Accessibility links

logo-print

კულტურის გლობალიზაციის სხვა სახე: ჰიბრიდული მუსიკის ფორმები


გასულ შაბათს დაიწყო თბილისის მერვე საერთაშორისო ჯაზფესტივალი, რომელიც გაიხსნა ჯონ მაკლაფლინის ჯგუფით

- ‘შაქტი’. ეს ჯგუფი, რომელსაც ხშირად ინდო-ჯაზის ნაზავად მოიხსენიებენ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც მუსიკალური მიმდინარეობის გლობალურად გავრცელებულ ჟანრს, ‘მსოფლიო მუსიკას’, წარმოადგენს. დღეს სწორედ იმ ტენდენციებზე მინდა მოგითხროთ, კულტურული ჰიბრიდის წარმოშობას რომ უწყობს ხელს; მინდა ვისაუბრო რამდენიმე მიმდინარეობაზე, რომელთა მეშვეობითაც სხვადასხვა კულტურებს შორის მუსიკალური ხიდები გაიდება.

[მუსიკა: ნაწყვეტი კომპოზიციიდან ‘Zakir’]

ეს კომპოზიცია 1997 წელს არის ჩაწერილი. მაშინ ბრიტანელი ჯაზგიტარისტის ჯონ მაკლაფლინის მიერ 1975 წელს დაარსებული ჯგუფის, ‘შაქტის’, წევრთა უმეტესობა კვლავ გაერთიანდა და მსმენელებს ახალი პროექტი – ‘გახსოვდეთ შაქტი’ – წარუდგინა. განახლებულ შაქტის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი განასხვავებდა მისი პირველადი სახისგან. თუ ჯგუფი 70-იან წლებში, ძირითადად, მოკლე აკუსტიკურ კომპოზიციებს ასრულებდა, ამჯერად მის რეპერტუარში გრძელი, მედიტაციური და, პირვანდელ ‘შაქტისთან’ შედარებით, უფრო მეტად ინდურ ტრადიციულ მუსიკაზე ორიენტირებული კომპოზიციები შევიდა; ხოლო თავად მაკლაფლინი, აკუსტიკური გიტარის ნაცვლად, ელექტრონული გიტარით წარდგა მსმენელის წინაშე.

[მუსიკა: ნაწყვეტი კომპოზიციიდან ‘Mukti’]

მაგრამ, ალბათ, საკუთრივ ‘შაქტის’ რეპერტუარის ცვლილებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ტრანსფორმაცია, რომელიც ამ ათწლეულების განმავლობაში მუსიკის აუდიტორიამ განიცადა. თუ 90-იან წლებში უკვე აღარავის აკვირვებდა სხვადასხვა ეთნოსის მუსიკის ელემენტების გამოყენება კომერციულად წარმატებულ მიმდინარეობებში, ‘შაქტის’ დაარსების დროს დასავლური და აღმოსავლური მუსიკის გამიზნული კომბინაცია და ამ ნაზავით მიღებული ახალი ჟღერადობა ჯერ კიდევ იშვიათი და გაბედული ექსპერიმენტი იყო. ეს ექსპერიმენტი, თავის მხრივ, იმ დროის მძლავრი სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების ფონზე მიმდინარეობდა, რამაც დასავლეთში კოლონიზაციის იდეის მწვავე კრიტიკა მოიტანა და მრავალფეროვანი, მულტიკულტურული საზოგადოების იდეა დაამკვიდრა. ამდენად, ‘შაქტით’ განხორციელებული დასავლური და ინდური მუსიკალური ტრადიციების ნაზავი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილის მატარებელიც იყო, ახდენდა რა იმ ახლებური და უჩვეულო ჰარმონიის მანიფესტაციას, რომელიც კოლონიური ცენტრის და კოლონიზირებული პერიფერიის კულტურათა ჰიბრიდით იყო მიღებული.

თუმცა ცხადია, რომ განსხვავებულ კულტურათა ფორმების სინთეზისა და ურთიერთგავლენის განხილვა არ შეიძლება მხოლოდ ცალკეულ პროცესებს დაუკავშირდეს – იქნება ეს კოლონიზაცია, მიგრაცია თუ თანამედროვე გლობალიზაცია. კულტურისა და ხელოვნების მკვლევარები თანხმდებიან, რომ ერთმანეთთან კავშირი და ურთიერთგავლენა მსოფლიო კულტურების ისტორიული მახასიათებელია. ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანი მიიჩნევს, რომ გლობალიზაციის ეპოქამ, უბრალოდ, ააჩქარა და ინტენსივობა შემატა იმ ურთიერთშეღწევის პროცესებს, რომლებიც კულტურათა განვითარების ყველა ეტაპზე ხდებოდა:

[ნანა ყიფიანის ხმა]: “შესაძლებელია, ეს ჰიბრიდი ხდებოდა ხოლმე... ამას სჭირდებოდა რაღაცა გარკვეული დრო. უფრო მეტ ისტორიულ დროის მონაკვეთებში - ვთქვათ, შუა საუკუნეებში - ეს ჰიბრიდი ხდებოდა, მერე ეს აგრძელებდა ერთნიშნად არსებობას, მერე ისევ შემოდიოდა რაღაც ნაკადი. ანუ ისტორიული დრო, უფრო მეტი ხანი, მეტი დრო იყო ამისთვის საჭირო. ახლა იმდენად ჰორიზონტალურადაა გაშლილი ეს კონტაქტები და იმდენად აქტიურია ეს ინტერაქტიურობა, რომ ამაზე ლაპარაკი ყოფით დონეზეც კი შეიძლება. ხელოვნებაში არის ეს ჰიბრიდული ჟანრები. იმავე გერმანული ექსპრესიონიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღმოსავლური კულტურა. ნოლდე, რომელიც მიჩნეული იყო ფაშიზმის გულშემატკივრად, მის ხელოვნებაში აღმოსავლურმა კულტურამ უდიდესი გავლენა იქონია; მიდიოდა აღმოსავლეთში და იქ პეიზაჟებს ხატავდა. ბლუზიც არის ძალიან კარგი ნიმუში ზანგური და ევროპიდან ჩასული ამერიკელების კულტურის ნაზავის.” (სტილი დაცულია)

მსოფლიო კულტურათა ჩამოყალიბებაში მოგზაურობების, მიგრაციის, კოლონიზაციისა თუ მონობის პროცესების როლის აღიარებამ უშუალოდ კულტურის ცნების მოაზრებაში შეიტანა ცვლილებები. ერთგვაროვანი, თვითმყოფადი და სტატიკური ერთობის ნაცვლად, დღეს კულტურა დინამიკურ და ჰიბრიდულ ერთობად განიხილება. ამასთან, კულტურის მკვლევარები თანხმდებიან, რომ 60-იანი წლების შემდეგ დასავლური და აღმოსავლური კულტურების კავშირმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა; თუ ადრე აღმოსავლური კულტურა დასავლეთისთვის გარკვეული იდუმალი, ირაციონალური და ეგზოტიკური შთაგონების წყაროს ფუნქციას ასრულებდა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყოფილი კოლონიების კულტურულმა ფორმებმა უკვე აქტიურად დაიმკვიდრა თავი დასავლეთის დიდი ქალაქების ცხოვრებაში. ამის ერთ-ერთი მაგალითი არაბული სასიყვარულო პოეზიით და ბედუინების ფოლკლორით შექმნილი ალჟირული მუსიკალური მიმდინარეობა ‘რაია’, რომელიც 80-იან წლებში საფრანგეთში მცხოვრები ალჟირული დიასპორის პოლიტიკური და კულტურული თვითგამოხატვის ენად იქცა:

[მუსიკა: ნაწყვეტი ჩებ მამის სიმღერიდან ‘Douha Alia’]

ნანა ყიფიანი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა კულტურების ურთიერთგავლენის პროცესები განახლების და ახლებური ფორმების შექმნის საწინდარია:

[ნანა ყიფიანის ხმა]: “ეს ძალაუნებურად ხდება. ჩვენ რაც არ უნდა ძალიან გვინდოდეს საკუთარ თავში ჩაკეტვა, დღეს იმდენად გახსნილია სამყარო და იმდენად მობილურია, რომ ეს გავლენები არ შეიძლება არ შემოვიდეს. ეს აუცილებელიც არის. თუ გინდათ, რომ კულტურამ ელემენტარულად იცოცხლოს, მას სისხლის განახლება მუდმივად სჭირდება. ხომ ამბობენ, რომ სხვადასხვა ეროვნების ადამიანების ქორწინებით ძალიან ლამაზი ბავშვები იბადებიან. რატომ? იმიტომ, რომ აქ მოხდა სისხლის განახლება, რაღაც ახალი გენის შემოსვლა. და, პრინციპში, კაცობრიობა ამაზე დგას და ისტორიაც ამით იქმნება.”

სიუჟეტის ბოლოს, ალბათ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ პირობებში, როდესაც ცალკეული ქვეყნების კომერციული პოპ-კულტურის პროდუქცია გლობალურად ვრცელდება და თითქმის მთელი მსოფლიოს კულტურულ სივრცეს იპყრობს, შესაძლოა, განსხვავებულ კულტურებს შორის რეალური დიალოგის არსებობა ეჭვქვეშ დადგეს. მაგრამ, ალბათ, ისიც ფაქტია, რომ ამერიკული პოპ-კულტურის გლობალიზაციის პარალელურად მსოფლიოში უამრავი პროცესი მიმდინარეობს, რომელიც, ‘შაქტის’ მსგავსად, სხვადასხვა კულტურის სიღრმისეულ სინთეზს ახდენს და ამ გზით ახლებურ, ჰიბრიდულ ფორმებს წარმოშობს. ეს, შესაძლოა, იყოს კულტურის გლობალიზაციის სხვა სახეც, რომელიც კომერციული კულტურის დომინაციის ალტერნატივად გვევლინება.
XS
SM
MD
LG