოს ვალი. კერძო ვალებზე პასუხს ვერ ვაგებ, მაგრამ სახელმწიფო ვალზე კი მოგახსენებთ: ამის გამო რუსთავი-2 და, საერთოდ, არც ერთი ტელევიზია საქართველოში არ გაკოტრდება. მე ამას არ დავუშვებ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი გადავადების, ნებისმიერი რესტრუქტურიზაციისათვის, რათა სახელმწიფო ვალი ვერც ერთ ტელევიზიას ვერ შეეხოს. ამას გპირდებით ნამდვილად.”

მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება ადეკვატურად გაიგეს ფინანსთა სამინისტროში. სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის უფროსმა ილია კალანდაძემ კერძო საჩივარი შეიტანა ვაკე-საბურთალოს სასამართლოში და რუსთავი-2-ის გაკოტრების საქმის შეწყვეტა ითხოვა. მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია აცხადებდა, რომ ახლა რუსთავი-2-ს არა აქვს საკმარისი თანხა დავალიანების დასაფარად. ამავე დროს, ვითარცა სახელმწიფო და, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესების დამცველი უწყება, მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია შენიშნავდა, რომ გაკოტრების საქმის აღძვრისა და წარმართვის შემთხვევაში სახელმწიფო ტელეკომპანიისგან ვერ დაიბრუნებდა კუთვნილ ვალს. ესეც არ იყოს, საქართველოში გაკოტრების საქმე ძალიან იშვიათად თუ აღიძვრის და, გაკოტრების კანონის კარგად მცოდნე იურისტების აზრით, ეს ხანგრძლივი პროცედურაა, რომელმაც შეიძლება წლების მანძილზე გასტანოს. პრეზიდენტის სიტყვებში გახმიანებულ რესტრუქტურიზაციის იდეას მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია განახორციელებს. ფინანსთა სამინისტროში არსებული სპეციალური კომისია რუსთავი-2-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შედეგად დაადგენს, რა თანხით მოხდება სახელმწიფოს მიმართ კომპანიის ვალის რესტრუქტურიზაცია, მდაბიურად რომ ვთქვათ, შემცირება, და, არსებითად, დაეხმარება მას გახდეს გადახდისუნარიანი. რუსთავი-2-ის პრეზიდენტის, ეროსი კიწმარიშვილის, გათვლა ამ შემთხვევაშიც წარმატებული გამოდგა: გაკოტრების საქმე როდის დასრულდებოდა, არავინ იცის, ახლა კი მისმა სვლამ აიძულა სახელმწიფო, დახმარებოდა რუსთავი-2-ს.
XS
SM
MD
LG