Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ლეიბორისტული პარტია” თბილისელთა უფლებების დასაცავად ქუჩაში გადის


საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია ტრადიციას არ ღალატობს და სოციალურად დაუცველ თბილისელთა უფლებების დასაცავად ქუჩაში გადის.

სწორედ ამ მიზნით, 1 ივლისს პარტიის აქტივისტებმა ეკონომიკის სამინისტროს, კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის, ელექტროკავშირისა და ცენტრალური ტელეგრაფის წინ ერთდროულად გამაფრთხილებელი ხასიათის აქციები გამართეს. ლეიბორისტები “საქართველოს ელექტროკავშირის” იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც 1 აგვისტოდან შიდასაქალაქო საუბარი ფასიანი გახდება.

საპარლამენტო და რეგიონალურ არჩევნებში ხელმოცარვის შემდეგ “ლეიბორისტული პარტია” მთლიანად თბილისელთა უფლებების დაცვაზე გადაერთო. საიდუმლოება არ არის, რომ პარტიის ხელმძღვანელები განსაკუთრებული მონდომებით სოციალურად დაუცველ თბილისელებს ქომაგობენ.
შალვა ნათელაშვილს, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების მოთხოვნით, არაერთი აქცია თუ სასამართლო პროცესი აქვს გამართული. პარტიის თავმჯდომარე “თბილწყალკანალის” პრივატიზების შეჩერებასაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს. მაგრამ იგი მიღწეულით არ კმაყოფილდება და მიზანში ამჯერად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ “ელექტროკავშირს” იღებს. ნათელაშვილი აცხადებს, რომ “ლეიბორისტული პარტია” შიდასაქალაქო საუბარზე გადასახადის დაწესებას არ შეურიგდება. იგი ხელისუფლებას ულტიმატუმსაც კი უყენებს:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] “თუ არ იქნება გადაწყვეტილება შეცვლილი, თუ ტელეფონები არ დაუბრუნდება უფასო რეჟიმს, მაშინ ჩვენ დავიწყებთ მასობრივ აქციებს და წარმოიდგინეთ 300 ათასი აბონენტი, აქედან 10-20 პროცენტიც რომ მოვიდეს აქ, მაშინ სხვა გადაწყვეტილებების მიღება მოუხდება და ეს იქნება ხელისუფლებისთვისაც არასასიამოვნო და ბევრისთვის არასასიამოვნო, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ცდილობს ჩვენ ხარჯზე გამდიდრებას. მაგრამ პირობას ვაძლევთ, რომ ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ.” (სტილი დაცულია)

შალვა ნათელაშვილმა ეს სიტყვები ამ ორიოდე დღის წინ სახელმწიფო კანცელარიის წინ გამართულ ბრიფინგზე წარმოთქვა. დაპირებული საპროტესტო აქციები კი პირველ ივლისს დღის 12 საათზე გაიმართა, თუმცა რატომღაც არც ერთი მათგანი ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა. მე აქციის ორგანიზატორებს, იოსებ სამხარაძესა და გიორგი ბასილაძეს, გავესაუბრე.

[იოსებ სამხარაძის ხმა] “სასიცოცხლოა, აბა, რა არის, როცა მოხუცი, რომელიც ვერ გადის გარეთ, იმასაც უსპობენ, რომ სასაუბრო დროს უზღუდავენ და უწესებენ თანხობრივ გადასახადს.” (სტილი დაცულია)

[გიორგი ბასილაძის ხმა] “შეწყდეს გაყიდვა საქართველოსი, რადგან ყველას მოეხსენება, რომ ჩამოვიდა ეკონომიკის მინისტრი ერთადერთი ბანალური წინადადებით: გაიყიდოს ყველაფერი, ნამუსის გარდა! ალბათ, ნამუსი რუსეთში გაყიდა.”

პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, წინასწარ გამოცხადებულ აქციებზე ცოტა ხალხი მივიდა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ “ლეიბორისტებს” აღნიშნულ საკითხში თბილისელები მხარს არ უჭერენ:

[ქალბატონის ხმა] “ხელისუფლებისა ბევრი რამ მომწონს, მაგრამ ეგ ახლა მიუღებელია ნამდვილად. აქტიურად გავაპროტესდებ და არ დამაფრთხობს ის გარემოება, რომ აქციას “ლეიბორისტები” მართავენ. ძალიან კარგს აკეთებს ბატონი შალვა. გახსოვთ, დენზე დავალიანება რომ დაგვადეს. მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც უკანონოდ დარიცხული 400 ლარი ლეიბორისტების წყალობით მოეხსნა.”

“ლეიბორისტული პარტიის” მიერ მოწყობილი აქცია ნახევარ საათში ისე დაიშალა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან მას არავინ გამოხმაურებია. თუმცა, “ლეიბორისტებისგან” განსხვავებით, ნაკლებად გაუმართლა თბილისის მერიის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც ბიუჯეტიდან “თბილტრანსის” მძღოლების საბინაო უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი თანხის ამოღებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილენი - ძირითადად, ხანდაზმული ქალბატონები და მამაკაცები - -სპეცდანიშნულების რაზმმა დაარბია.

[ისმის აქციის მონაწილეთა დარბევის ხმები]

დაბოლოს, ერთი ნიშანდობლივი ფაქტი: აქციის დარბევას კვლავ შევარდნაძის დროინდელი პოლიციის ჭეშმარიტი სახე, თემურ მღებრიშვილი, ხელმძღვანელობდა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG