Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 545-ე გამოშვება

დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას", რომილის 545-ე გამოშვებაში გიამბობთ იმაზე, თუ როგორ ცდილობენ საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლები, გაიგონ და ახსნან ხელისუფლების ე.წ. “ოსური პოლიტიკა”; შემდეგ კი ამავე საკითხზე - სამაჩაბლოს კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივაზე - ორი ქართველი პოლიტიკოსის მოსაზრებებს გაგაცნობთ; ქართველი ახალგაზრდების გამოკითხვის გზით ვეცდებით დავადგინოთ, რა თანხაა საკმარისი ბედნიერებისთვის?; დღეს "მეათე სტუდიას" ორი სტუმარი ჰყავს. ერთია გერმანიაში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ფოტოხელოვანი ლადო ალექსი-მესხიშვილი. ჩვენი მეორე სტუმარია საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი და იტალიის "მილანის" მცველი კახა კალაძე. რადიოჟურნალს პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

საზოგადოება ცდილობს, ახსნას ხელისუფლების პოლიტიკა სამხრეთ ოსეთში

დავით კაკაბაძე:
საქართველოს ხელისუფლების გააქტიურება ყოფილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიურ ოლქში იწვევს მოქალაქეთა ინტერესსა და შეკითხვებს, რომლებიც შეიძლება, რამდენიმე ძირითად საკითხამდე დავიყვანოთ: რა სურს საქართველოს, რის გადაწყვეტას ესწრაფის ხელისუფლება - კონფლიქტისა თუ ტერიტორიული პრობლემისა? რას სთავაზობენ ქართველები ოსებს? ჯერჯერობით, არ გამართულა დისკუსია პოლიტიკური და საზოგადოებრივი სექტორის წევრთა მონაწილეობით: პოლიტიკოსები ცალკე საქმიანობენ, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, საერთოდ, პოლიტიკისგან შორს მდგომი მოქალაქეები ცალკე იკრიბებიან. თუმცა, როგორც ჩანს, მათი შეხვედრა ახლოვდება. მანამდე კი ერთ შეხვედრას, სადაც მოქალაქენი ცდილობდნენ, გაეგოთ და აეხსნათ საქართველოს ხელისუფლების “ოსური პოლიტიკა”, დავით პაიჭაძე დაესწრო. ეს თავყრილობა თბილისში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდში მოეწყო.

[მაია ცაბოშვილის ხმა] “ქართულ საზოგადოებას არა აქვს სრული ინფორმაცია ცხინვალში, სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებზე. თავიდან ამ მოვლენებს ცოტა შორიდან ვუყურებდი და დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება: რა უნდათ ამ ოსებს? (მე თვითონ ოსი ვარ და ასე თავისუფლად იმიტომ ვლაპარაკობ) აგერ არის სამეგობროდ გაწვდილი ხელი, არის მცდელოიბა, ამოიწუროს კონფლიქტი, მაგრამ ცხინვალში ცასულს სულ სხვა სიტუაცია დამხვდა. არის ინფორმაციული ვაკუუმი. უარესი: ვრცელდება ცრუ ინფორმაციაც.”

დავით პაიჭაძე:
არასამთავრობო ორგანიზაცია “იბერ-ირონის” ხელმძღვანელმა, მაია ცაბოშვილმა ამ სიტყვებს მოაყოლა მტკიცება, რომ ქართული მასმედიის საგრძნობი ნაწილი მცდარ სურათს ხატავს: თითქოს სამხრეთ ოსეთში საქართველოს მთავრობის სვლებს კმაყოფილებითა და მხარდაჭერით ხვდებიან იქ მოსახლე ოსები და უარყოფით დამოკიდებულებას ეს პოლიტიკა მხოლოდ კოკოითის ხელისუფლებაში იწვევს. მაია ცაბოშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ძალის დემონსტრირება შეცდომაა და ის სამხრეთი ოსეთის ოსურ მოსდახლეობას მეტად განაწყობს საქართველოს წინააღმდეგ.

[ცაბოშვილის ხმა] “მე ჩავედი ცხინვალში და დავინაზე რომ ოსური საზოგადოება დღეს ბევრად მეტად არის დაშორებუყლი ქართული საზოგადოებისაგან, ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინათ. ადრე ოსური საზოგადოება ღიად მოდიოდა სათანამშრომლოდ ქართულ მხარესთან. დღევანდელ ოსურ ხელისუფლებას მოქალაქეები მხარს დიდად არ უჭერდნენ. საქართველოს ხელისუფოების მოქმედება კოკოითიმ გამოიყენა და შეკრა ოსური საზოგადოება.”

მაია ცაბოშვილის ეს პოზიცია ყველამ არ გაიზიარა. ჟურნალისტმა ნიკო მჭედლიშვილმა სავსებით გამართლებულად ჩათვალა ე.წ. მათრახისა და კვერის პოლიტიკა, რომელიც ერთმანეთს უთავსებს შინაგან საქმეთა მინისტრის მუქარას სპეცოპერაციას ჩატარების შესახებ სასუქის, სახელმძღვანელოებისა თუ სამედიცინო მომსახურების მიწოდებას სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოქალაქეებისათვის. ნიკო მჭედლიშვილს პოლიტიკაში ძალისმიერი შემადგენელის შემოსვლად მიაჩნია შინაგანი ჯარის ნაწილების განლაგება სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ძალებში საქართველოს კვოტის შევსების მოტივით:

[მჭედლიშვილის ხმა] “ეს იყო ჯარების ჩვეულებრივი განლაგება და ნიშნავდა, რომ ნაბზდოროვის რარაც კაპრიზებს აღარ დავუჯერებთ, გვაქვს ძალა და ამ ძალის დემონსტრირება მოახდინა ქართულმა მთავრობამ. ეს იყო მშვენიერი. მე ვფიქრობ, ოსეთის მიმართ ახლანდელ მთავრობას თანმიმდევრული და შემუშავებული პოლიტიკა არა აქვს. საქართველოს მთავრობის პოზიციაა: სადაც წვრილია, იქ გაწყდეს. ერთი სასუქების შეტანა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, მეორეა სამხედრო მუქარა. ოქრუაშვილი, “ქორების” მხარე რომ იმუქრება - სრულიად ნორმალურია და არ უნდა გაგვიკვირდეს. მერე გამოვიდა ბურჯანაძე და ნაკლებად რადიკალური განცხადება გააკეთა. მარტო “ენჯეოების” იმედად ვერ ვიქნებით. სააკაშვილი მშვენივრად მოიქცა, როცა 180 ტანკის ფონზე ოსურად გააკეთა განცხადება. ოსებს უნდა შევტავაზოთ ან ასე ცხოვრება, ან ამაზე უარესი. მუქარა უნდა იყოს, შიში უნდა არსებობდეს, რომ რაქც აქვთ, იმასაც დაკარგავენ.”

სამხრეთი ოსეთის მოქალაქეთა დაშინების პოლიტიკას ჰაინრიხ ბიოლის ფონდში შეკრებილი ადამიანების დიდი ნაწილი არ დაეთანხმა. ანთროპოლოგმა ზაალ ქიქოძემ, რომელიც შეხვედრაზე ძირითად მომხსენებლად იყო მიწვეული, განაცხადა, რომ ოსებს ქართველებმა ისევ ავტონმომია უნდა შესთავაზონ, მაგრამ ხელისუფლება ამას რომც იზიარებდეს, სარისკოდ ჩათვლის და ხმამაღლა თქმას მოერიდება. დისკუსიაზე აღნიშნეს, რომ ერგნეთის ბაზრობის მოქმედება ამაგრებდა ქართველებისა და ოსების სპეციფიკურ ურთიერთობას: მასში ორივე მხრიდან მხოლოდ კონტრაბანდისტები და სხვა ჯურის დამნაშავეები არ ყოფილან ჩართული. ბაზრობა უამრავ ჩვეულებრივ, სრულიად უდანაშაულო მოქალაქეს ასაქმებდა. ვაჭრობაზე დაფუძნებული ურთიერთობების თუნდაც დროებით გაუქმება მოითხოვს საურთიერთოდ ახალი საფუძვლის მოძებნას, რაც, საეჭვოა, პოლიტიკოსებმა გააკეთონ. თუკი არასამთავრობო სექტორს საქართველოში შერჩა ძალა და ინტელექტუალური რესურსი, უწინარესად მან უნდა იპოვოს ახალი მოტივები ქართველი და ოსი მოქალაქეების ურთიერთობისათვის. ეგებ მაშინ მაინც დაინტერესდეს ხელისუფლება აზრთა დუღილით სამოქალაქო სექტორში.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ქართველი პოლიტიკოსები სამაჩაბლოს რეგიონის კონფლიქტის შესახებ

დავით კაკაბაძე:
მიუხედავად დავით პაიჭაძის მასალაში გამოთქმული ამა თუ იმ სახის უკმაყოფილებისა, ფაქტია: ბოლო ხანს საქართველოს მოსახლეობას გაუჩნდა იმედი, რომ კონფლიქტების მოგვარების გზაზე ქვეყნის ხელისუფლება წარმატებას მიაღწევს და ეს იმედი, უპირველესად, სწორედ სამაჩაბლოს უკავშირდება. თუმცა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ თვითგამოცხადებული სამხრეთი ოსეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს შეიარაღებულ დაპირისპირების შესაძლებლობას. როგორ უნდა იმოქმედოს ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებამ? ამ საკითხზე ჩვენი კოლეგა გიორგი კაკაბაძე ორ ქართველ პოლიტიკოსს ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე:
“კონფლიქტების მოწესრიგების გზაზე წარმატებების მიღწევას კარგი საფუძველი აქვს”, - ასე ფიქრობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საკოორდინაციო საბჭოს წევრი არმაზ ახვლედიანი.

[ახვლედიანის ხმა] “თუნდაც, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოებას უჩვენა: მას შესწევს უნარი მსგავსი პრობლემების მოგვარებისა და შეუძლია რეალურად იზრუნოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე”.

ქართველ “ტრადიციონალისტთა კავშირის” ლიდერის, აკაკი ასათიანის აზრით, [ასათიანის ხმა] “ვითარება გარკვეული აზრით, გარკვეული თვალსაზრისით ხელშემწყობია. უნდა ვაღიაროთ, რომ შევარდნაძის რეჟიმისგან გათავისუფლებამ, ისეთი სიმპათიები მოუხვეჭა ქვეყანას თვითონ და, მათ შორის ხელისუფლებაც სარგებლობს ამით, რომ ამ ფონზე ეს იქნებოდა ლოგიკური გაგრძელება”.

აკაკი ასათიანი ამასთან მიიჩნევს, რომ არ ჩანს პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტის გზა:

[ასათიანის ხმა] “ჩვენთან მუდამ ერთ შეცდომას უშვებენ. თუ გახსოვთ აფხაზეთთან დაკავშირებით, შევარდნაძის დროს ერთ ხანს იყო აჟიოტაჟი,- აცხადებდნენ, რომ ბიზნესმენები გადაწყვეტდნენ პრობლემას. შემდეგ აჭარის გამო გაჩნდა ცდუნება, რომ სასუქებით და პროპაგანდისტული ზეწოლით მოხდება აფხაზეთისა და იგივე სამაჩაბლოს პრობლემების გადაწყვეტა. ეს გასაკვირია, რადგან იგივე ხალხი, ვინც ამბობდა, რომ აჭარა სხვა საკითხია, ვიდრე აფხაზეთი და ყოფილი სამხრეთ ოსეთი, დღეს რატომღაც ფიქრობს, რომ იგივე მეთოდებით მიაღწევს წარმატებას”.

არმაზ ახვლედიანის თქმით კი, “არსებულ ვითარებაში ოფიციალურმა თბილისმა უნდა იმოქმედოს მტკიცედ, შეუპოვრად და ჩვეული დიპლომატიით”.

[ახვლედიანის ხმა] “როცა სეპარატისტული რეჟიმი ხედავს, რომ ხელისუფლება მტკიცეა, რომ მისი შეიარაღებული ძალები დღითიდღე მტკიცდება და იზრდება, რა თქმა უნდა, ეკარგება ყოველგვარი სურვილი და მადა იმისა, რომ იფიქროს საკუთარი სეპარატისტული რეჟიმის კიდევ უფრო განმტკიცებაზე. ეს არის,ალბათ, უმთავრესი”.

არსებობს თუ არა შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხე? ამის გათვალისწინებით, როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა?

არმაზ ახვლედიანი იმეორებს, რომ ცხინვალის რეგიონის მშვიდობიანი დაბრუნებისთვის დღეს ყველა პირობა არსებობს.

“მაგრამ, თუ, სამწუხაროდ, შეიარაღებული დაპირისპირებამდე მივა საქმე, მაშინ საქართველოს არ გაუჭირდება, რამდენიმე შეიარაღებული სეპარატისტის განეიტრალება”, - ამბობს იგი.

ამავე დროს, არმაზ ახვლედიანი,ფაქტობრივად, გამორიცხავს შესაძლო შეიარაღებულ კონფლიქტში რუსეთის ჩრდილოკავკასიელ მოქალაქეთა მონაწილეობას:

[ახვლედიანის ხმა] “ვერავინ, ვერასდროს ვერ მოახერხებს ამას, თუ არ იქნება ოფიციალური მოსკოვის ნება და სურვილი. თუმცაღა, ვფიქრობ, და, მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მოსკოვი ამას აღარ გააკეთებს, - მოსკოვის ინტერესებში ეს აღარ შედის”.

აკაკი ასათიანი, რომელიც სავსებით რეალურად მიიჩნევს შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებას, მიიჩნევს:[ასათიანის ხმა] “მუქარის არ უნდა შეგვეშინდეს. მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ კონფლიქტის დაწყების მიზეზი, ამასთან ყველანაირ მზადყოფნაში უნად ვიყოთ. მე მგონია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია სადღეისოდ, გაცილებით უკეთესში, ვიდრე ოდესმე ყოფილა”.

დაბოლოს დავინტერესდი, თუ რას ფიქრობენ რესპონდენტები კონფლიქტის მოწესრიგებაში ეკონომიკური ფაქტორის როლზე.
ამ საკითხში მათი მოსაზრებები განსხვავებულია. არმაზ ახვლედიანის თქმით, [ახვლედიანის ხმა] “საქართველოს ეკონომიკის დღენიადაგ გაძლიერება და განმტკიცება არის უმთავრესი პირობა სამაჩაბლოს და აფხაზეთის დასაბრუნებლად. ეს არის უმთავრესი პირობა, უმთვარესი არგუმენტი, უმთავრესი საფუძველი იმისა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს”.

აკაკი ასათიანი კი ამბობს: [ასათიანის ხმა] “მე ვფიქრობ, ეკონომიკური ფაქტორი გადამწყვეტი არ არის ამ შემთხვევაში. თუმცა, ის არის მოქმედი ფაქტორი, ერთ-ერთი შემადგენელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და მის გამოც ხდება ბევრი რამ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა ჩვენ. თუ ვლაპარაკობთ სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის ორ ვარიანტზე, - ავტონომიურზე ან რესპუბლიკაზე, - მე ვფიქრობ, ეს ის არ არის, რაც საქართველოს სჭირდება ამ რეგიონში, თბილისიდან 80 კილომეტრში”.

დავით კაკაბაძე:
ასეთია ქართველ “ტრადიციონალისტთა კავშირის” ლიდერის, აკაკი ასათიანის მოსაზრება სამაჩაბლოს კონფლიქტის მოგვარებაში ეკონომიკური ფაქტორის როლზე. მასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საკოორდინაციო საბჭოს წევრს არმაზ ახვლედიანს ჩვენი თბილისელი თანამშრომელი გიორგი კაკაბაძე ესაუბრებოდა.

[მუსიკა]

რა თანხაა საკმარისი ბედნიერებისთვის?

დავით კაკაბაძე:
თუ აქამდე გეგონათ, რომ ბედნიერების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ბევრი ფულია, აზრის შეცვლა მოგიწევთ. და არა იმიტომ, რომ საქართველოში უკანონო შემოსავლებთან ბრძოლა დაიწყეს. უბრალოდ, ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბევრი ფული სულაც არ არის ბედნიერების გარანტია. და მაინც, ალბათ, საინტერესოა, რა თანხაა საჭირო, რომ თავი ბედნიერად იგრძნო, დავუშვათ, საქართველოში? ამის დადგენას თამარ ჩიქოვანი შეეცადა.

თამარ ჩიქოვანი:
თავდაპირველად რამდენიმე სიტყვით ამერიკელი მეცნიერების აღმოჩენის შესახებ: მერილენდის შტატის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების გამოკვლევების თანახმად, ადამიანებს სიმდიდრის მოსახვეჭად რამდენიმე მოტივი ამოძრავებთ. ძირითადი რამდენიმე მოტივი ასეთია: სტაბილურობა, ოჯახის რჩენის აუცილებლობა, მსყიდველობითი უნარის ზრდა, მეტი თავისუფალი დროის ქონის სურვილი, შინაგანი თავდაუჯერებლობის გადალახვა. მეცნიერთა განმარტებით, ეს მოტივები სამი ქვეცნობიერი სურვილის შედეგია: სოციალური შეჯიბრებითობისა და ირგვლივ მყოფებზე ძალაუფლების მოპოვების ნეგატიური სურვილის, სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და წარმატების მიღწევის სურვილისა და შედარებით ნეიტრალური მიდრეკილებისა დამოუკიდებლობისა და მოქმედების თავისუფლებისკენ.

სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი გამოკითხვა და კვლევა არ ჩატარებულა. ჩემს დღევანდელ რესპონდენტებთან საუბარს კი ნამდვილად არა აქვს მეცნიერული გამოკვლევის პრეტენზია, თუნდაც იმიტომ, რომ დღევანდელი რესპონდენტები ძალიან ახალგაზრდები არიან - 19-20 წლისა.

მაინც, რა თანხაა აუცილებელი საქართველოში ბედნიერებისთვის?

[რესპონდენტის ხმა] "ძალიან ბევრი არ არის საჭირო, რომ ბედნიერად ვიგრძნოთ თავი. აქ ვერც დახარჯავ ბევრ ფულს."

განსხვავებული აზრი აქვს 20 წლის ამირანს, რომელმაც ზუსტად იცის, რამდენი თანხა სჭირდება ბედნიერებისთვის.

[ამირანის ხმა] "ბედნიერი ცხოვრებისთვის მეყოფოდა მილიონი დოლარი. რაში დავხარჯავდი - პირველ რიგში, ჩემი ოჯახის საქმეს მოვაგვარებდი, მერე ახლობლებსაც მივხედავდი. ბანკში არ შევინახავდი - მაგის პირობას ვდებ, რადგან ცხოვრება დროებითია."

სხვათა შორის, ამირანი ოპტიმისტია - მართალია, დღეს მისი ხელფასი მხოლოდ და მხოლოდ 30 ლარია, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდება მილიონერი.

რაც შეეხება სუსტი სქესის წარმომადგენელ რესპონდენტებს - ერთის თქმით, მას 100 ათასი დოლარი ეყოფოდა: შეიძენდა ბინას, მანქანას, პარალელურად, კარგი განათლების მიღებას ეცდებოდა შემდგომში მაღალანაზღაურებადი სამსახურის მისაღებად. კიდევ ერთი რესპონდენტი სხვა აზრისაა - მას ფული მხოლოდ და მხოლოდ კარგი განათლებისთვის სჭირდება.

[რესპოდენტის ხმა] "ვფიქრობ, ადამიანის ბედნიერებისთვის არც კონკრეტული თანხაა საჭირო, არც კარგი სახლი და არც კარგი მანქანა. მაგრამ თუ რეალურად ვიმსჯელებთ, თანხა კარგი განათლების მისაღებად მჭირდება, რომლითაც შემდეგ ყველაფერს შევიძენ. დასაწყისში მჭირდება 10 ათასი, რითაც მივიღებ ხარისხიან განათლებას."

ის, რომ მილიონერებიც ტირიან, ერთი მექსიკური მრავალსერიიანი ფილმის არ იყოს, ჩემს რესპონდენტებს კარგად ახსოვთ. შესაბამისად, თვლიან:

[რესპონდენტის ხმა] "ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ რაც უფრო მეტი გაქვს, უფრო მეტი გინდა. აქედან გამომდინარე, ვერასოდეს ვერ იქნები ბედნიერი იმით, რაც გაქვს. ზოგისთვის ასი ლარიც საკმარისია ბედნიერებისთვის. ზოგიერთს მილიარდი აქვს და მაინც უბედურია."

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, მილიონერობა გამოკითხულთა შორის არავის სურს - ჯერ ერთი, სააქრთველოში არსებული კრიმინალური მდგომარეობა მილიონერებისთვის უსაფრთხო ნამდვილად არ გახლავთ. და მეორე - მილიონერს, რომელსაც გარს უამრავი მცველი არტყია, თავისუფლების გარკვეულ წილზე უარის თქმა მოუწევს. ახალგაზრდებისთვის კი ამ ეტაპზე თავისუფლება მეტს ნიშნავს, ვიდრე მილიონი.

[რესპონდენტის ხმა] "მილიონი ნამდვილად არ მჭირდება, რადგან როდესაც ძალიან ბევრი ფული გაქვს, აბსურდში ვარდები და აღარ იცი, როგორ გაირთო თავი. ამიტომ, უნდა გქონდეს ის მინიმუმი, რაც აუცილებელია მოთხოვნების რეალიზაციისთვის."

თუმცა, ოცნებებში, საკუთარი თავის მილიონერის როლში წარმოდგენაზე უარს არავინ ამბობს. ერთის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში, ბევრს იმოგზაურებდა, მეორე - საკუთარ ბიზნესს წამოიწყებდა. მესამე - ქველმოქმედებას მიჰყოფდა ხელს.

[რეპოდენტის ხმა] "ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს ანუ მილიონებზე თუა საუბარი, აუცილებლად ფონდებს შევქმნიდი - ბავშვებისთვის და, აუცილებლად, ცხოველებისთვის. დავეხმარებოდი ყველას."

საბოლოოდ კი, ქართველი ახალგაზრდების დასკვნა იმასთან დაკავშირებით, აუცილებელია თუ არა ბევრი ფული ბედნიერებისთვის, ასე ჟღერს:

[რეპოდენტის ხმა] "თვითმიზანი არ არის, გქონდეს ბევრი ფული. თვითმიზანია, კარგად იცხოვრო."

სხვათა შორის, ამ შემთხვევაში მათი აზრი სრულად ემთხვევა ამერიკელი მეცნიერების გამოკვლევას, რომლის თანახმად, არსებობს საშიშროება, ბევრი ფულის ქონის შემთხვევაში იმედგაცრუება იგრძნოთ, რადგან ბევრი ფულისგან ელის იმას, რისი მიცემაც ფულს არ შეუძლია - მაგალითად, სიყვარულის ან თვითდარწმუნების.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევრები "ვოგის", "პარი მაჩისა" და ევროპის სხვა ცნობილ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდება.
ინტერვიუ ლადო ალექსი-მესხიშვილთან

დავით კაკაბაძე:
ჩვენი რადიომსმენელები წერილებსა და სპეციალურად ჩატარებულ გამოკითხვებში ხშირად გვთხოვენ, მოვუთხროთ უცხოეთში მცხოვრები ქართველების შესახებ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი, მართალია, საქართველოშია დაბადებული, მაგრამ ცხოვრების უდიდესი ნაწილი მის ფარგლებს გარეთ გაატარა. ფოტოხელოვანი ლადო ალექსი-მესხიშვილი ამჟამად ჰამბურგში ცხოვრობს და ისეთი ცნობილი გამოცემებისთვის მუშაობს, როგორებიცაა "ვოგი", "პარი მაჩი","დოიჩი" და სხვ. ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომელიც ლადო ალექსის ფსევდონიმითაა ცნობილი პროფესიულ წრეებში, ბიძინა რამიშვილი ტელეფონით დაუკავშირდა ჰამბურგში.

(იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
ეს გახლდათ ინტერვიუ ჰამბურგში მცხოვრებ ქართველ ფოტოგრაფთან, ლადო ალექსი-მესხიშვილთან. ლადოს ნამუშევრების გაცნობა შეგიძლიათ ინტერნეტში შემდეგ მისამართზე: www.ladoalexi.com.

ინტერვიუ კახა კალაძესთან

დავით კაკაბაძე:
ახლა კი დღევანდელი "მეათე სტუდიის" მეორე სტუმარს მოვუსმინოთ. ეს გახლავთ კახა კალაძე, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი და იტალიის "მილანის" მოთამაშე, რომელთან საუბრის თემა, ბუნებრივია, პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატია. კახას ვთხოვე, თავისი აზრი გამოეთქვა იმასთან დაკავშირებით, რატომ დარჩნენ მეოთხედფინალს მიღმა დარჩნენ ისეთი ფავორიტები, როგორიც არიან იტალიის, გერმანიის ან ესპანეთის ნაკრები გუნდები.

(იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
კახა კალაძესთან საუბარი ჩვენი დღევანდელი "მეათე სტუდიის" ბოლო სიუჟეტი გახლდათ. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG