Accessibility links

ზვიად გამსახურდიას მომხრეები ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ


საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამ და მისი სახელის რეაბილიტაციამ

მის მომხრეებში მოქმედი ხელისუფლებისათვის სასურველი გამოხმაურება ვერ პოვა. ისინი მიღწეულით არ კმაყოფილდებიან და, შესაბამისად, ხელისუფლებას სხვა მოთხოვნების აღსრულებასაც სთხოვენ. არ არის გამორიცხული, რომ ზვიად გამსახურდიას რეაბილიტაციის ფაქტი 1991-92 წლების მოვლენების სრულფასოვანი გამოძიების კატალიზატორადაც კი იქცეს - ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ამ პროცესებში რამდენიმე ჯგუფი ერთვება: ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები და მომხრეები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა ერთი ნაწილი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.

1991-92 წლების მოვლენების შეფასების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურაში ქალბატონ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მიერ აღძრულ საქმეში გამოძიების რიგითობა სამი ძირითადი პუნქტითაა განსაზღვრული: ეგრეთ წოდებული პუტჩის შეფასება, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გარემოებათა გარკვევა და, ბოლოს, ბრალეულობის განსაზღვრა.

[მანანა გამსახურდიას ხმა] ”პროკურატურის დადგენილება მისაღებად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ არა იმ მოთხოვნად, რომელიც ჩემს მიერ, პირადად ჩემს მიერ იქნა მათთვის გადაცემული. მაგრამ მე იმედს გამოვთქვამ, რომ ის, რაც გენერალურ პროკურატურაში განხორციელდა, ალბათ, ამის თანამდევი მომენტი, პროცესი იქნება, ის, რომელიც პირველ პუნქტად მაქვს მე შეტანილი გენერალურ პროკურატურაში და მოიცავს საქართველოში კანონიერი ხელისუფლების დამხობას პუჩის გზით -არავითარი სამოქალაქო ომი, არავითარი სახალხო აჯანყება.” (სტილი დაცულია)

1992 წელს ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მძიმე ბრალდებებით - მათ შორის, სახელმწიფო ქონების დატაცება, ეთნოკონფლიქტების გაღვივება, ტერაქტების ორგანიზება და, ბოლოს, მთავარი-სამშობლოს ღალატი. 1994 წელს საქმე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამო შეჩერდა; ამ ორიოდე დღის წინ კი, მტკიცებულებების არარსებობის გამო, საბოლოოდ შეწყდა. ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრისა და, ამავდროულად, გამოძიებაზე ზედამხედველობის სპეციალური ოთხკაციანი კომისიის წევრის ტარიელ ფუტკარაძის აზრით, მოქმედი ხელისუფლება პუტჩის საფუძვლიანი გამოძიებით დაინტერესებული არ არის. ანუ ზვიად გამსახურდიას რეაბილიტაციით ხელისუფლება მისი მომხრეების გაჩუმებას გეგმავს:

[ტარიელ ფუტკარაძის ხმა ] ”სააკაშვილმა შექმნა კომისია, რომელიც დღემდე არ შეკრებილა. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელს არ აძლევს არსებული ხელისუფლების ძალიან ბევრ პირს პუტჩის ფაქტის გამოძიება. მათ შეიძლება ყველას აძლევდეს ხელს, რომ გამსახურდია თვითონ ბრალეული არ იყო, ამის თქმა, და ამით, ამ თითქოსდა ნახევარი სიმართლით, მოხდეს გარკვეული კომპენსირება თითქოსდა მათი პატიოსნებისა, მაგრამ ეს ასე არ გამოვა. ვერავინ ვერავის ვერ მოატყუებს.”

პუტჩის გამოძიებამდე ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ეს ჯგუფი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.პარლამენტარები კი ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპად ეგრეთ წოდებულ ზვიადისტთა სამართლებრივ რეაბილიტაციას უსახავენ. დეპუტატები ზვიად ძიძიგური, კახა უგულავა და კობა დავითაშვილი ამ მიზნის მისაღწევად პარლამენტში ახალ საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტით შედიან. მათივე მოთხოვნით, უნდა შეიქმნას სპეციალური საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც ზვიად გამსახურდიას მკვლელობის მიზეზებს გამოიკვლევს. კომისიის შექმნას 58 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.
რაც შეეხება არასახელისუფლებო სექტორს, მოძრაობა ”ქართველი ერის უფლებების” წევრები ზვიადისტთა დევნაში მონაწილე ძველი ხელისუფლების წარმომადგენლების, კერძოდ, პროკურორების, გამომძიებლებისა და მოსამართლეების მიმართ სისხლის სამართლის საქმეთა აღძვრას ითხოვენ, ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე კი - ედუარდ შევარდნაძის გასამართლებას, კანონიერი ხელისუფლების დამხობის ფაქტის აღიარებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.
XS
SM
MD
LG