Accessibility links

"ფარენჰაიტი 9/11" აშშ-ის კინოთეატრებში


ფილმს, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ, ზოგი ხოტბას ასხამს აშშ-ის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული, მიჩქმალული ფაქტების გამომზეურებისთვის,

ზოგი კი ულმობლად აკრიტიკებს, როგორც ამერიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას, დეზინფორმაციას. ასეა თუ ისე, დოკუმენტური ფილმი “ფარენჰაიტი 9/11”, რომელსაც უკვე ერთი კვირაა, შეერთებული შტატების კინოეკრანებზე უჩვენებენ, გულგრილს არავის ტოვებს - რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ "ფარენჰაიტი 9/11"-ის ჩვენება ამერიკის ერთდროულად 700 კინოთეატრში დაიწყო. ჩვენების ასეთი მასშტაბი კი დღემდე არც ერთ დოკუმენტურ ფილმს არ ღირსებია... ჯერ მისი მცირე ნაწყვეტი მოისმინეთ, შემდეგ კი ოქროპირ რუხაძე მოგითხრობთ ფილმზე, რომელიც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისთვის, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, შესაძლოა, დამღუპველიც გამოდგეს.

[აუდიონაწყვეტი ფილმიდან "ფარენჰაიტი 9/11"]

დოკუმენტალისტმა მაიკლ მურმა საარქივო მასალას, ინტერვიუებს, კომენტარებს მოუყარა თავი ფილმში, რომელიც ზესახელმწიფოს პრეზიდენტის მართლაც არასახარბიელო პორტრეტს ხატავს - 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებამდე ჯორჯ ბუში ფეხს ითრევს რეაგირებაზე, როცა მას აფრთხილებენ, რომ "ალ-ყაიდის" მხრიდან აგრესიაა მოსალოდნელი - ის ვერ აცნობიერებს საფრთხეს. სხვათა შორის, ბუშს ამავე ბრალდებას უყენებს ბუშისავე ანტიტერორისტული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი რიჩარდ კლარკი.

მაგრამ მაიკლ მურის ფილმში ბრალდებები კომიკური ელემენტითაა “გამდიდრებული”: მური გვაჩვენებს, როგორ აცხადებს ჯორჯ ბუში ჟურნალისტების წინაშე: ტერორი უნდა შევაჩეროთ, ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებ, ყოველი ღონე იხმარონ ტერორისტების ასალაგმადო, და იქვე დასძენს - გმადლობთ. ახლა ამ დარტმას შეხედეთო... საქმე ის არის, რომ იმ მომენტში ბუში გოლფს თამაშობს.
ფილმ "ფარენჰაიტი 9/11"-ის ბირთვი მაინც ერაყის ომია. როგორც მაიკლ მურმა გასულ კვირაში აშშ-ის ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განმარტა, ფილმი ამ ომით ამერიკელების მზარდ უკმაყოფილებას აჩვენებს.

[მაიკლ მურის ხმა] “ამაში დარწმუნდებით, როცა ფილმს ნახავთ: ერაყში ბევრი ჯარისკაცი ამბობს, რომ ილუზიები დაკარგა, რომ უკმაყოფილოა, რომ ომის წინააღმდეგია... აი, ამაზეა ფილმი. მე ფილმი ჩვენს ჯარისკაცებს დავუთმე, რათა მათ პირველად მიმართონ ამერიკელ ხალხს, რათა ამერიკელმა ხალხმა მათი ხმა გაიგოს.”

მაიკლ მური თავის ფილმს, ცხადია, სხვა თემებსაც უთმობს- მაგალითად, ირწმუნება, რომ არსებობს კავშირი ბუშების ოჯახსა და საუდის არაბეთში გავლენიან კლანებს, მათ შორის ოსამა ბინ-ლადენის კლანს შორის.

ჯორჯ ბუშის მომხრეები ამ და, არა მარტო ამ შემთხვევაში, შეთითხნილ ბრალდებებზე ლაპარაკობენ, იქით ადანაშაულებენ მაიკლ მურს - რომ ის არჩევნების წინ პრეზიდენტის დისკრედიტაციას ეწევა და ცდილობენ მიაღწიონ ტელევიზიით ფილმის ჩვენების აკრძალვას. უფრო ზომიერი ოპონენტები რეჟისორს, უბრალოდ, მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ.

მაიკლ მურმა იცის, რომ აზრთა სხვადასხვაობა, დაპირისპირება მისი ფილმის გარშემო, მხოლოდ ხელს უწყობს მისდამი ინტერესის ზრდას.

[მაიკლ მურის ხმა] “მემარჯვენეები ამბობენ, ფილმს არა მარტო არ ვნახავთ, არამედ არც იმას დავუშვებთ, რომ ის სხვებმა ნახონო. ეს იმდენად ანტიამერიკული დამოკიდებულებაა, იმდენად ეწინააღმდეგება იმას, რისიც ამერიკელებს სჯერათ, რომ ფილმს ამით მხოლოდ რეკლამა გაუკეთდა. არ ვიცი როგორ გამოვხატო მათდამი მადლიერება რეკლამისთვის, რომელიც ფილმს გაუკეთეს. იმდენად დიდი იყო სარგებელი, გამიჭირდება მისი დოლარებით შეფასება.”

მაიკლ მურისგან განსხვავებით, სარგებლის დოლარებით შეფასება არ უჭირთ კინოთეატრებს - მაგალითად ნიუ-იორკში. ორმა მსხვილმა კინოთეატრმა კინოფილმ “ფარენჰაიტი 9/11”-ის წინასწარი ჩვენებისას, გასულ კვირაში ათიათასობით დოლარის მოგება ნახა - ეს ორივე კინოთეატრის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელი გახლავთ.
XS
SM
MD
LG