Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომძლავრდა თუ არა წვრილი კრიმინალი თბილისში?


მიუხედავად იმისა, რომ წართმეული ხელჩანთები, მობილური ტელეფონები თუ სხვა ძვირფასი ნივთები ბევრი მფლობელისათვის წვრილმან ზარალს ნამდვილად არ წარმოადგენს

- ჯიბის ქურდობას, არამასშტაბურ ძარცვასა და დაყაჩაღებას მაინც წვრილმან კრიმინალს უწოდებენ ხოლმე. თბილისელები ფიქრობენ, რომ ასეთი ფაქტები ბოლო პერიოდში აშკარად მომრავლდა.

(ისმის მიწისქვეშა გადასასვლელში მომღერალი მამაკაცის ხმა)

სიმღერების ცოცხალი შესრულების გარდა, მიწისქვეშა გადასასვლელები თბილისელებს ბევრ უსიამოვნო სიურპრიზსაც სთავაზობს. ეგრეთ წოდებული წვრილმანი კრიმინალი ასეთ ადგილებში, რომ იტყვიან, პირდაპირ ყვავის. თუკი მოდუნდებით, დაოსტატებული ჯიბის ქურდები თქვენი ჩანთიდან თუ ჯიბიდან საფულეს ან მობილურ ტელეფონს ისე ამოგაცლიან, რომ კარგ ილუზიონისტსაც კი შეშურდება. საგულისხმოა, რომ ამგვარი კრიმინალი, ძირითადად, ქალებს ემტერება და ამის გამო ისინი საშინელ დისკომფორტს განიცდიან:

(დაზარალებული ქალბატონების ხმები) “დისკომფორტს მიქმნის იმიტომ, რომ მე, ძირითადად, მიწისქვეშა გადასასვლელებით დავდივარ. დღისით-მზისით მქონია შემთხვევა, რომ ჩანთა გაუხსნიათ და რაღაც... ეს კიბეებზე, აი, აქ... / უარესობა დაიწყო. გუშინწინ 60 ლარი ამომაცალეს ჯიბიდან. ასეთი ბევრი ხდება და ბევრია... ამიტომ, მიხედონ ჯერ ამას. ზევიდან რომ იწყებენ, ჯერ პატარიდან უნდა დაიწყონ...”

ნინოს, ჩემს ერთ-ერთ რესპონდენტს, ჩანთა რამდენიმე დღის წინათ, საღამოს, დედაქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეზე, გასტაცეს:

(დაზარალებული ნინოს ხმა) “რომ მომიახლოვდა, უკვე ვიგრძენი, რომ რაღაც ხდებოდა. დამეჯაჯგურა პირდაპირ ჩანთაზე და, ამ ჭიდაობაში, გამგლიჯა ჩანთა და გავარდა.”

ნინომ გაქცევა ვერ მოასწრო. არადა, ამ დროს, თუკი ფეხსაცმელი ხელს გიწყობთ, ერთადერთი საშველი, მართლაც, გაქცევაა:

(ისმის გაქცეული ადამიანის ფეხის ხმა)

მიწისქვეშა გადასასვლელების კრიმინალურ სამყაროზე იქ განლაგებულ მაღაზიათა მეპატრონეებიც ემოციით საუბრობენ. მათ ხომ ბევრი შეწუხებული დაზარალებული უნახავთ:

(მიწისქვეშა გადასასვლელების მაღაზიათა მეპატრონეების ხმები) “მომისმენია, რომ ვიღაცას ტელეფონი ჩამოგლიჯეს და გაიქცნენ, ასეთი შემთხვევები ყოფილა.../ ისევ აქტიურობენ, გენაცვალე, ღამის საათებში აქ ვიღაც სამი ქურდი ხვდება გამვლელებს, ძარცვავს, ართმევს ჩანთას, სცემს და გარბიან... დავიჯერო, პოლიციამ არ იცის?! ჩვენ უკვე ვიცით, რომ ერთი პატარა და შავგვრემანია და კიდევ ვიღაც ორი მაღალი.”

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიციელები, მსხვილი კრიმინალების პარალელურად, წვრილებსაც დასდევენ და 30 ივნისს, სპეცოპერაციის შედეგად, 14 მათგანი დააკავეს კიდეც. თუმცა, როგორც ჩანს, ყოველივე ეს საერთო ამინდზე ზეგავლენას ჯერ ვერ ახდენს.

თანაც, როგორც ჩემი რესპონდენტები აღნიშნავენ, ასეთ პრობლემას მხოლოდ დაჭერებით ვერ გადაჭრი. მით უმეტეს, რომ წვრილმან კრიმინალთა უმრავლესობას მოზარდები წარმოადგენენ და ამგვარი საქციელისაკენ მათ, ძირითადად, ოჯახის შიმშილი უბიძგებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG