Accessibility links

logo-print

რას უქადის საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მოსკოვში


დავით პაიჭაძე, თბილისი პარასკევს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის დედაქალაქში მიემგზავრება. პრეზიდენტ პუტინთან დსთ-ს სხვა ქვეყნების პრეზიდენტებს მოელიან.

მიხეილ სააკაშვილს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა სტამბულის სამიტის შემდეგ უწევს, სადაც ქართველმა ლიდერმა კრიტიკული განცხადებები გააკეთა რუსეთის წინა ხელისუფლების მისამართით. რუსეთში ვიზიტს “მსუბუქი” ფონი ახლავს: პირველი პირები დიდ თეატრში წარმოდგენას დაესწრებიან, ხოლო შემდეგ ცხენთა შეჯიბრებაზე გასწევენ. რა საკითხები შეიძლება მოგვარდეს ან გაირკვეს მოსკოვში საქართველოსთვის?

საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევა შიდა პოლიტიკაში, ძირითადად, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის პრობლემაზეა მიმართული. საქართველოს პოლიტიკას ამ რეგიონისადმი შეიძლება უწოდო გამიზნული, მაგრამ დანამდვილებით ვერ იტყვი, რამდენად გააზრებულია ის. საქართველოს ხელისუფლების სვლებზე რეგიონალური ლიდერის, ედუარდ კოკოითის, ხელისუფლება მტკივნეულად რეაგირებს: მესამე დღეა, ოსეთზე არ ატარებენ რუსეთიდან საქართველოში მომავალ ავტობუსებს, ხოლო ცხინვალში დაპატიმრებული საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამი ოფიცრის გასათავისუფლებლად რამდენიმე დღის წინ სასამართლოს მიერ სამთვიან წინასწარ პატიმრობაში გამწესებული ჩრდილოეთ ოსეთის სამი მკვიდრის გაშვებას ითხოვენ. საქართველოს უშიშროების მინისტრი ამ მოთხოვნას ასე უპასუხებს:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] “ოფიცრებს ბანდიტებზე არ ვცვლით და არც გავცვლით. მე მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც გმირულად იტანს საკუთარ სამშობლოში ტყვეობას. უშიშროების თანამშრომლები ყველანი ერთ მუშტად ვართ შეკრული და ჩვენი ამოცანაა, ვემსახუროთ სახელმწიფოს. ხშირად უშიშროების თანამშრომელთა სახელები, შესაძლოა, არც იცოდეთ, რადგან ეს ამ სისტემის სპეციფიკაა.”

საქართველოს პრეზიდენტს სწორედ ამ სპეციფიკური სისტემის ყოფილ წარმომადგენელთან მოუწევს ლაპარაკი მოსკოვში სამხრეთ ოსეთის პრობლემაზე. ხუთშაბათს, დღის მანძილზე, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ძალოვანი სამსახურების ხელმძღვანელებთან თათბირობდა. უკანასკნელნი კონკრეტულ კომენტარს თავს არიდებდნენ. ერთადერთი, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ძალოვნები

[ბურჯანაძის ხმა] “ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ მძევლები, რაც შეიძლება, სწრაფად გათავისუფლდნენ. მე ვფიქრობ, ყველას უნდა ესმოდეს: საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც იყო რამდენიმე წლის წინ. ჩვენ დავიცავთ სამართალდამცავი და ძალოვანი სამინისტროების ყველა თანამშრომელს. თუ ეს საკითხი მანამდე არ მოგვარდა, პრეზიდენტი, ალბათ, საქმის კურსში ჩააყენებს რუსეთის პრეზიდენტს.”

სავარაუდოა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვში ცხინვალთან სამომავლო პოლიტიკის მკაფიო ხედვით ჩავა. ნიადაგი საამისოდ სააკაშვილმა უკვე შეამზადა: მან საჯაროდ განაცხადა, პუტინის დროს რუსეთში ბევრი ღირსეული რამ გაკეთდაო.
XS
SM
MD
LG