Accessibility links

logo-print

ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი პორტუგალიელი ჟოზე მანუელ დურაო ბაროსო იქნება


ევროკომისიის ახლანდელი პრეზიდენტის,

იტალიელი რომანო პროდის უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს იწურება. ამიტომ ირლანდიამ, რომელიც ამჟამად ევროკავშირს თავმჯდომარეობს, ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე ახალი კანდიდატურა წამოაყენა - პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ჟოზე მანუელ დურაო ბაროსო. ამის შესახებ ჯერ კიდევ კვირას გამოაცხადა ირლანდიის მთავრობის თავმჯდომარემ ბერტი აჰერნმა, რომელმაც იქვე დასძინა, ბაროსოს კანდიდატურას მხარს ევროკავშირის ბევრი ლიდერი უჭერსო. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ არსებობის 50-წლიან ისტორიაში ევროკავშირი ყველაზე რთული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, ჩნდება კითხვა: არის კი პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ის ადამიანი, რომელიც ევროკომისიის გაძღოლას შეძლებს? ამ შეკითხვით დაინტერესდა რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ბრეფნი ო'რურკი, რომლის მასალას ყოველკვირეული პროგრამის, "ახალი ევროპის" რუბრიკით კობა ლიკლიკაძე გაგაცნობთ.

პორტუგალია ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ყველაზე პატარა და ღარიბია, ხოლო მის პრემიერ-მინისტრ ჟოზე მანუელ დურაო ბაროსოს, როგორც მოღვაწეს, საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი პოლიტიკოსები თუ იცნობენ. მაგრამ ნაკლებად ცნობილ 48 წლის პორტუგალიელ იურისტს აღმოაჩნდა ერთი უპირატესობა, რის გამოც ევროკავშირის წევრი 25 ქვეყნის ლიდერთა უმრავლესობა მას მხარს უჭერს. მაშინ, როცა უარი ეთქვათ სხვა უფრო ცნობილ კანდიდატებს – ბელგიის პრემიერ-მინისტრი გი ფერჰოფსტადი აშკარად გამოკვეთილი ანტიამერიკული ორიენტაციის გამო ბრიტანეთმა დაიწუნა, ხოლო ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე, ბრიტანელი ქრის პატენი - კონტინენტურმა სახელმწიფოებმა.

ევროპის პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის მთავარი მიმომხილველის მარკო ინჩერტი, დურაო ბაროსოს კომპრომისულ კანდიდატს უწოდებს. თუმცა ასეთ კომპრომისს სარისკოდ მიიჩნევს.

[მარკო ინჩერტის ხმა] ნს 062843 " ბაროსო, გარკვეული თვალსაზრისით, სათადარიგო, კომპრომისული კანდიდატი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც არჩევნებში მონაწილე ძირითადი მეტოქეები ასპარეზობას ჩამოცილდნენ, არჩევანი კომპრომისულ კანდიდატზე, დურაო ბაროსოზე უნდა შეჩერებულიყო."

მაგრამ ბევრი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ თუ პორტუგალიელს შესაბამისი უნარი აღმოაჩნდება, იგი შეძლებს თავი გაართვას დაკისრებულ პასუხისმგებლობას. მაგრამ საკითხავი სწორედ ისაა, შესწევს თუ არა ამის უნარი დურაო ბაროსოს? რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ბრეფნი ო'რურკის ამ შეკითხვის პასუხად, პორტუგალიის საინფორმაციო სააგენტო ალის პოლიტიკურმა კორესპონდენტმა ნუნიო ვინიამ, ბაროსოს სოლიდურ საერთაშორისო გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება.

[ნუნიო ვინიას ხმა] ნს 062844 "მას ამ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ერთ ხანს მას პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, ჩაბმული იყო როგორც აღმოსავლეთი ტიმორის პრობლემის მოგვარებაში, ისე აფრიკასთან დაკავშირებული არაერთი საკითხის მოწესრიგებაში."

მაგრამ ჟოზე მანუელ დურაო ბაროსოს ევროკომისიის გაძღოლა მეტად რთულ პერიოდში მოუხდება. ეს ის დროა, როცა ბლოკს აღმოსავლეთი ევროპის ათი ახალი წევრი შეემატა, რომელთა სრული ეკონომიკური და ფინანსური ინტეგრაცია, ბევრ სირთულესთან იქნება დაკავშირებული. ამას ემატება დებატები ევროპის ახალი კონსტიტუციის ირგვლივ, რომლის რატიფიკაციისა და პრაქტიკული ხორცშესხმის პროცესი, აზრთა სხვადასხვაობის გამო, უაღრესად რთული იქნება. პოლიტოლოგ მარკო ინჩერტის აზრით ამ პოტენციური ქაოსის მოწესრიგება სწორედ ბაროსოს ამოცანა იქნება.

[მარკო ინჩერტის ხმა] ნს 062845 "მას მოუწევს მუხლჩაუხრელი მუშაობა, რათა აამაღლოს ევროკომისიის რეპუტაცია. წინა კომისია, ძირითადად, საკმაოდ კარგად მუშაობდა და ბევრსაც მაიღწია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში იგი ვერ ახერხებდა საკუთარი წარმატებების საზოგადოების ყურამდე მიტანას. ამ თვალსაზრისით ბატონ რომანო პროდის აშკარად აკლდა ლიდერის თვისებები. ასე რომ, ბატონ ბაროსოს მოუწევს, იყოს კარგი კოორდინატორი, კარგი ლიდერი, ვინაიდან მას ახლა მუშაობა მოუწევს გაფართოებულ ორგანიზმთან, რომელშიც მრავალი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი."

ქაღალდზე დურაო ბაროსოს კვალიფიკაცია საინტერესოდ გამოიყურება. მემარჯვენე ორიენტაციისა და ერთბაშად რამდენიმე ენის მცოდნე იურისტი, თავგამოდებული ევროპელიცაა და, იმავდროულად, შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობის მომხრეც. ბაროსო არც ფედერალისტია და არც ნაციონალისტი, და მუდამ მხარს უჭერს ევროკავშირის მდიდარსა და ღარიბ წევრებს შორის დახმარების სამართლიან განაწილებას. ბაროსო ემხრობოდა შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით წამოწყებულ სამხედრო ოპერაციას ერაყში და დღესაც ნატოს აქტიური მხარდამჭერია.

სამშაბათს ჟოზე მანუელ დურაო ბაროსომ მიიღო წინადადება, ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავოს. "თუ ამ პოსტზე დამამტკიცეს, მთავარ ამოცანად ევროკავშირის საერთაშორისო როლის გაზრდას დავისახავო", განაცხადა ბაროსომ ლისაბონში გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG