Accessibility links

ნატოს სტამბულის კომუნიკეს შეფასება საქართველოში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ნატოს სტამბულის სამიტი დასრულდა, მაგრამ სამიტის მუშაობის შედეგები, ალბათ, დიდხანს დარჩება ყურადღების ცენტრში. მით უფრო, რომ სამიტის მიერ ერთხმად მიღებულ

კომუნიკეში ფორმულირებული რამდენიმე პუნქტის შესრულებაზე დიდად იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები არა მხოლოდ განახლებულ ევროპაში, არამედ დსთ-ს სივრცეშიც. შეგახსენებთ: ნატოს სამიტზე მიღებული კომუნიკეს მიხედვით, სასწრაფოდ უნდა განახლდეს უმაღლესი რანგის მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თარიღის დასადგენად.

შეიძლება ითქვას, რომ ნატოს სტამბულის სამიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად კვლავ მოლდავეთიდან და საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი იქცა. 1999 წლის ეუთოს სტამბულის შეთანხმების ამ მუხლების შესრულებამდე ნატოს წევრი ქვეყნები არ აპირებენ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეზღუდვის შესახებ ადაპტირებული ხელშეკრულების რატიფიკაციას. ეს კი ნიშნავს, რომ უახლოეს ხანში რუსეთის საზღვრებთან ნატოს წევრი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალები მოიყრის თავს.
სტამბულში ყოფნისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აპროტესტებდა დნესტრისპირეთიდან, ახალქალაქიდან და ბათუმიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხის დაკავშირებას ხელშეკრულების რატიფიცირებასთან - მისი განმარტებით, სტამბულის შეთანხმებაში ჯარების გაყვანის კონკრეტული ვადები მითითებული არ არის და ამ ორი საკითხის ერთანეთთან დაკავშირება უადგილოა.
[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] „ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ლავროვი აგრძელებს თავისი წინამორბედების პოლიტიკურ ხაზს და ამტკიცებს იმას, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. მერამდენედ ცდილობენ სასურველის რეალობად გასაღებას.“
ეს ირაკლი მენაღარიშვილია, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც რადიო “თავისუფლებისთვის” ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რომ საქართველოდან და დნესტრისპირეთიდან რუსეთის შეიარაღებული ბაზების გაყვანა ევროპული თანამეგობრობის სახელმწიფოების მიერ პირდაპირ უკავშირდება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეზღუდვის შესახებ ადაპტირებული ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხს:
[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] „ ის, რომ რუსეთ-საქართველოს 1999 წლის ერთობლივი განცხადება გახლავთ განუყოფელი ნაწილი ადაპტირებული შეთანხმებისა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეზღუდვის შესახებ, ლეგალური ჭეშმარიტება გახლდათ უკვე 1999 წელს. ამის შემდეგ იგი არაერთხელ იქნა დადასტურებული ხელშეკრულების მონაწილე ყველა ქვეყნის, ანუ მთელი ეუთოს, მიერ.“
ანუ რუსეთმა და საქართველომ უახლოეს ხანში გარკვეულ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადასთან დაკავშირებით, როგორც ამას 1999 წლის სტამბულის ეუთოს და 2004 წლის სტამბულის ნატოს სამიტები მოითხოვს.
რუსული მხარის ვარაუდით, გამორიცხული არ არის, ივლისის თვეში დაგეგმილ მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრისას გარკვეული ვაჭრობა გაიმართოს - კერძოდ, აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტების მოგვარების სანაცვლოდ, რუსეთმა თავისი სამხედრო ყოფნა გაიხანგძლივოს საქართველოში. ასეთი „ვაჭრობის“ შესაძლებლობას არც ექსპერტი ალექსანდრე რონდელი გამორიცხავს:
[ალექსანდრე რონდელის ხმა] „საერთოდ, პოლიტიკაში არის ერთი რამ მხოლოდ - შენ მე რას მაძლევ და მე შენ რას გაძლევ. თუ ისინი რამეს გვთავაზობენ, ჩვენც რაღაც უნდა შევთავაზოთ. პოლიტიკა ეგ არის - ვაჭრობაა. ვინც უფრო ძლიერია - უფრო მომგებიანი პოზიცია აქვს ვაჭრობისას, ეგ არის და ეგ.“
29 ივლისს სააგენტო „ინტერ-პრესის“ მიერ გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსკოვს 2 ივლისს დსთ-ს კიდევ 4 პრეზიდენტთან ერთად ეწვევა. პრეზიდენტების შეხვედრას არაფორმალური ხასიათი ექნება - დიდ თეატრში სპექტაკლზე დასწრების გარდა, სტუმრები მოსკოვის იპოდრომზე პრეზიდენტ პუტინის პრიზზე „მარულას“ გახსნაში მიიღებენ მონაწილეობას. ინტერ-პრესის ცნობით, დოღის შემდეგ იგეგმება მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის პირისპირ შეხვედრა.
XS
SM
MD
LG