Accessibility links

წინასწარ პატიმრობაში მყოფი ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა


ორ კვირაზე ოდნავ მეტი რჩება ყოფილი ენერგეტიკის მინისტრისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის დავით მირცხულავას ექვსთვიანი

წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე. ამ არცთუ ხანმოკლე წინასწარი პატიმრობის მანძილზე მირცხულავას გამომძიებელი პროკურორი მხოლოდ ერთხელ, ახლახან, შეხვდა და, დაკითხვის ნაცვლად, პირდაპირ გამოძიების შედეგები გააცნო და ბრალიც წაუყენა. რას აბრალებენ შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელ მთავარ ენერგეტიკოსს, რომელმაც პატიმრობის დროს ორი ოპერაცია გადაიტანა?

დავით მირცხულავა კორუფციაში დადანაშაულებული ის ერთადერთი ყოფილი ჩინოვნიკია, რომელმაც დაკავების შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. ყველა სხვა ჩინოვნიკმა ასიათასებისა თუ მილიონების გადახდით ციხეს თავი ისე დააღწია, რომ საქმე სასამართლომდეც კი არ მისულა.

ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, მირცხულავა მართლაც კორუმპირებულია თუ არა. ერთი კი ცხადია, რომ მისი პატიმრობის დროს უამრავი პროცესუალური ნორმა დაირღვა და პატიმრობაში მყოფი ყოფილი მინისტრის ჯანმრთელობაც უკიდურესად გაუარესდა. მირცხულავამ 2 ქირურგიულ ოპერაციასთან ერთად ეგრეთ წოდებული კლინიკური სიკვდილიც გადაიტანა. თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი მაინც საპყრობილეში ჯანმრთელი ადამიანისთვისაც შეუფერებელ პირობებში იმყოფება. ამ ფაქტით აღშფოთებას ვერ მალავს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე:

[ელენე თევდორაძის ხმა] ”აღშფოთებული ვარ იმით, რომ ეს ავადმყოფი კაცი გადაყვანილია იზოლატორში. მე ეს გაზეთში წავიკითხე. აუცილებლად უნდა მივიდე და გავიგო, რაშია საქმე, რა აუცილებლობა იყო მისი გადაყვანა მეშვიდე საპყრობილეში, იქ, სადაც საშინელი სინესტეა და ასე შემდეგ.”

დავით მირცხულავა 28 ივნისს უნდა გადაეყვანათ საპყრობილიდან ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თუმცა მირცხულავას ადვოკატი ციხიდან გაწბილებული გამოვიდა. მირცხულავა ჯერჯერობით ისევ ციხეში რჩება.

აი, რა უთხრა ელენე თევდორაძეს ყოფილმა ენერგეტიკის მინისტრმა მის მიმართ წაყენებული ბრალდებების შესახებ:

[ელენე თევდორაძის ხმა] ”ის არავითარ შემთხვევაში არ აგებს პასუხს იმაზე, რაც იყო გაკეთებული მანამდე და რაც მან მიიღო მემკვიდრეობით, სადაც არაფრის გასწორება არ შეიძლებოდა, აი, როგორც მან მე მითხრა. და ასეთი ფრაზაც კი მითხრა, რომ ჩემი მშობლები 37 წლის მსხვერპლნი იყვნენ. ალბათ, ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა და მეც უნდა ვიყო მსხვერპლი ამ სიტუაციისო.”(სტილი დაცულია)

ლაპარაკია დოკუმენტზე, რომელზეც ხელმოწერას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებად უთვლიან ყოფილ ენერგეტიკის მინისტრს. მირცხულავას ადვოკატის ეკა ბესელიას განცხადებით, ყოფილ ენერგეტიკის მინისტრს იმას ედავებიან, რომ ხსენებული ხელშეკრულებით გადახდილმა თანხამ ადრესატამდე არ მიაღწია.

[ეკა ბესელიას ხმა]

ამ დანაშაულში მირცხულავას როლს უფრო ზუსტად სასამართლო გამოკვეთს. ხოლო რაც შეეხება თავად ყოფილი მინისტრის საქმის გამოძიებისას დაშვებულ პროცესუალურ დარღვევებს, მათზე დავით მირცხულავას მხარემ უკვე მიმართა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც სარჩელი განსახილველად მიიღო, რაც, იურისტების განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ ქართული სამართალდამცავი სისტემის მიმართ კორუფციაში ბრალდებული მინისტრის პრეტენზიები უსაფუძვლო არ არის.
XS
SM
MD
LG