Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი მოსკოვში, ნატოს სამიტის გადაწყვეტილებების მნიშვნელობა საქართველოსთვის, ცხინვალის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი მოსკოვში, ნატოს სამიტის გადაწყვეტილებების მნიშვნელობა საქართველოსთვის, ცხინვალის ირგვლივ განვითარებული მოვლენები - ძირითადად,

სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება გასული კვირის ქართულმა პრესამ.

როგორც 3 ივლისის გაზეთი „რეზონანსი“ წერს, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე გაირკვევა, აგულიანებს თუ არა კრემლი კოკოითს. ჩაშლილი ოთხმხრივი მოლაპარაკების ფონზე მოსკოვში ჩადის მიხეილ სააკაშვილი. გაზეთის ცნობით, მართალია, პროტოკოლით გათვალისწინებული არ არის მიხეილ სააკაშილისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტებს სალაპარაკო ბევრი აქვთ. გაზეთი წერს:



„მიხეილ სააკაშვილს რუსეთის პრეზიდენტთან გულახდილი დიალოგის იმედი აქვს და შეხვედრაზე დიდ იმედებს ამყარებს, თუმცა სააკაშვილი იმასაც ამბობს, რომ შეხვედრისგან სასწაულებს არ უნდა ველოდეთ.“
გუშინ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროში კარგი პერსპექტივები იხსნება. მას იმედი აქვს, რომ 3 ივლისს ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრა ორმხრივ ურთიერთობას ახალ იმპულსს შესძენს. მისი თქმით:


„ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ თბილისში გაიხსნას საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი, რომელსაც ექნება მთელ რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლის მანდატი. ჩვენთვის საქართველოში რუსეთის ყოფნის სწორედ ასეთი სახეა მისაღები,“განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა „რეზონანსი“ მკითხველს შეახსენებს, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამგვარი ცენტრის შექმნა რუსეთისთვის არაფრის მომტანი იქნება.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის დროს შეეხებიან, ცხინვალის რეგიონში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებია. მით უმეტეს, რომ 2 დღის წინ მოსკოვში დაგეგმილი ოთხმხრივი მოლაპარაკება ჩაიშალა. შეხვედრამდე სააკაშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებას და ოსი მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო დაპირისპირებას არ აპირებს. ის სამხრეთ ოსეთის ავტონომიას გაფართოებული უფლებების მინიჭებას ჰპირდება და რუსეთში წასულ მოსახლეობას კვლავ საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.






მოსკოვში მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტის შედეგებს მომავალი კვირის ქართული პრესა, სავარაუდოდ, დიდ ყურადღებას დაუთმობს, ისევე როგორც ნატოს სამიტს, რომელმაც ქართველი ჟურნალისტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.
„ნატოს სამიტზე რუსეთს საქართველოდან ბაზების გაყვანა უცერემონიოდ მოსთხოვეს“, „ნატოს საქართველოსკენ სვლას ვერც რუსეთის დემარში შეაჩერებს“, „დიპლომატიური შეტევა რუსეთზე“ - ასეთი სათაურებით გამოეხმაურა ქართული პრესა ამ კვირის დასაწყისში სტამბულში ნატოს სამიტზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც 30 ივნისის „დილის გაზეთი“ წერს, ნატოს სამიტზე მიღებულ საბოლოო კომუნიკეში, სხვა მრავალ მნიშვნელოვან მომენტთან ერთად, აღნიშნულია, რომ ევროატლანტიკური თანამშრომლობის განსაკუთრებული ინტერესების სფერო საქართველო და კავკასია ხდება.
30 ივნისის „მთავარი გაზეთის“ თქმით კი, სამიტზე მიღებულ კომუნიკეში, პირველად ალიანსის არსებობის ისტორიაში, ცალკე აღინიშნა სტრატეგიულ სფეროში შემავალი არა ცალკე რეგიონი, არამედ ქვეყანა, რომელიც არ არის ნატოს წევრი. „ სახელმწიფო, რომლის მიმართაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის ინტერესს ოფიციალურად გამოხატავს, საქართველოა,“ - წერს „მთავარი გაზეთი“ და განაგრძობს:


„მოულოდნელი აღმოჩნდა განცხადება საქართველოს პრეზიდენტისა, რომელმაც პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრამდე სამი დღით ადრე მოსკოვის პოლიტიკა ღიად გააკრიტიკა. მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მას პუტინის ხელისუფლებისა და რუსეთის პრეზიდენტის პრაგმატული პოლიტიკის იმედი აქვს. კავკასიაში კონფლიქტური კერების შექმნაში რუსეთის დადანაშაულებით სააკაშვილმა, ფაქტობრივად, გააქარწყლა ხმები საქართველოს ჩრდილოეთ ორბიტაზე შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ნატოს სამიტზე რუსეთის ბაზებისა და კონფლიქტების პრობლემის წინა პლანზე წამოწევით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა სცადა. პირველი რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ქართული დელეგაციის სტამბულში ვიზიტი დაგეგმილზე ბერდა უფრო წარმატებულად დასრულდა. სტამბულში დადასტურდა, რომ ოფიციალური თბილისის მიერ არჩეული პრიორიტეტები დასავლეთისთვის სრულიად მისაღებია. ამერიკის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილისადმი მხარდაჭერის დემონსტრირება სამიტის დახურვის ცერემონიალზეც მოახდინა, როცა მის გვერდით დაიკავა ადგილი.




30 ივნისის გაზეთ „ხვალინდელი დღის“ ცნობით, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ქართულ მხარეს ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს. თუმცა, ომის შემთხვევაში, იგი უკან დახევას არ აპირებს და საპასუხო დარტყმით იმუქრება. გაზეთი წერს:


„ ჩიხში მოქცეულ კოკოითს, შესაძლოა, ძალიანაც სურს ომის წამოწყება, რადგან მას რუსეთის დახმარების იმედი აქვს, თუმცა ამ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება და პირველი ტყვიის გასროლა აშკარად არ აწყობს. სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარს ამბობს საქართველოს ხელისუფლებაც, რადგან ეს საკმაოდ წამგებიანი ნაბიჯია. იგი ამ პრობლემის მოსაგვარებლად „ყულფის სტრატეგიას“ მიმართავს და ცხინვალის რეგიონის იზოლირებას მიზანმიმართულად ცდილობს.
ოსებისთვის შემოსავლის თითქმის ერთადერთი წყარო ერგნეთის ბაზრობა გახლდათ, სადაც, ძირითადად, ცხინვალის მკვიდრნი რუსეთიდან შემოსული კონტრაბანდული ტვირთის ყიდვა-გაყიდვით იყვნენ დაკავებული. ამგვარი ვაჭრობით, ძირითადად, გავლენიანი ოსები - და არამარტო ისინი - გვარიან შემოსავალს იღებდნენ, უბრალო მოსახლეობა კი პურის ფულს შოულობდა. ახლა ერგნეთის ბაზრობა აღარ არსებობს, რაც ცხინვალის ხელისუფლებას საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს. კოკოითმა ქართული მხარის ამ ქმედებაზე რეაგირება მოახდინა და მისთვის საკმაოდ წამგებიანი ნაბიჯი გადადგა. რამდენიმე დღის წინ ცხინვალში შემავალი გზები გადაკეტა და საქართველოდან რუსეთში მიმავალ ავტობუსებს გავლის საშუალება არ მისცა.
კოკოითის შეშფოთებაზე მეტყველებს ქართველი სამართალდამცველების დაკავების გახშირებული ფაქტებიც. რამდენიმე დღის წინანდელი საქართველოს უშიშროების სამი თანამშრომლის დაკავების ისტორიას ოთხი ქართველის მოტაცების, ფიზიკური შეურაცხყოფისა და უპირობოდ გათავისუფლების ამბავი შეემატა.
ცხონვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები სულ უფრო ემსგავსება აჭარის ამბებს. ჯერ იყო და, საქართველოს ხელისუფლებამ ოსებს „პოპულარული“ აზოტოვანი სასუქი დაურიგა. ახლა უკვე მთავრობა ეკონომიკური ბლოკადის განხორციელებას გეგმავს. ჯერი კოკოითზეა, რამდენ შეცდომას დაუშვებს იგი. ბოლო ეტაპი გიორგობა და ვარდების ექსპორტი იქნება.“


„აჭარას კონსტიტუცია აღარ ექნება,“ - წერს 30 ივნისის გაზეთი „რეზონანსი“, რომლის ცნობითაც, ეს საკითხი, ანუ აჭარისთვის კონსტიტუციის ქონა-არქონის თემა, პარლამენტში დაპირისპირების საკითხად იქცა. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „აჭარის სტატუსის“ შესახებ კანონპროექტის მეორედ განხილვისას სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია კამათი. „რეზონანსი“ წერს:


ხელისუფლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეტაპობრივად გაუქმების მომხრეა. ამის შესახებ განცხადებებს ფრაქცია „ნაციონალ-დემოკრატების“ წარმომადგენლები აკეთებენ. თუმცა პარლამენტარი კობა დავითაშვილი, რომელიც აჭარაში პლებისციტის ჩატარებას მოითხოვს, ამ მოსაზრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. კომიტეტის სხდომაზე მისმა გამოჩენამ სრულ იდილიაში დისონანსი შეიტანა.
„ ამ კანონით ჩვენ აჭარის უფლებამოსილებებს ვზღუდავთ. დადგება დრო და ავტონომიას საერთოდ გავაუქმებთ და აჭარა დედის ღირსეული შვილი გახდება. ის გერი არ უნდა იყოს. მაგრამ ავტონომიის გაუქმებამდე უნდა შევთანხმდეთ, რომ მის უფლებებს მნიშვნელოვნად ვზღუდავთ,“ - მიაჩნია ნოდარ გრიგალაშვილს. სხვა მოსაზრება აქვს კობა დავითაშვილს, რომელიც ამბობს:

„ ეს პროექტი ბევრად უარესია, ვიდრე რეალური ავტონომია. ჩვენ ვტოვებთ იმის საფუძველს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას ხვალ ფეხი გადაუბრუნდა, ჩვენ სამოქალაქო ომს მივიღებთ. მერე ავტონომიის გაუქმებაზე საუბარი გვიან იქნება. არჩევნები რომ ჩატარდა და ხალხმა რამდენიმე მილიონი დახარჯა, ახლა ამ თანხებს ამოღება უნდა. მათ 2-2 კილო შაქარი და ფქვილი დაარიგეს და დეპუტატები გახდნენ. თუ აჭარას საკუთარი კონსტიტუცია, დროშა და გერბი ექნება, ეს ადამიანები დაიწყებენ ბრძოლას უფლებამოსილებებისთვისაც.
თითიდან გამოწოვილი მგონია არგუმენტი, რომ აჭარის ავტონომიის არსებობით აფხაზებსა და ოსებს შემოვიტყუებთ. მათ სიტყვა ავტონომიის გაგონებაც არ უნდათ,“ - მიაჩნია დავითაშვილს. მისი აზრით, ხელისუფლებას ამ კანონის მიღებამდე აზრი აჭარის მოსახლეობისთვისაც უნდა ეკითხა. მით უმეტეს, რომ, დავითაშვილის განცხადებით, ავტონომიის გაუქმების მომხრეთა რიცხვი აჭარაში თანდათან იზრდება.“
XS
SM
MD
LG