Accessibility links

logo-print

გასულ კვირაში დასავლეთის პრესა საქართველოს შესახებ ინფორმაციით ისეთი მდიდარი


გასულ კვირაში დასავლეთის პრესა საქართველოს შესახებ ინფორმაციით ისეთი მდიდარი არ იყო, როგორიც გვახსოვს ბოლო ხანებში, განსაკუთრებით კი,

ამ ქვეყანაში პოლიტიკური აქტიურობის შემდეგ. დღეს გაგაცნობთ “ფაინენშელ ტაიმსსა” და “ლოს ანჯელეს ტაიმსში” გამოქვეყნებული წერილების შინარსს, ასევე - საინტერნეტო გამოცემა “იურეიშა ვიუს” მიერ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისადმი მიძღვნილ ერთ სტატიას.

“ფაინენშელ ტაიმსი” 2 ივლისს, ანუ იმ დღეს, როცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში სტუმრობდა და როცა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების ქმედების გამო ვითარება დაიძაბა, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას უძღვნის წერილს, სათაურით “საქართველოს ლიდერი მოსკოვს ეუბნება, შენს საქმეს მიხედეო”. გაზეთს მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, რომ მას განზრახული აქვს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი ჯერ სამხრეთ ოსეთის რეგიონზე აღადგინოს, მოგვიანებით კი - აფხაზეთზე და რომ, ამასთან, აფხაზეთში რუსეთის გავლენის შემცირებას შეეცდება.“ფაინენშელ ტაიმსს” მოჰყავს სააკაშვილის შემდეგი ნათქვამი: ჩემი აზრით, ოსეთის საკითხი მალევე მოგვარდება, იქ მხოლოდ 30 ათასი ადამიანი ცხოვრობს; აფხაზეთი კი სხვაა - ის რუს გენერლებს უფრო მეტად ენანებათ, რადგან იქ აგარაკები აქვთო. შემდეგ გაზეთს მოჰყავს სააკაშვილის ნათქვამი რუსეთის პრეზიდენტისადმი მისი დამოკიდებულებისა და იმის თაობაზე, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, მაგრამ საქართველოს იმ უფლების განხორციელებაც საჭიროა, რომ საკუთარი საქმეები რუსეთის ჩარევის გარეშე აწარმოოს. “ფაინენშელ ტაიმსი” მკითხველს პრეზიდენტის იმ მოსაზრებასაც უზიარებს, რომ პუტინმა თავი რეალისტად აჩვენა, როცა ასლან აბაშიძეს არ დაუდგა გვერდში. მაგრამ, სააკაშვილისვე თქმით, რუსეთში ძალიან ბევრია ისეთი პოლიტიკოსი და სამხედრო მოღვაწე, რომლებიც საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას ცდილობენ. საქართველოს პრეზიდენტმა ღიად უთხრა “ფაინენშელ ტაიმსს”, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად აკეთებს განცხადებებს საქართველოში ვითარების თაობაზე, ეს კი მათი საქმე არ არის, - ძნელია ძველ იმპერიულ ჩვევებზე უარის თქმა. მიხეილ სააკაშვილს ინტერვიუში უთქვამს, აგრეთვე, რომ მას პუტინთან კარგი პირადი ურთიერთობა აქვს, მაგრამ ერთია გყავდეს პარტნიორი, რომლისგანაც იცი, რას უნდა მოელოდე და მეორეა, მიაღწიო რამეს. საქართველოს პრეზიდენტის თანახმად კი, რამის მიღწევა ნიშნავს, მოსკოვი შეურიგდეს იმას, რომ საქართველო მისდევს საგარეო პოლიტიკას, რომელიც ევროპასთან უფრო მეტად დაახლოებას - ჯერ ნატოში, შემდეგ კი ევროპის კავშირში შესვლას - ითვალისწინებს.
ახლა მოკლედ იმაზე, თუ რას წერს საინტერნეტო გამოცემა “იურეიშა ვიუ” მმართველი ბლოკიდან რესპუბლიკური პარტიის გამოყოფაზე. სტატიის ავტორის აზრით, ეს ფაქტი ხაზს უსვამს ნაცონალური მოძრაობის ბლოკის გადაქცევას პოლიტიკური სტატუს-კვოს მოდარაჯედ. “იურეიშა ვიუ” წერს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ნოემბრის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიზნად დაისახა დაეცვა საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა და ძლიერი ცენტრალური მთავრობა ჩამოეყალიბებინა. სტატიაში ლაპარაკია რესპუბლიკური პარტიის უკმაყოფილებაზე აჭარის არჩევნების შედეგებით. მაგრამ ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ უთანხმოება ორ პარტიას შორის მხოლოდ ამ კენჭისყრის გამო არ ხდება. სტატიის ავტორის თანახმად, ამას არაერთი მიზეზი აქვს. ის ასახელებს ზურაბ ჟვანიას ფაქტორს, - ამ პოლიტიკოსს რესპუბლიკური პარტია დიდხანს შევარდნაძის კოლაბორაციონისტად მიიჩნევდა, - ასევე საკადრო საკითხში უკმაყოფილებას, აჭარაში დემოკრატიული ალიანსის თავმჯდომარედ ედუარდ სურმანიძის დასახელებას და სააკაშვილის მიერ რესპუბლიკელთა მოწინააღმდეგე “ჩვენი აჭარისთვის” მხარდაჭერას აჭარის არჩევნებში.
და კიდვ ერთი წერილი, რომელიც აჭარის ყოფილ მმართველს ასლან აბაშიძეს ეხება. გაზეთი “ლოს ანჯელეს ტაიმსი” საკმაოდ ვრცელ მასალას მიუძღვნის ასლან აბაშიძეს, რომელსაც, ჩანს, გაზეთის კორესპონდენტი მოსკოვში ესტურმა. გაზეთი წერილს მემედ აბაშიძის თემით იწყებს და თავის მკითხველს აცნობს ამ პოლიტიკოსს, რომელიც თავის დროზე აჭარელ ნაციონალისტებს ედგა სათავეში და შემდგომ ბოლშევიკების მიერ იქნა განადგურებული. ასლან აბაშიძე გაზეთის კორესპონდენტს მოსკოვში თავის აზრს ეუბნება საქართველოს მთავრობაზე, რომელიც აცხადებს, აბაშიძეებმა, სულ მცირე, 21 მილიონი დოლარი მიითვისეს სახელწიფოსიო. ასლან აბაშიძე ამბობს, რომ ეს არის ნეობოლშევიზმის მახინჯი გამოვლინება. მისი თქმით, მას სამარცხვინოდ მოექცნენ, მაგრამ ასლან აბაშიძეს სწამს, რომ ისტორია ყოველივეს სამართლიანად განსჯის. ის მემედ აბაშიძეზე ლაპარაკობს და ამბობს, 37-ში პაპაჩემი დახვრიტეს, 58-ში კი მისთვის ძეგლების დადგმა დაიწყესო.
ასლან აბაშიძეს “ლოს ანჯელეს ტაიმსისთვის” უთქვამს, აგრეთვე, სააკაშვილს აჭარის ავტონომიის ტერიტორია აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელობის გარეშე სურდაო. როგორც ავტორი წერილის ბოლოს წერს, აბაშიძეს მღელვარება არ ეტყობა - ის წრუპავს აჭარულ “საფერავს” და ამბობს, რომ ჰყავს კარგი მეგობრები, მათ შორის, მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი.
XS
SM
MD
LG