Accessibility links

logo-print

შორს “დსთ”-დან - “ახალი თაობის” ახალი ინიციატივა


ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან “დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში” საქართველო ყველაზე გვიან, 1993 წელს, შევიდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ

ამგვარი გადაწყვეტილება აფხაზეთში განცდილი მარცხისა და დასავლეთ-საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ომის ფონზე მიიღო. პოლიტიკურ წრეებში ამტყდარი ხმაურის ჩასაცხრობად ხელისუფლებამ ესენგეში შესვლა ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ერთადერთ გზად მონათლა, თუმცა, მიუხედავად ამისა, 1993 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა პარტიები თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლას შესაშური ინტენსივობით ითხოვდნენ. საინტერესოა, შეიცვალა თუ არა ნოემბრის მოვლენების - უფრო სწორად კი, ახალი ხელისუფლების არჩევის -შემდეგ თანამეგობრობისადმი ქართული საზოგადოების დამოკიდებულება.

“დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის”, ანუ “დესეთეს”, შექმნის თაობაზე შეთანხმებას 1991 წლის 8 დეკემბერს სამი ქვეყნის - რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის - პრეზიდენტებმა მოაწერს ხელი. მოგვიანებით, იმავე წლის 21 დეკემბერს, თანამეგობრობის წევრთა რაოდენობა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხარჯზე, თერთმეტამდე გაიზარდა. მაშინ “დესეთეს” წევრობაზე უარი, ბალტიის ქვეყნების გარდა, საქართველოს ხელისუფლებამაც გაბედა, თუმცა ამგვარი ვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა: ზუსტად ორი წლის თავზე, 1993 წლის დეკემბერში, საქართველო “დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში” შევიდა. სწორედ ამ დროიდან იღებს სათავეს დაუსრულებელი კამათი იმის შესახებ, უნდა დატოვოს თუ არა საქართველომ აღნიშნული ორგანიზაციის რიგები.

[მამაკაცის ხმა] “მე მგონი, არაფერს არ იძლევა, აქამდე არაფერი არ მოუცია და ახლაც არ ვიცი... მე, მაგალითად, არავითარი იმედი არ მაქვს, რომ ამ კავშირმა რაღაცა მოგვცა.”(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] “ჩემი აზრით, ჯობია დადგეს საკითხი ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის თაობაზე... ისე, ამ ბოლო დროს დათბა ურთიერთობა ჩვენსა და რუსეთს შორის და, აქედან გამომდინარე, იმასაც აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად ექნება ამას აზრი თვით კონფლიქტების მოგვარების საკითხში.“

ქართული საზოგადოება, როგორც წესი, “დესეთესთან” დაკავშირებით საკითხს ასე აყენებს: თუ რუსეთი ხელს არ შეგვიშლის ან, კიდევ უკეთესი, დაგვეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, მაშინ თანამეგობრობის წევრობას კიდევ ექნება რაღაც გამართლება.

[ქალბატონის ხმა] “მაგრამ, თუ არაფერში არ გვეხმარება, ისე ეს ფორმალური მხარეა და აქტუალური არ არის, გამოხვალ თუ შეხვალ; საერთოდ, არ არის დღის წესრიგში დასაყენებელი, თუ ვიღაცას რაღაც კონიუნქტურული მოსაზრებით არ აინტერესებს ამ პრობლემის წამოწევა.”

და მართლაც, როგორც ჩანს, ხელისუფლების შეცვლისა და რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების მკვეთრად დათბობის შემდეგ “დესეთეში” ყოფნა-არ ყოფნამ ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობისათვის აქტუალობა დაკარგა. ყოველ შემხთვევაში, ამ ორგანიზაციის რიგების დაუყოვნებლივ დატოვებას ხმამაღლა აღარავინ მოითხოვს, თუმცა არსებობს გამონაკლისიც. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა-ახალი ინიციატივა” ხელისუფლებას - პარლამენტსა და პრეზიდენტს - თხოვნით მიმართავს:

[კოკი იონათამიშვილის ხმა] “რომ საქართველომ გააკეთოს განაცხადი და შემდგომ უკვე განახორციელოს ეს გადაწყვეტილება - საქართველოს “დესეთეს” სივრციდან გამოსვლის შესახებ. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ - ვერც ეკონომიკურ, ვერც პოლიტიკურ, ვერც ადამიანურ რაიმე საფუძველს, რომ შესაძლებელი იყოს საქართველოს “დესეთეს” სივრცეში დატოვება.”

ეს იყო კოკი იონათამიშვილი, რომლის თქმითაც, საქართველოს ხელისუფლებამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი სივრცეა მისთვის პარტნიორული და რომელი არა.

თუმცა საკითხის ასე ხისტად დასმას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გამართლებულად არ მიიჩნევს:

[სოსო ცინცაძის ხმა] “ მე ვერ ვხედავდი და ვერც ვიტყოდი, რომ “დესეთეს” რაღაც სტრატეგიული ზიანი მოაქვს ჩვენთვის. ამიტომ დღეს “ესენგედან” ჩვენი გასვლა პოლიტიკურად მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. არაფერს არ გვაძლევს ეს ჩვენ. ელემენტარულად, ეს არის ფორუმი, სადაც შეიძლება დროდადრო საქართველომ დააფიქსიროს თავისი პოზიცია.”

ცინცაძის თქმით, სხვა საკითხია, რომ საქარველოს ხელისუფლება “დესეთეს” წევრობას ჯეროვნად ვერასოდეს იყენებდა. ნათქვამის დასტურად თუნდაც ამ ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენლობა გამოდგება, რომლის არსებობის შესახებაც ჩვენში ცოტას თუ სმენია.
XS
SM
MD
LG