Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალუტო ფონდი ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკას სიფრთხილით ეკიდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე საქართველოში ფართომასშტაბიანი პრივატიზების ძირითადი პრინციპები წარმოადგინა.

კახა ბენდუქიძის რადიკალური ეკონომიკური ლიბერალიზმი, რომლის მიმართაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, როგორც ჩანს, თავად მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვისაც, რიგ შემთხვევებში, ყურისმომჭრელია. მართალია, კაბინეტი ბოლომდე ცდილობს კოლექტიური პასუხისმგებლობის გუნდის იმიჯის შენარჩუნებას, მაგრამ ბოლო პერიოდში სრულიად აშკარა ხდება, რომ ბენდუქიძის ფიგურა ამ გუნდის კონტექსტიდან, ერთგვარად, ამოვარდნილია და მთავრობის წევრთა ნაწილი უკვე ღია ოპონირებასაც აღარ ერიდება. მართალია, ბენდუქიძის ”ხილული”ოპონენტის რანგში ამჯერად მხოლოდ ასევე ”მძიმეწონოსანი” სახელმწიფო მინისტრი გურამ აბსანძე მოგვევლინა, მაგრამ ეს ოპონირება ეკონომიკის მინისტრის სასარგებლოდ მაინც ”თანაბარი წონითი კატეგორიის” ორთაბრძოლად ვერ მოინათლება. გასული კვირის მთავრობის სხდომის მინი ინციდენტი სახიერი გამოხატულება გახლდათ იმისა, რომ ჟვანიას კაბინეტი, მოჩვენებითი ერთობის მიუხედავად, მთლად ”ერთ სისხლ და ერთ ხორც” არ არის. თუმცა იმავე სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა სიტუაციის განმუხტვა და ერთობის დემონსტირება კიდევ ერთხელ სცადა და კერძო ინიციატივის მხარდაჭერით გამოვიდა:

[ზურაბ ჟვანიას ხმა]”ეს არის ჩვენი მრწამსის საკითხი, რასაც ბატონი ბენდუქიძე ამბობს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი იმაში, რომ როგორც მთავრობას, როგორც ერთიანი პასუხისმგებლობით შეკრულ გუნდს, ჩვენ გვწამს იმისა, რომ ამ ქვეყნის წარმატება გადის კერძო ინიციატივის ხელშეწყობაზე. ” (სტილი დაცულია)

თავად ბენდუქიძის ”ტოტალური პრივატიზების გეგმა” წელიწად-ნახევარში სახელმწიფო ობიექტების მთლიან განკერძოებას გულისხმობს.
ეკონომიკის მინისტრი თავისი პრინციპების ერთგული რჩება და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი ობიექტების - რკინიგზის, საზღვაო პორტების, აეროპორტების, ფოსტის, გაზმომარაგებისა და ენერგეტიკის ობიექტების - გაყიდვა თანდათანობით მოხდება. დანარჩენი სახელმწიფო საწარმოების, რომელთა რაოდენობა 1800-მდეა, სწრაფი პრივატიზაცია განხორციელდება.

პირველი პრივატიზაცია კი უახლოეს დღეებში აჭარაში ტურისტული ობიექტებით დაიწყება. ”ტურისტული ობიექტები პირველად იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს, რაც შეიძლება, სწრაფად გაკეთდეს, რათა შემდეგი სეზონისთვის მზად იყოს,” - აღნიშნავს ბენდუქიძე.

მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრი ისეთი, აქამდე ”წმიდათაწმიდა”, სფეროს განკერძოებასაც ეხება, როგორიც ბუნებრივი რესურსებია. სწორედ ამ თემამ გამოიწვია კაბინეტის ცალკეულ წევრთა ღია შეშფოთება. ბენდუქიძე ტყეების პრივატიზების პრეცედენტს სწორედ რესურსების უკეთ დაცვის არგუმენტით ხსნის და ამისათვის მისთვის ჩვეულ ”მაგარ გამოთქმებსაც” არ ერიდება:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”თუ სოფელში მცხოვრებ კერძო პირს, დავუშვათ, 50 ჰექტარი ტყე ეკუთვნის, ის ამ ტყეს დაიცავს და, თუ ვინმე ბრაკონიერი შევიდა იქ, შეთხრის ერთ ადგილას თოფს.”(სტილი დაცულია)

ქართულ ეკონომიკაში ასევე შემოდის პრივატიზების ახალი ფორმა, რომელსაც ”საერთაშორისო გაყიდვა“ ჰქვია და იგი აუქციონისა და პირდაპირი მიყიდვის პრინციპებს აერთიანებს.

მორიგი ”დიდი პრივატიზების” პრინციპები ეკონომიკის მინისტრმა თბილისში ვიზიტად მყოფ სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორ იერუნ კრემერსსაც გააცნო, რომელიც თავის შეფასებებში, ტრადიციულად, დიპლომატიური იყო. კრემერსი მიესალმება მთავრობის პოლიტიკას გამჭვირვალედ ჩაატაროს პრივატიზების პროცესი, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ტრანსფარენტულობაზე მნიშვნელოვანი მისი სწორი ორგანიზაციული წარმართვა იქნება.

სავალუტო ფონდის სხვა მაღალჩინოსნებისაგან განსხვავებით, იერუნ კრემერსი, ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, არასამთავრობო სექტორს, მედიასა და, რაც მთავარია, ბიზნესჯგუფებს შეხვდა. ეს უკანასკნელნი არასოდეს გამოირჩეოდნენ ამ საფინანსო ინსტიტუტის მიმართ მაინცდამაინც დიდი სიმპათიით. შესაბამისად, გადამხდელთა კავშირში კრემერსის სტუმრობა ბიზნესმენებმა კონსტრუქციული თანამშრომლობის დასაწყისად აღიქვეს.

,,გადამხდელთა კავშირის“ აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ისაკაძეს მიაჩნია, რომ კრემერსის ბიზნესმენებთან შეხვედრით დაინტერესება ფონდის მხრიდან ბიზნესჯგუფებთან აქტიური თანამშრომლობისკენ გადადგმული ნაბიჯია და ბიზნესის მტრად მონათლული სავალუტო ფონდის შესახებ არსებულ სტერეოტიპებს საბოლოოდ დაამსხვრევს.

მიუხედავად იმისა, რომ იერუნ კრემერსის მისია სპეციფიკურია და იგი, რეგულარული მისიებისაგან განსხვავებით, ოფიციალური რეკომენდაციების გაწევას არ ითვალისწინებს, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დიდი ინტერესი გამოიჩინა ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის შემცირებული გადასახადების მიმართ.
მანამდე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძესა და პროფესორ ლადო პაპავასთან გამართულ შეხვედრაზე კრემერსმა ერთგვარი შიში გამოთქვა შემცირებულ განაკვეთებთან დაკავშირებით, უფრო სწორად კი, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეძლებს მთავრობა ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკით საბიუჯეტო შემოსავლების დაბალანსებას და გადასახადების ადმინისტრირებას. ლადო პაპავა ირწმუნება, რომ გადასახადების შემცირების ხარჯზე ადმინისტრირების გაუმჯობესება შიშის საფუძველს არ იძლევა. თავად კრემერსი, საგადასახადო კოდექსის პროექტის შეფასებისას მეტისმეტ სიფრთხილეს იჩენდა და დეტალიზებას გაურბოდა:

[იერუნ კრემერსის ხმა] „ საგადასახადო კოდექსი ჯერ დამუშავების სტადიაშია და კონკრეტულ განაკვეთებზე წარმოდგენა არა მაქვს. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთს დავძენ: ვფიქრობ, მთავარია შეიცვალოს გადასახადებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება, უნდა მოხდეს მოსახლეობის მიერ გადასახადების რეგულარული გადახდა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც მე მეუბნებიან, რომ ამჟამად გადასახადის განაკვეთი არის 20-25 პროცენტი და მას არავინ არ იხდის, ჩემთვის გაუგებარია და წარმოდგენა არა მაქვს საქართველოს რეალობაში ეს რას ნიშნავს. შეიძლება რეალური გადახდა იყოს, ვთქვათ, 12%. მაგრამ ამაზე მსჯელობა არა ჩემსა და ხელისუფლებას, არამედ შიგნით, მთავრობის წევრებს შორის, უნდა მიმდინარეობდეს. როგორმე უნდა გაკეთდეს, რომ მოსახლეობის მხრიდან გადასახადების გადახდას რეგულარული, მუდმივი ხასიათი ჰქონდეს. ეს არის გაცილებით მნიშვნელოვანი და არა ის, აიწიოს თუ დაიწიოს განაკვეთმა. “

საერთოდ, ცნობილია, რომ სავალუტო ფონდის პრიორიტეტი სახელმწიფოებთან ურთიერთობაში ბიუჯეტის დაბალანსებაა. შესაბამისად, ფონდი საგადასახადო ლიბერალიზაციის თემას ყოველთვის ერთგვარი სკეფსისით ეკიდება - ყოველ შემთხვევაში, ამგვარადაა საქართველოსთან მიმართებაში. შესაბამისად, საგადასახადო განაკვეთების შემცირების გამო საბიუჯეტო დისბალანსის შიში მათ, ბუნებრივია, აქვთ. ფონდის პროგრამების მნიშვნელობის მიუხედავად, შიდა ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა საბოლოოდ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია. უბრალოდ, ეს პოლიტიკა გრძელვადიან სტრატეგიაზე გათვლილი და მისი ეფექტი წინასწარ პროგნოზირებადი უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG