Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჩამოვიდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი 30 ივნისიდან საქართველოში თავის ხუთდღიან ვიზიტს იწყებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იერუნ კრემერსი,

რომელიც ფონდში რამდენიმე ქვეყანას - მათ შორის, საქართველოსაც - წარმოადგენს და ერთგვარ ლობისტადაა მიჩნეული. სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის პროგრამის აღდგენის შემდეგ კრემერსის სტუმრობა იქნება ფონდის წარმომადგენლის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომლის შესახებაც მინდა გესაუბროთ.

იერუნ კრემერსი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც თბილისში ფონდის პროგრამის აღდგენისა და ამ პროგრამით გათვალისწინებული პირველი ტრანშის ჩარიცხვის შემდეგ ჩამოვიდა. მანამდე, 2004 წლის 21 ივნისს, საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის” პროგრამით გათვალისწინებული პირველი ტრანში, 14 მლნ SDR, ანუ, დაახლოებით, 21 მლნ აშშ დოლარი, ჩაირიცხა.

ვაშინგტონში გამართულმა ფონდის დირექტორთა საბჭომ, სამწლიანი შესვენების შემდეგ, საქართველოს მიმართ პროგრამის აღდგენის გადაწყვეტილება მას მერე გამოიტანა, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან ვალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე პრეტენზიების უქონლობის შესახებ ოფიციალური დასტური მიიღო. ამ ოფიციალურ დასტურს წინ დაძაბული პერიპეტიები უძღოდა, რაც, თავის მხრივ, რუსეთის ”ვნეშეკონომბანკში” საქართველოს მოქალაქეების კუთვნილ ანგარიშებზე მთავრობის მხრიდან პრეტენზიების მოხსნას უკავშირდებოდა. საბოლოოდ, ”სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამა” განახლდა. საქართველოს ხელისუფლებისათვის გამოგზავნილ წერილში სსფ-ის დირექტორ-განმკარგულებელი როდრიგო დე რატო მიესალმა დირექტორთა საბჭოს 4 ივნისის გადაწყვეტილებას აღადგინოს საქართველოში პროგრამა, რომელიც მთავრობის ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამად უნდა იქცეს 2004-2006 წლებში.

ვიზიტამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის მთავრობის მისამართით გამოგზავნილ წერილში სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი იერუნ კრემერსი პროგრამის აღდგენასა და საქართველოსა და სავალუტო ფონდის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი შეფასებით, პროგრამა საფუძველს შეუქმნის ეკონომიკის კერძო სექტორის განვითარებასა და სტრუქტურული რეფორმების დაჩქარებას.

აღმასრულებელი დირექტორი განსაკუთრებით გამოყოფს დაბალი ინფლაციის, საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების და, მთლიანობაში, ჯანსაღი საბანკო სისტემის როლს ქვეყნის ეკონომიკისათვის. დირექტორები ასევე აღნიშნავენ ფისკალური კონსოლიდაციის პირობებში გონივრული მონეტარული პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობას და მცურავი გაცვლითი კურსის მართვას.

თავად „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის” პროგრამა სამ წელზეა გათვლილი და, საერთო ჯამში, დაახლოებით, 144 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თანხა მთლიანად ეროვნული ბანკის ანგარიშზე ჩაირიცხება და საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას და, შესაბამისად, ეროვნული ვალუტის სიმყარის შენარჩუნებას მოხმარდება.
იერუნ კრემერსი, ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. მის სამუშაო შეხვედრებში, სავარაუდოდ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბიუჯეტო საკითხებს. არ არის გამორიცხული, ხელისუფლებასთან ფონდის დირექტორმა საბიუჯეტო პარამეტრების ზრდაზეც ისაუბროს.
XS
SM
MD
LG