Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელთა ალტერნატივა: ყოფნა-არყოფნა უმრავლესობაში


დავით პაიჭაძე, თბილისი 29 ივნისს უნდა გარკვეულიყო, დატოვებდა თუ არა რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო უმრავლესობას. გადაწყვეტილების მისაღებად პარტიის წევრები სამშაბათის

დილიდან დახურულ კარს მიღმა თათბირობდნენ. ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული დემოკრატების დეპუტაციამ პარლამენტში ცხადად მიანიშნა, რომ იძულებით თავიანთ რიგებს არავის დაატოვებინებენ, მაგრამ ვინც მათ წიაღში დარჩება, გარკვეულ წესებს, პრინციპებსა და დისციპლინას უნდა დამორჩილდეს. მოკლედ, რესპუბლიკელებს არჩევანი დაუტოვეს - თვითონ გადაეწყვიტათ, სად ყოფილიყვნენ. ისინიც მთელი დღე წყვეტდნენ.

პარტიული ცხოვრებისა და ისტორიის მცოდნეებს მოეხსენებათ, რომ რესპუბლიკელებს ნაციონალურ მოძრაობასთან ურთიერთობა აჭარის არჩევნების დროს დაეძაბათ. რესპუბლიკელთა ლიდერის დავით ბერძენიშვილის მწვავე განცხადებებს არ მოჰყოლია უმრავლესობის მწვავე პასუხები: პირიქით, არჩევნების მოგებისა და შედეგების გაფორმების შემდეგ ნაციონალები ამბობდნენ, რომ მიესალმებიან სხვა პარტიის წარმომადგენელთა შესვლას აჭარის უმაღლეს საბჭოში. რესპუბლიკური პარტია, შეიძლება ითქვას, შეჩვეული იყო, რომ პოლიტიკური ოპონენტები მის მიმართ უაღრესად კონფრონტაციულნი იყვნენ ან არაფრად აგდებდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ახერხებდნენ რესპუბლიკელთა არგუმენტების იგნორირებას. დღეს რესპუბლიკური პარტია მისთვის უჩვეულო ვითარებაშია: რაგინდ მართალი იყოს აჭარის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის ქცევის შეფასებისას, გამარჯვებული პარტია უმტკივნეულოდ აღიქვამს რესპუბლიკელთა კრიტიკას. მოსახლეობის მხარდაჭერა აჭარაში და დანარჩენ საქართველოშიც ნაციონალურ მოძრაობას საშუალებას აძლევს, უბრალოდ, არ შეისმინოს არანაირი კონტრარგუმენტი მისი ქმედებისა და გადაწყვეტილებების წინააღმდეგ. რესპუბლიკელებთან ნაციონალური მოძრაობა თითქმის ისევე იქცევა, როგორც კობა დავითაშვილსა და ზვიად ძიძიგურს მოექცა: თუ არ გინდა, წადი. ჩვენ არსად არ გაგდებთ. დიდი დანაკარგი არ იქნები.

რესპუბლიკელებს, ჩანს, ბოლომდე არ ეთმობათ თავიანთი პოზიციები პარლამენტში. ყველაზე ნაკლებ ეს პარტიის ლიდერს დავით ბერძენიშვილს ეხება, რომელიც მოუწყინრად აკეთებდა მწვავე განცხადებებს ნაციონალური მოძრაობისა და პრეზიდენტ სააკაშვილის მისამართით. 5-კაციანი წარმომადგენლობის პირობაზე პარტიას პარლამენტში არცთუ ცუდი პოზიციები აქვს: მისი წევრები ორ საპარლამენტო კომიტეტს თავკაცობენ. აქ შეიძლება სამი ფაქტორი მოქმედებდეს თანაბრად: ცნობილია, რომ ერთ რესპუბლიკელს, რომან გოცირიძეს, არ სურს შეელიოს საგადასახადო და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის სავარძელს. მეორე, ლევან ბერძენიშვილის ყოფნა უთუოდ უფრო სასარგებლო იქნება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ, ვიდრე, მაგალითად, მისი მოადგილის ნოდარ გრიგალაშვილისა; ანუ ე.წ. საქმის ინტერესი, შესაძლოა, პარტიულ ინტერესზე მაღლა დადგეს. მესამე, რესპუბლიკელებს შეუძლიათ მიიჩნიონ, რომ აჭარის არჩევნებში გამოჩნდა ნაციონალური მოძრაობის არა ნამდვილი, არამედ ერთ-ერთი სახე და საკუთარი ხისტი პოზიცია შეარბილონ. თუმცა მათ ასევე ძალუძთ გადაწყვიტონ, რომ პოლიტიკაში მორალური რიგორიზმის მომხრეებად რჩებიან და ვერ დაუდგებიან გვერდით იმას, ვინც დემოკრატიის პრინციპებს შელახავს. ამ დროისთვის რესპუბლიკელებს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
XS
SM
MD
LG