Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კმარელები ''თბილტრანსის'' მძღოლთა აქციას შეუერთდნენ


პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ 1 ივლისს სასტიკად დარბეული “თბილტრანსის” მძღოლები და მათი ოჯახის წევრები საკუთარი უფლებების დასაცავად

2 ივლისსაც შეიკრიბნენ. საპროტესტო აქცია ამჯერადაც მერიის შენობის წინ ადრიანი დილიდან დაწყო, რამდენიმე საათში კი მას, სოლიდარობის ნიშნად, ხელისუფლების სისასტიკით აღშფოთებული მოძრაობა “კმარას“ აქტივისტებიც შეუერთდნენ. რას ითხოვენ დედაქალაქის მთავრობისგან “თბილტრანსის” მძღოლები და რა ულტიმატუმს უყენებენ კმარელები რევოლუციით შობილ ხელისუფლებას?

[თეა თუთბერიძის ხმა] “სასწრაფოდ იქნას გამოძიებული, რა ხდება... და, აი, აქედან არავის არ ვუშვებთ. მოვიდეს მღებრიშვილი და დაგვარბიოს...”

ეს მოძრაობა “კმარას” ერთ-ერთი აქტივისტი თეა თუთბერიძეა, რომელიც მერიის წინ შეკრებილი კმარელების ორგანიზებას ახდენს საპროტესტო აქციის დაწყების წინ. “კმარას” წევრები, მერიის მთავარი კარის ბლოკირების შემდეგ, საგანგებოდ მიტანილ ტრანსპარანტებსაც შლიან: “კმარა ხელისუფლების ძალადობა”. “ძლიერ ხელისუფლებას “დუბინკები” არ სჭირდება”...

არ იფიქროთ, რომ ჩანაწერი 2003 წლის ნოემბრის მოვლენებამდეა გაკეთებული. 2 ივლისს მერიის შენობასთან მისული კმარელები ამჯერად უკვე ახალ ხელისუფლებას უკიჟინებდნენ “კმარას”.

[თეა თუთბერიძის ხმა] “მართალია, ეს ხელისუფლება სწორედ ხალხის ნებას ემყარება, მაგრამ თუკი ვერ დავინახავთ და ვერ ვხედავთ იმას, რომ ისინი ხალხს ყურადღებას არ აქცევენ, შესაბამისად, “კმარას” უფრო ხმამაღლა დავუძახებთ.”

თეა თუთბერიძე და სხვა კმარელები მერიასთან პირველ ივლისს დარბეული “თბილტრანსის” მძღოლებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დასაცავად მივიდნენ. ის ადამიანები, რომლებმაც თავად გამოსცადეს პოლიციელთა ხელკეტების სიმწარე, მომხდარს ასე იხსენებდნენ:

[მამაკაცის ხმა] “შემოვიდა ორი მანქანა, რომ იტყვიან, მღებრიშვილის კამანდა, თავისი გაწვრთნილი ნადირებით, გადმოვიდნენ და დაგვერივნენ. ამჟამად სამი საავადმყოფოშია, ორი - სახლში.”

[ქალბატონის ხმა] “გადაყვანილია ჩვენი მძღოლები საავადმყოფოში, ბოსტოღანაშვილის მთელი ოჯახი - დედა და შვილები. სცემეს დედას, რატომ პირამოკერილი შვილი გადაეფარაო. ამის გულისთვის სცემეს ხანშიშესული ქალი.”

ამგვარი სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ, ალბათ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, თუ რას და რამდენად სამართლიანად ითხოვენ “თბილტრანსის” მძღოლები და მათი ოჯახის წევრები. ყველაფერი შორეულ 1974 წელს დაიწყო, როცა დედაქალაქის მერიამ რაიონებიდან მოწვეულ მძღოლებს, საცხოვრებელი ფართის მიცემის გარანტიით, “თბილტრანსში” მუშაობა დააწყებინა. მძღოლებმა კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა პირობა შეასრულეს, თუმცა ბინა და ფულადი კომპენსაცია ყველა მათგანმა როდი მიიღო.

[ქალბატონის ხმა] “სულ ჩვენი კომპენსაცია ჯდებოდა 12 მილიონი ლარის ფარგლებში. დავთანხმდით ჩვენ, წავედით შეთანხმებაზე: ყოფილიყო ის მინიმუმი... ჩვენ ვითხოვდით ელემენტარულად მარტო თავშესაფარს, რო გვეყიდა ბინები. წავედით ამ თანხმობაზე და 1997 წლიდან დღემდე ქალაქის მერია აკმაყოფილებდა ხალხს.” (სტილი დაცულია)

საბოლოო ჯამში, ეტაპობრივი დაფინანსებით, მერიამ 510-დან მხოლოდ 130 ოჯახის დაკმაყოფილება შეძლო. შარშან თბილისის ბიუჯეტმა “თბილტრანსის” მძღოლებისთვის 770 ათასი გამოყო, წელს კი 735 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა საკრებულომ აღნიშნული ხარჯის გაწევა ამჯერად მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

[ქალბატონის ხმა] “თუკი 130 ოჯახის ვალდებულება იყო ამათ თავზე, 381 ოჯახის ვალდებულება რატომ არ არის. აი, ეს გვიპასუხონ, ამ შეკითხვებზე გაგვცენ პასუხი. სიტყვიერი და არა “დუბინკები”. (სტილი დაცულია)

ხელკეტებით ნაცემ ადამიანებს ქომაგად მოძრაობა “კმარა” მოევლინა. კმარელი აქტივისტები, წინას მსგავსად, მოქმედ ხელისუფლებასაც საპროტესტო გამოსვლებით ემუქრებიან.

[“კმარას” აქტივისტის ხმა] “თუ საჭირო იქნება, განვაახლებთ და არამარტო წარწერებს. თუ მაგრები არიან, მოვიდნენ და ჩვენ დაგვარბიონ. მერე რა მოუვათ, ნახავენ.”

პოლიციამ ჯერჯერობით ვერ გაბედა, თუმცა რა იქნება სამომავლოდ, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა მოძალადე პოლიციელების დასჯასაც არ აპირებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG