Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 546-ე გამოშვება.

დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას" გთავაზობთ. დღეს, მის 546-ე გამოშვებაში, გიამბობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწყობილ ერთ მეტად საინტერესო ფოტოგამოფენაზე; შემდეგ მოგითხრობთ სტამბოლის ერთ-ერთ უმშვენიერეს ისტორიულ სასტუმროზე, რომელშიც რამდენიმე დაუვიწყარი დღე გაატარა ჩვენმა კოლეგამ; "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენური მოძრაობა" - ასეთია დღევანდელი ინტერვიუს მთავარი საკითხი, რომელზეც ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში რელიგიის ექსპერტი ნუგზარ პაპუაშვილი მსჯელობს; დღევანდელ "მეათე სტუდიაში" კინოზეც ვისაუბრებთ და გიამბობთ იმაზე, როგორ ხდება საქართველო "ცივილიზებული კინოსამყაროს" ნაწილი. რადიოჟურნალს პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

თურქეთის საქართველო ფოტოებზე

დავით კაკაბაძე:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თითქმის ერთ კვირას გასტანა ფოტოგამოფენამ, რომელიც სამხრეთი კავკასიისა და ანატოლიის შემსწავლელი ცენტრის თანამშრომლებმა მოაწყვეს. გამოფენა ასახავდა თურქეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურის კვალს, წარმოაჩენდა თურქეთის აღმოსავლეთში ქართული წარმოშობის მოქალაქეთა ყოფასა თუ პორტრეტებს. როგორც ფოტოების ავტორმა, ბუბა კუდავამ ჩვენს კოლეგას, დავით პაიჭაძეს უთხრა, გამოფენის მიღმა დარჩა 10 ათასამდე ფოტო, რომელიც კოლეგებთან ერთად თურქეთში, ბოლო ერთი წლის მანძილზე რამდენჯერმე მოწყობილი ექსპედიციის დროს გადაიღო. სრულიად გასაგები ემოციური მუხტის გარდა, რომელიც გამოფენას ახლდა, ჩვენ დავინტერესდით მისი სამეცნიერო ღირებულებითაც.

დავით პაიჭაძე:
[დამთვალიერებლის ხმა] “აღსანიშნავია, რომ გამოფენა ძალიან კარგად არის სისტემატიზებული. ცალ-ცაკლეა გაშუქებული არქიტექტურული, ხელოვნებათმცოდნეობითი და ეთნოგრაფიული ასპექტები. ფოტოებს ძალიან კარგი ანოტაციები ახლავს, რაც სხვა ფოტოგამოფენებზე იშვიათია. ამითაც ეს გამოფენა ძალიან მომგებიანია: ძეგლის შესახებაც იძლევა ინფორმაციას და ემოციურ განწყობასაც გადმოსცემს.”

სამხრეთი კავკასიისა და ანატოლიის შემსწავლელი ცენტრის გამოფენაზე გამოთქმული ეს შთაბეჭდილება, ალბათ, საერთო იყო იმ ადამიანთა დიდი ნაწილისათვის, ვინც უნივერსიტეტში ბუბა კუდავას ფოტოებს გაეცნო. თუმცა, ბუბას გარდა, უნდა აღინიშნოს ცენტრის სხვა თანამშრომლები: ზურაბ ბატიაშვილი, ბონდო კუპატაძე, გოჩა საითიძე, ჯაბა სამუშია. ყველანი ერთად მრავალგზის იმყოფებოდნენ თურქეთში და, როგორც თავად ამბობენ, მნიშვნელოვანი სამეცნიერო მასალა ჩამოიტანეს. გამოფენაზე ნახავდით ზურაბ ბატიაშვილის ახალ წიგნს “კაპადოკია”, რომელიც გამომცემლობა დიოგენემ დასტამბა.


რაც შეეხება სამეცნიერო სიახლეებს, გოჩა საითიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა მრავალი უცნობი ნაკაწრი თუ ქვაზე ამოკვეთილი ძველი წარწერა. გარდა ამისა,

[საითიძის ხმა] “ჩვენმა ექსპედიციამ შავშეთში, სახელგანთქმული ტბეთის ტაძრის მახლობლად აღმოაჩინა მე-11 საუკუნის 20-ან წლებში ტბეთის ეპისკოპოს საბა მტბევარის მიერ ბიზანტიელთაგან თავდასაცავად აშენებული ცნობილი სვეტისციხე, რომელიც აქამდე ზუსტად ლოკალიზებული არ იყო. სხვათა შორის, მოვახდინეთ ლოკალიზება - მანამდე ამას ყურადღებას ვერ მიაქცევდნენ - ცნობილი ბასიანის ბრძოლის ადგილისა: მოვიმარჯვეთ ისტორიული წყაროები, იქ მოცემული ინფორმაცია შევადარეთ რელიეფს, ბასიანი მთლიანად დავიარეთ და ვიპოვეთ. ძალიან გვინდა ერთ დეტალზეც გავამახვილოთ ყურადღება. ეს არის ჩვენი საზოგადოებისათვის, და, რაღა დაგიმალოთ, მეცნიერებისთვისაც უცნობი კუნძული, რომელიც ჩვენ გვეკუთვნოდა. კუნძული ჩრდილის ტბაში მდებარეობს, ახლა ჩირდილის ტბა ჰქვია. წყაროებში ის ნახსენებია: თეთრციხე, ქალაქი კუნძულზე. ესაა პრაქტიკულად ხელუხლებელი განძი არქეოლოგებისთვის. ეს იყო შუა საუკუნეების ქალაქი, მაგრამ იქ ფიქსირდება პალეოლითის ხანის ადამიანის ნაკვალევიც. მთელი კუნძული ძეგლია: იქ არის შუა საუკუნეების ქართული ეკლესიის სანახევროდ შემორჩენილი ნაშთები, ციხე, ნავსადგური და ა.შ.”

გოჩა საითიძე აღნიშნავს, რომ ექსპედიციის დროს ყურადღება გაამახვილეს ლაზეთზე, რასაც აქამდე სწორედ მეცნიერული ყურადღება აკლდა. ახალგაზრდა ისტორიკოსებმა მიაკვლიეს იშვიათ სოფლებს, სადაც მოსახლეობა ჯერ კიდევ ინახავს ქართულ ენას. გოჩა ირწმუნება, რომ ამ სოფლების არსებობაც უცნობის იყო ქართული მეცნიერებისათვის.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოების ავტორის, ბუბა კუდავას აზრით, სამეცნიერო და ემოციური ღირებულების გარდა, გამოფენას კიდევ ერთი დატვირთვა აქვს:

[კუდავას ხმა] “ეს გახლავთ ძეგლთა დაცვის პრობლემა ამ რეგიონში. რამდენიმე ძეგლი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. პირველ რიგში, ოშკსა და ხანძთას გამოვყოფდი, რომელთა გუმბათები ჩამოქცევბის პირასაა. ჩვენ გვინდა, ამ ძეგლებს მეტი ყურადღება მიაქციოს ყველამ, ვისაც ეს ეხება: ხელისუფალი იქნება ეს, რესტავრატორი, ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი თუ სხვა სპეციალისტი”.

ბუბა კუდავა ამბობს, რომ 70-იან წლებში რამდნეიმე ძეგლი განზრახ დააზიანეს, თუმცა, ბოლო წლებში თურქეთის ხელისუფლება ზრუნვით ეკიდება ძველ ქართულ ნაძეგლარებს: წმენდს, ღობეს ავლებს და ა.შ. და მაინც, განსაკუთრებული ყურადღებას მათ არავინ აქცევს. ბუბას აზრით, საქართელოსაც შეუძლია პოლიტიკური და დიპლომატიოური ძალისხმევა გაიღოს ამ ძეგლების რეკონსტრუქციისა თუ კონსერვაციის უზრუნველსაყოფად.

როცა ბუბამ თურქეთში მომავალ ექსპედიციაზე ჩამოაგდო სიტყვა, მე ვკითხე, თუ დარჩა იქ კიდევ რიამე გადასაღები. აი, რა პასუხი მივიღე:

[კუდავას ხმა] “კი, რა თქმა უნდა, ეს არის ამოუწურავი თემა, მით უმეტეს, თურქეთში, რომლის სამეცნიერო შესწავლაც ჩვენი მხრიდან მხოლოდ 10 წელს თუ ითვლის.”

რაც შეეხება დაგროვილი ფოტომასალის გამოცემას, ბუბა კუდავა არ ჩქარობს: ერთი რომ ალბომის გამოცემა ძვირია და მეორეც, მას არ სურს ფოტოების სტანდარტული კრებული გამოსცეს. ბუბა ამ შემთხვევაშიც გამოსახვის ახალ ფორმებს ეძებს.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

"პერა პალასი" - ისტორიული სასტუმრო სტამბოლის შუაგულში

დავით კაკაბაძე:
არ ვიცი, ეძებდნენ თუ არა გამოსახვის ახალ ფორმებს იმ შენობის ხუროთმოძღვარნი, რომელზეც თურქეთთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სიუჟეტში ვისაუბრებთ. ფაქტი ის არის, რომ ეს ნაგებობა დღეს სტამბოლის ათასობით სტუმარს აჯადოებს. თუმცა, მოთმინება ვიქონიოთ და თანმიმდევრობა დავიცვათ. ამ კვირის დამდეგს, ორშაბათს და სამშაბათს, თურქეთის უდიდესმა ქალაქმა სტამბოლმა ნატოს სამიტს უმასპინძლა - მსმენელს ალბათ, ახსოვს, რომ ამ შეკრებას, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობდა, ვრცელი რეპორტაჟები დავუთმეთ. მათ ნატოს სამიტზე აკრედიტებული ჩვენი კოლეგა, მარიამ ჭიაურელი გვაწვდიდა. ის ამასობაში, მართალია, უკვე დაბრუნდა პრაღაში, მაგრამ დღეს, "მეათე სტუდიაში", ისევ სტამბოლზე ისაუბრებს - უფრო ზუსტად, სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირშესანიშნაობაზე. იქნებ იფიქროთ, რომ ეს წმინდა სოფიოს ტაძარია, ან რომელიმე სახელგანთქმული მეჩეთი, ანაც შთამბეჭდავი ბაზარი, რომელიც ათასობით ადამიანს იზიდავს. არა, მარიამ ჭიაურელი არც ერთ მათგანზე არ აპირებს ლაპარაკს - ის თავის სასტუმროზე გიამბობთ... დიახ, დიახ, სწორედ ასეა! და უცნაური ამაში არაფერია. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ: როცა გაიგებთ, რა სილამაზისა და რა წარსულის მქონე შენობაზეა საუბარი, აღარ გაგიკვირდებათ, რომ "პერა პალასით" - ასე ჰქვია სასტუმროს - მოხიბლულია ყველა, ვისაც კი მასში უცხოვრია ან თუნდაც დაუთვალიერებია იგი, მათ შორის კი მარიამ ჭიაურელი და იტალიელი ტურისტები...

[სამხრეთამერიკელი ტურისტის ხმა]

მარიამ ჭიაურელი:

(იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
სტამბოლის ისტორიულ სასტუმრო "პერა პალასზე" (იმედია, "ვერე პალასში" არ აგერევათ) მარიამ ჭიაურელი მოგითხრობდათ. ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემას. ეთერშია რადიო "თავისუფლების" ყოველკვირეული რადიოჟურნალი "მეათე სტუდია", რომელსაც პრაღიდან დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენური მოძრაობა. საუბარი ნუგზარ პაპუაშვილთან

დავით კაკაბაძე:
ჩვენი საუბრის შემდეგი თემა რელიგია გახლავთ. ბოლო ხანს აშკარად აქტუალობა შეიძინა ეკუმენურ მოძრაობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არყოფნის საკითხმა. ყოველ შემთხვევაში, ამ თემაზე საუბარს სულ უფრო ხშირად მოკრავთ ყურსა თუ თვალს მასმედიის სხვადასხვა საშუალებებში. რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა საზოგადოებრივი თვალსაზრისით? ამის გარკვევა სცადა ჩვენმა თბილისელმა თანამშრომელმა გიორგი კაკაბაძემ რელიგიის ექსპერტთან, ნუგზარ პაპუაშვილთან საუბარში.

(იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
ეკუმენური მოძრაობისადმი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულებაზე გიორგი კაკაბაძე ნუგზარ პაპუაშვილს ესაუბრებოდა.

[მუსიკა]

კვენტინ ტარანტინოს ფილმის პრემიერა თბილისში

დავით კაკაბაძე:
საქართველო "ცივილიზებული კინოსამყაროს" ნაწილი ხდება – თბილისში ახალი ფილმების მსოფლიო კინოპრემიერები ეწყობა. კინოთეატრ “ამირანში”, ოდნავი დაგვიანებით, ვიდრე შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, უკვე ორ კვირაზე მეტია, უჩვენებენ კვენტინ ტარანტინოს ფილმს “მოკალი ბილი 2”. მასზე თავის ზოგიერთ მოსაზრებას გვიზიარებს ჩვენი თბილისელი თანამშრომელი, გიორგი გვახარია.

გიორგი გვახარია:
18 ივნისს მოსკოვის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმით, "მოკალი ბილი 2"-ით გაიხსნა. საბჭოთა ეპოქაში, მოსკოვის კინოფორუმის დასრულების შემდეგ, ფესტივალზე ნაჩვენები შვიდი, ან რვა, როგორც იმხანად ამბობდნენ “იდეოლოგიურად გამართლებული” სურათი საქართველოშიც ჩამოჰქონდათ ხოლმე. თუმცა ეს ტრადიცია დიდი ხანია დაივიწყეს. რუსებისთვის კინო, როგორც ჩანს, აღარაა იდეოლოგიური ბრძოლის იარაღი. კინემაგაქირავება შოუ-ბიზნესის “გლობალური ბაზრის” ნაწილია... და მართალია ქართული კინოგაქირავება ვერა და ვერ სცდება დესეთეს საზღვრებს, მართალია თბილისის კინოთეტარები ფილმებს, როგორც წესი, ისევ რუსულ ენაზე უჩვენებენ, მსოფლიო კინოპრემიერები უკვე საქართველოს დედაქალაქშიც ეწყობა... და რაც მთავარია, საერთაშორსო ნორმების დაცვით – კინოთეატრები გამქირავებელს, ე.ი. ამ შემთხვევაში რუსეთის კინოფირმებს ფულს უხდიან.

კვენტინ ტარანტინოს “მოკალი ბილი 2” თბილისში პირდაპირ მოსკოვიდან ჩამოიტანეს. სურათის ქართული პრემიერა ფაქტობრივად დაემთხვა მოსკოვის კინოფესტივალის გახსნას... ასე რომ ქართველი კინომოყვარულები ვირტუალურად მაინც დაესწრნენ ტარანტინოს ფილმის ევროპულ პრემიერას და კარგა მაგრად იხალისეს კიდეც. არა და “მოკალი ბილი 2” “პირველი ბილის” კონტრასტია. პირველი ფილმის თაყვანისმცემლებს, შესაძლოა, არ მოწონებოდათ “მეორე ბილი”, რომლის გმირები ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და სადაც უმა ტურმანი თითქმის ორი საათი კლავს ერთიდა იგივე ადამიანს. განსაკუთრებით უკმაყოფილო იქნება ის, ვინც ჯიუტად ცდილობს მიაგნოს ხელოვნებაში (და, შესაძლოა, ცხოვრებაშიც) ჭეშმარიტებას და სიმართლეს, უფრო სწორად, დიდი სურვილი აქვს “გამოიყვანოს” ჭეშმარიტების ფორმულა. ტარანტინო ყველაფერს აკეთებს, რათა დაგვარწმუნოს, რომ სულ ტყუილად ვირჯებით. “მოკალი ბილი 2”-ში აქამდე კონტექსტიდან ამოგდებული ფრაზა, თუ პეიზაჟის ნაწილი, აბსოლუტურად განსხვავებულად ჟღერს, ვიდრე პირველ ფილმში და ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტება აქ საერთოდ არ არსებობს. თანამედროვე კინოხელოვნების რეფორმატორმა, კვენტინ ტარანტინომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ენდობა მაყურებელს, უყვარს იგი, ვინც არ უნდა იყოს, ამერიკელი, რუსი თუ ქართველი და თავისი ფილმის (უფრო ზუსტად, ორი ფილმის) უკანასკნელი მონტაჟის უფლებას სწორედ მას უტოვებს – დაასრულეთ მონტაჟი თქვენს წარმოსახვაში, თუ გნებავთ, თქვენს სიზმრებში, შეეჯიბრეთ ერთმანეთს, ვინ უფრო ნიჭიერია.

ყველაფერ ამას დიდი ენთუზიზმით შეხვდნენ ქართველი თინეიჯერები. როგორც ჩანს, მათ “იდეოლოგიური იარაღებით” ვეღარ დააშინებენ.

გიორგი გვახარია, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა კინოფილმიდან "მოკალი ბილი"]

დავით კაკაბაძე:
"მოკალი ბილსა" და სხვა ამერიკულ კინოფილმებს უკვე არა მარტო თბილისში, არამედ, წარმოიდგინეთ, ბაღდადშიც კი უჩვენებენ - იქ, სადაც არცთუ დიდი ხნის წინათ ამერიკის დადებით კონტექსტში ხსენება კაცს სიცოცხლის ფასადაც შეიძლებოდა დასჯდომოდა. დღეს ვითარება შეიცვალა. ახლა სიცოცხლის ფასად კაცს - კერძოდ კი ერაყის ყოფილ დიქტატორს სადამ ჰუსეინს - ის შეიძლება დაუჯდეს, რომ იგი სამი ათეული წლის მანძილზე სასტიკად უსწორდებოდა თავის ოპონენტებს, უმოწყალოდ ახოცინებდა ქურთებსა და შიიტებს, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდა ქიმიურ იარაღს... ყოველ შემთხვევაში, ასეა ნათქვამი საბრალდებო დასკვნაში, რომელიც მოსამართლემ ხუთშაბათს, 1 ივლისს, ოფიციალურად გააცნო სადამ ჰუსეინს. ყოფილი დიქტატორის სასამართლო პროცესი რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს. ეს რაც შეეხება ნამდვილ სადამ ჰუსეინს. აი, მისი მინიატურული ფიგურა კი ბაღდადელი ბავშვების - და არა მარტო ბავშვების - საყვარელი სათამაშოა. ერაყის დედაქალაქის სათამაშოების მაღაზიებში უკვე რამდენიმე თვეა, წარმატებით იყიდება ბატარეებზე მომუშავე სადამ ჰუსეინის ფიგურა, რომელიც პოპულარული სიმღერის, "ჰიპი ჰიპი შეიკის" ჰანგებზე როკავს. იარაღი და ყოველგვარი სამხედრო აღჭურვილობა არც თრჯინა-სადამს აკლია: ხელყუმბარები, ხანჯალი, რადიოგადამცემი მოწყობილობა, ბინოკლი და, რა თქმა უნდა, კალაშნიკოვის ავტომატი.

[მუსიკა. Hippy Hippy Shake]

"ჰიპი ჰიპი შეიკით" მუსიკაზე საუბარი არ დაგვიმთავრებია. 25 ივნისს 60 წელი შეუსრულდა ცნობილ ბრიტანელ გიტარისტსა და კომპოზიტორს ჯეფ ბეკს - ადამიანს, რომელსაც სავსებით სამართლიანად მიიჩნევენ ჯიმი პეიჯის, ერიკ კლაპტონის, კარლოს სანტანასა და გიტარის სხვა დიდოსტატთა რანგის შემსრულებლად.
ჩვენი დღევანდელი "მეათე სტუდია" სწორედ ჯეფ ბეკისა და მისი პარტნიორის როდ სტიუარტის მუსიკით მინდა დავამთავრო. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა. "People Get Ready"]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG