Accessibility links

logo-print

კონფლიქტი ნაციონალებსა და რესპუბლიკელებს შორის


აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებმა ერთიან პოლიტიკურ პროცესში ცვლილებები შეიტანა: რესპუბლიკური პარტია ნაციონალურ მოძრაობას დაუპირისპირდა და

საპარლამენტო უმრავლესობაც დატოვა. ვინ იყო განხეთქილების მოთავე? შეიძლება თუ არა რესპუბლიკელების პროტესტი შეფასდეს როგორც უმრავლესობის რღვევის დასაწყისი? რა მოელის თავად რესპუბლიკურ პარტიას? ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხები ძნელი მოსაძებნია.

რესპუბლიკური პარტიის გულშემატკივრები დღეს სინანულით აღნიშნავენ, რომ დავით ბერძენიშვილმა ხანგრძლივი თანამშრომლობა ვერც მიხეილ სააკაშვილთან და მის პარტიასთან შეძლო. ამგვარი ჩუმი საყვედური იმ შინაარსს გულისხმობს, რომ რესპუბლიკური პარტია ხშირად იცვლის სტრატეგიულ პარტნიორს, მაგრამ ბოლომდე ვერავის ეგუება.

მუდმივი სიხისტე პოლიტიკაში ნაკლად მიიჩნევა, პრინციპების ერთგულება კი - ღირსებად. თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ძნელი გასარკვევია, სად გადის ზღვარი პიროვნულ სიხისტესა და პრინციპების ერთგულებას შორის. “ვარდების რევოლუციის” წინა და შემდგომ პერიოდში პირადად მიხეილ სააკაშვილსა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს შორის საქმიანი და ნდობით გაჯერებული ურთიერთობა იყო. მაგრამ პრეზიდენტის გარემოცვა რესპუბლიკელებს ყოველთვის აფასებდა როგორც ზედმეტად ამბიციურ და ნაკლებად ქმედით პოლიტიკურ ძალას.

ამ ვითარებაში ვინ შეიძლება იყოს ნაციონალურ მოძრაობასა და რესპუბლიკურ პარტიას შორის მომხდარი განხეთქილების რეალური მოთავე - მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა თუ დავით ბერძენიშვილი და მისი თანამოაზრეები? ფაქტია, რომ სააკაშვილმა არ ისურვა ბერძენიშვილს აჭარის პოლიტიკურ სივრცეში გაეგრძელებინა კარიერა - ბათუმის მერი ან ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი გამხდარიყო. მეორე მხრივ, რომელიმე სხვა პარტია უეჭველად დაყაბულდებოდა იმ პირობებს, რასაც უმრავლესობის ფარგლებში განუსაზღვრავდნენ; რესპუბლიკელებმა კი ეს არ ისურვეს.

შესაბამისად, ნაციონალები ამბიციების უსაფუძვლო მოძალებაზე საუბრობენ; რესპუბლიკელები კი განმარტავენ, რომ მათი გამოსვლა საპარლამენტო უმრავლესობიდან ერთგვარი მინიშნებაა, ერთგვარი სიგნალია, რომელიც საზოგადოებას აფრთხილებს: “ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი იზღუდება”. არავინ დავობს, რომ მთელი თავიანთი კარიერის მანძილზე რესპუბლიკური პარტიის ყოფილი და ამჟამინდელი ლიდერები - ივლიანე ხაინდრავა და დავით ბერძენიშვილი - “სუფთა პოლიტიკის” პრინციპს არ დაშორებიან. ამის საფასურად, მათ მოუხდათ ნებაყოფლობით წასულიყვნენ აქტიური პოლიტიკიდან შევარდნაძის მმართველობის მეორე ნახევარში. რა იყო ეს - ამბიცია თუ პრინციპების ერთგულება? პოლიტიკური რომანტიზმი თუ რაციონალიზმი? ალბათ, ვისთვის - როგორ...

ერთმნიშვნელოვანი პასუხი არც იმ კითხვაზე არსებობს, ნიშნავს თუ არა რესპუბლიკელებისა და ნაციონალების კონფლიქტი უმრავლესობის რღვევას. ერთი მხრივ, სახელისუფლო პარტიას სერიოზული რესურსი რჩება იმისათვის, რომ ნებისმიერი კენჭისყრისას 118 ხმა მოაგროვოს. კიდევ ერთი ან ორი ათეული ადამიანის დაკარგვაც კი ამ მხრივ პრობლემას არ ქმნის. თუმცა რესპუბლიკური პარტიის პროტესტი მნიშვნელოვანია არა იმდენად რაოდენობრივ, რამდენადაც - თვისებრივ ჭრილში. რადგან განხეთქილების საფუძველი ის გახდა, რომ რესპუბლიკელები ურთიერთობის დიალოგურ პრინციპს ითხოვდნენ, ნაციონალები კი მათ მონოლოგურ რეჟიმს სთავაზობდნენ. შესაბამისად, მომავალში ამჟამინდელი მეამბოხეების გვერდით აღმოჩნდება ყველა, ვისაც მსგავსი პრეტენზია გაუჩნდება ნაციონალური მოძრაობის მიმართ; ყველა, ვინც თანასწორ, ჰორიზონტალურ ურთიერთობებს მოითხოვს და ვერ მიიღებს. ასე რომ, ერთი მხრივ, ხელოვნურია იმგვარი შეფასება, თითქოს, რამდენიმე ადამიანის პროტესტმა უმრავლესობას სერიოზული ბზარი გაუჩინა; მეორე მხრივ, რეალობა მოითხოვს იმის აღიარებას, რომ დროთა განმავლობაში მოსალოდნელია არა მხოლოდ ბზარის, არამედ ნაპრალის გაჩენაც.

რა მოელის თავად რესპუბლიკურ პარტიას? აქაც ორი გაგრძელებაა დასაშვები. იმის გამო, რომ ხელისუფლებას ღირსეული ოპოზიცია არ გააჩნია და ოპოზიციური ნიშა თავისუფალია, თეორიულად, სწორედ რესპუბლიკელებს შეუძლიათ ამ ნიშის შევსება. აჭარის არჩევნებმა ეს შესაძლებლობა პრაქტიკულადაც დაადასტურა, განსაკუთრებით, ბათუმის მაგალითზე. მეორე მხრივ, ნაციონალურ მოძრაობას რეალური ოპოზიცია გაუჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ასპარეზზე ალტერნატიული ლიდერი გამოვა. დღეს ძალიან ძნელია იმის დაშვება, რომ დავით ბერძენიშვილი შეძლებს, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ალტერნატივად ჩამოყალიბდეს. ასე რომ, ჯერჯერობით რესპუბლიკელების მომავალი დამოკიდებულია არა იმდენად საკუთარ ნაბიჯებზე, რამდენადაც ხელისუფლების ქმედების შინაარსზე; სხვა ფაქტორებთან ერთად, იმაზეც, თუ რამდენად სწორად შეაფასებენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები რესპუბლიკელების მიერ საზოგადოებისთვის გაგზავნილი სიგნალის მნიშვნელობას.
XS
SM
MD
LG