Accessibility links

პოლიტიკური სამკუთხედი: სააკაშვილი-შევარდნაძე-აბაშიძე


თბილისის და ბათუმის მშვიდობიანი რევოლუციების შემდეგ პოლიტიკური სამკუთხედი: სააკაშვილი-შევარდნაძე-აბაშიძე მხოლოდ თეორიული მსჯელობისთვის თუ არსებობს.

მე კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ამ სამკუთხედს - იმისათვის, რომ ერთი დაკვირვება შემოგთავაზოთ.

ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური ფიგურა წლების განმავლობაში მარტივ და ცალსახა აღქმას არ ექვემდებარებოდა. ერთნი მას მიიჩნევდნენ ბრძენ მმართველად, რომელმაც გაცილებით მეტი იცის, ვიდრე მის ირგვლივ მოფუსფუსე პოლიტიკოსებმა; მეორენი კი დაუღალავად ამტკიცებდნენ, რომ შევარდნაძე დამოუკიდებელი ფიგურა არასოდეს ყოფილა და მისი თითოეული ნაბიჯი გარედან, იმპერიული თუ მასონური ძალების მიერ, იყო ნაკარნახევი.

ექსპერტებს არაერთხელ გამოუთქვამთ თვალსაზრისი, რომ უმთავრესი საკითხი, რომელიც საბოლოოდ მოჰფენდა ნათელს შევარდნაძის პოლიტიკური პორტრეტის ბუნდოვან შტრიხებს, იქნებოდა მისი კარიერის დასრულება და მომდევნო თაობისთვის ძალაუფლების გადაბარების ფორმა.

“ვარდების რევოლუციის” წინ შექმნილი ვითარება შევარდნაძის კარიერას კარგს არაფერს უქადდა: პრეზიდენტის მიმართ მოსახლეობის აგრესია იზრდებოდა, მისი გარემოცვა კი უფრო და უფრო მეტად დეგრადირებულ სახეს იღებდა. წელიწად-ნახევარი - დრო, რომელიც რჩებოდა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე - საბოლოო განადგურებით ემუქრებოდა შევარდნაძის ავტორიტეტის ჯერ კიდევ შემორჩენილ ნამცეცებს.

ბოლო წლების უმძიმესი კრიზისის ფონზე, “ვარდების რევოლუციამ” ერთბაშად გააცოცხლა ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურად მომაკვდავი ფიგურა. ის ბოლო შტრიხი, რომელმაც მისი პოლიტიკური კარიერა დაასრულა, გახდა უსისხლო გადადგომა და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება ახალგაზრდა თაობისთვის. გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ ხავერდოვანმა რევოლუციამ ერთგვარად გადაარჩინა ედუარდ შევარდნაძის მრავალწახნაგა პოლიტიკური კარიერა.

მაგრამ რევოლუციის ბათუმურმა გაგრძელებამ ერთიანი სურათი კიდევ ერთხელ შეცვალა. პოლიტიკური წყვილი: სააკაშვილი-შევარდნაძე გადაზარდა პოლიტიკურ სამკუთხედში: სააკაშვილი-შევარდნაძე-აბაშიძე. აშკარა ფეოდალური მისწრაფებების მმართველის, ასლან აბაშიძის, მშვიდობიანი წასვლა პოსტიდან გახდა იმის ნიშანი, რომ შევარდნაძის გადადგომაც იმდენად პირადი არჩევანი და კეთილი ნების გამოვლენა არ ყოფილა, რამდენადაც - იძულებითი ნაბიჯი. იმ რეალობაში, სადაც ასლან აბაშიძემაც კი ვერ შეძლო, თუ ვერ გაბედა, რომ უდანაშაულო ადამიანების სისხლით შეენარჩუნებინა საკუთარი ძალაუფლება, ცხადია, ამას მით უმეტეს ვერ შეძლებდა და ვერც გაბედავდა ედუარდ შევარდნაძე.

ასე რომ, “ვარდების რევოლუციით” შევარდნაძის პოლიტიკური ფიგურის გაცოცხლების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მის კარიერას ტრაგიკული წერტილი დაუსვა ვარდების თვის რევოლუციამ და ასლან აბაშიძის გაქცევამ საქართველოდან. მათი პოლიტიკური ცხოვრების ერთგვაროვანმა დასასრულმა ორივე მმართველი ფუნქციურად გააიგივა. ორმა რევოლუციამ შევარდნაძეს და აბაშიძეს ისტორიის წინაშე ერთმანეთის გვერდით მიუჩინა ადგილი, მიხეილ სააკაშვილს კი - მათ პირისპირ.
XS
SM
MD
LG