Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესა საქართველოში არსებულ კონფლიქტებსა და სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის ბოლოდროინდელი პრესა ისევ და ისევ დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში არსებულ კონფლიქტებს

და, ამის პარალელურად, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პრობლემატიკასაც ეხება. ჟურნალისტები საინტერესო ვარაუდებს გამოთქვამენ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

24 ივნისის გაზეთი “როსია” წერს, რომ “უკანასკნელ ხანებში საქართველოს ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს მთელი რიგი განცხადებებისა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონებში სამშვიდობო ძალთა მანდატის შეცვლის აუცილებლობის შესახებ.”

გაზეთის თქმით, “ამ განცხადებების სინქრონულობა მოწმობს იმას, რომ ცხოვრებაში ხორციელდება გეგმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩამოშორებული ტერიტორიების საქართველოს სახელმწიფოებრიობის წიაღში დასაბრუნებლად.”

გაზეთი “როსია” წერს: “მომავალში საქართველომ შეიძლება მოითხოვოს ამ რაიონში არა მხოლოდ დსთ-ის, არამედ გაეროს სამშვიდობო ძალების შეყვანა. ამდენად, მოხდება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია, რაც, პირველ რიგში, თბილისს აძლევს ხელს. ეს იმიტომ, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ორი თანაბარი მნიშვნელობის ნორმას - სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ერის თვითგამორკვევის უფლებას - შორის, პირველს ანიჭებს უპირატესობას. და თუ უწინ აშშ ერთობ ლოიალურ დამოკიდებულებას ავლენდა ამ კონფლიქტის ზონაში რუსეთის როლის მიმართ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის შეიძლება ამ რაიონით დაინტერესდეს და სააკაშვილს მიწების დაბრუნებაში დაეხმაროს.”

რაც შეეხება კავშირს კონფლიქტებსა და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ბაზების გაყვანას შორის. 29 ივნისის გაზეთი “ნოვიე იზვესტია” წერს, რომ “წინა დღეს სტამბულის ნატოს სამიტზე რუსეთს ასამართლებდნენ.” გაზეთის მიხედვით, რუსეთი დაადანაშაულეს იმაში, რომ ის არ ასრულებს 1999 წლის სტამბულის ეუთოს სამიტზე მიღწულ შეთანხმებას, რომლის თანახმად რუსეთის ჯარებს ჯერ კიდევ 2002 წელს უნდა დაეტოვებინათ საქართველო და მოლდავეთი.

საქართველოსთან დაკავშირებით გაზეთი წერს: “პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჯერჯერობით რუსეთის ხელშეწყობის იმედი აქვს. სავარაუდოდ, თბილისი განიხილავს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნის გახანგრძლივების საკითხს, თუ კრემლი ჯერ სამხრეთ ოსეთს “დათმობს”, შემდეგ კი აფხაზეთს. ქვეყნის საბოლოო გაერთიანებისთვის სააკაშვილმა 5 წელი გამოყო. მოსკოვს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ეს ვადა სამხედრო ბაზებსაც შეეხება. მაგრამ “ამის” სანაცვლოდ მან უნდა დაივიწყოს, რომ საქართველოსგან მოწყვეტილ რეგიონებში, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ (დნესტრისპირეთშიც ისინი საკმაოდ ბევრნი არიან) და ზეგავლენა მოახდინოს არაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებზე, რომლებსაც, სხვათა შორის, რუსეთის პასპორტები აქვთ და, მაშასადამე, მათი პრეზიდენტი პუტინია.”

გაზეთი აღნიშნავს, რომ 30 ივნისს მოსკოვში გაიმართება სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეუთოსა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები. თუმცა, “ნოვიე იზვესტიას” აზრით, რეგიონის ბედი ამ მოლაპარაკებაზე კი არ გადაწყდება, არამედ პუტინისა და სააკაშვილის შეხვედრაზე, რომელიც ივლისის დასაწყისში გაიმართება.
XS
SM
MD
LG