Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური ურთიერთობა მოსკოვური დოღის ფონზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სავარაუდოდ, უახლოეს ხანში განახლდება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული კომისიის სხდომა - 3 ივლისს ცხინვალის ხელისუფლებამ მოლაპარაკების

განახლებისთვის ქართული მხარის ულტიმატუმი შეასრულა და გაათავისუფლა რამდენიმე დღის წინ ცხინვალის მიდამოებში დაკავებული საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამი თანამშრომელი. ამ გადაწყვეტილებით ცხინვალის ხელისუფლებამ იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ ის მოლაპარაკების განახლების მომხრეა.

რამდენიმე დღის წინ ცხინვალის მისადგომებთან დაკავებული გიორგი იოსებიძე, ზვიად თაბაგარი და ლევან შიუკაშვილი 3 ივლისს ცხინვალის ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა. ორი მათგანი სამხედრო დაზვერვის თანამშრომელია, ერთი - უშიშროების სამინისტროსი. ცხინვალის ხელისუფლების განცხადებით, დაკავებულები ცხინვალში დაზვერვით საქმიანობას ეწეოდნენ. ამის მიუხედავად, ცხინვალის ხელისუფლების პრესისა და ინფორმაციის სამინისტროს განცხადებით, ხელისუფლებამ გაითვალისწინა ოფიციალური თბილისის მოთხოვნა და დაკავებულები გაათავისუფლა.
შესაბამისად, გამორიცხული არ არის, უახლოეს დღეებში მუშაობა განაახლოს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების ოთხმხრივი კომისიის სხდომამ, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ სწორედ ცხინვალში საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა დაპატიმრების გამო ჩაიშალა. კომისიის ქართული მხარის თანათავმჯდომარე, კონფლიქტების მოგვარების საკითხში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა მოლაპარაკების დაწყების პირობად კატეგორიულად მოითხოვდა დაპატიმრებულების გათავისუფლებას. ამ ორი დღის წინ ცხინვალის ხელისუფლება ამ მოთხოვნის შესრულებას არ აპირებდა. 3 ივლისს დაპატიმრებულები გაათავისუფლეს.
შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცხინვალის ხელისუფლების „კეთილი“ ნების გამოხატვის მოტივად საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსკოვში არაოფიციალური ვიზიტით ყოფნა იქცა. ფაქტია, რომ ოთხმხრივი კომისიის მუშაობის ჩაშლა ხელს არ აძლევს არც ცხინვალის ხელისუფლებას და არც ოფიციალურ მოსკოვს, რომელსაც მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია საჯაროდ ჩაერიოს ქართულ-ოსურ მოლაპარაკებაში. მეტიც, ცხინვალის ხელისუფლების ზღვარგადასული სიჯიუტის შემთხვევაში, გამორიცხული არ იყო, ოფიციალურ თბილისს ცხინვალის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობო ძალების გაყვანის მოთხოვნა დაეყენებინა - მით უფრო, რომ ცხინვალსა და თბილისს შორის ურთიერთობის ამჟამინდელი დაძაბვის მიზეზად რუსი მშვიდობისმყოფელების მეთაურის ნადბზოროვის განკარგულება იქცა. როგორც გახსოვთ, ნაბდზოროვმა ქართული მხარის მიერ, მისი აზრით, უკანონოდ შექმნილი გამშვები პოსტების ძალის გამოყენებით დაშლის განკარგულება გასცა.
ასეა თუ ისე, კომისიის მუშაობის განახლების წინაპირობა არსებობს, თუ ქართული მხარე კიდევ ორი თავისი მოთხოვნის შესრულებას არ მოითხოვს: ნაბდზოროვის გაწვევას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან და თავად კომისიაში რუსეთის მხრიდან თანათავმჯდომარის შეცვლას.
XS
SM
MD
LG