Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დააყადაღეს ლევან მამალაძის მშობლების უძრავი ქონება?


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღმსრულებლო დეპარტამენტმა 29 ივნისს ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ლევან მამალაძის უძრავი ქონება დააყადაღა.

ეს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე გაკეთდა, რამდენადაც იგი ყოფილი გუბერნატორის სიმდიდრეს დაუსაბუთებელ ქონებად მიიჩნევს. თუ პროკურატურის ეჭვები დადასტურდა, ლევან მამალაძის დაყადაღებული ქონების კონფისკაცია განხორციელდება და ის აუქციონზე გაიყიდება. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ბედი ემუქრება არა მარტო ლევან მამალაძის საკუთრებას, არამედ მისი ოჯახის წევრთა ქონებასაც.

[ისმის ძაღლის ხმა]

ეს კავკასიური ნაგაზი რამდენიმე საათის მანძილზე ერთგულად იცავდა ლევან მამალაძის დედის სახელზე გაფორმებულ, კოჯორში მდებარე, 6 ოთახიან სააგარაკო სახლს. იუსტიციის სამინისტროს აღმასრულებლებმა ისედაც გამოკეტილი სახლის დაყადაღება მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც კავკასიური ნაგაზის გალიაში შეტყუება მოახერხეს. კოჯრის აგარაკთან ერთად, აღმასრულებლებმა დააყადაღეს ლევან მამალაძისა და მისი მამის კუთვნილი მიწის ნაკვეთი: 1500 კვადრატული მეტრი - წავკისში და 1200 კვადრატული მეტრი - შინდისში, მთლიანად - 7 ათასი ლარის ღირებულების.

აღმასრულებელმა პოლიციამ 30 ივნისისთვის თბილისში ლევან მამალაძის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის დაყადაღებაც განახორციელა.
ამ ბინაში მამალაძის ოჯახი ცხოვრობს. თუმცა დაყადაღება არ ნიშნავს, რომ ისინი ბინიდან გამოასახლეს. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც სასამართლო ქონებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

ლევან მამალაძის ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი აცხადებს, რომ ეს არ მოხდება და მისი კლიენტის ინტერესების დაცვას უპრობლემოდ შეძლებს.

[ალექსანდრე ალადაშვილის ხმა] ”ცოლი და სამი შვილი ხომ არ უნდა გამოაგდონ სახლიდან?! მე, პირადად, ვაყენებ გრიგალაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს: მას არანაკლები ბინა აქვს, თუ უკეთესი არა, და ხელფასიც გაცილებით დაბალი ჰქონდა, როდესაც ეს ბინა შეიძინა.”

ადვოკატი ქალაქ თბილისის პროკურორს ვალერი გრიგალაშვილს გულისხმობდა. სწორედ თბილისის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვიტა სასამართლომ კოჯრის აგარაკის დაყადაღება. მე თავად ვალერი გრიგალაშვილთან შევეცადე გამერკვია, რამდენად აუცილებელი იყო ამ უძრავი ქონების დაყადაღება, მან კი საგამოძიებო ნაწილის უფროს გელა ბადრიაშვილთან გასაუბრება მირჩია.

[გელა ბადრიაშვილის ხმა] “დედამისის ვერ იქნება ეს იმდენად, რამდენადაც ძვირად ღირებულია ეს სახლი და დედამისს არ ჰქონდა შემოსავლები და, ამავე დროს, თავად ლევან მამალაძის ქონებაც მოკრძალებულია, ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ეს დაუსაბუთებელი ქონებაა.”(სტილი დაცულია)

სხვაგვარად ფიქრობს ლევან მამალაძის ადვოკატი, რომელიც აცხადებს, რომ 14 ათას ლარად შეფასებული აგარაკის ყიდვა უბრალო მოქალაქესაც თავისუფლად შეუძლია.

[ალექსანდრე ალადაშვილის ხმა] ”ადამიანმა იცხოვრა, იმოღვაწა, ქმარი ჰყავს, შრომობდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში და, ბუნებრივია, რაღაც ქონება ჰქონდათ. 14 ათასი ლარის დაგროვება და აგარაკის შეძენა... რა ეს ისეთი დიდი თანხაა, რომ არ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს?” (სტილი დაცულია)

ამ კითხვაზე ობიექტური პასუხის გაცემა მოუწევს საქართველოს სასამართლო ხელისუფლებას, რომელსაც ახლახან სათავეში ჩაუდგა წარსულში ლევან მამალაძის ხელისუფლებასთან აქტიური მებრძოლი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე კემულარია.
XS
SM
MD
LG