Accessibility links

logo-print

დღევანდელ ახალგაზრდულ პროგრამაში ორ ვნებაზე


დავით პაიჭაძე, თბილისი დღევანდელ ახალგაზრდულ პროგრამაში ორ ვნებაზე

- თამაშსა და ფეხბურთზე ვილაპარაკებთ. ევროპის ჩემპიონატი და ტოტალიზატორის ქართველ მოთამაშეთა მიმართებები - ეს არის ჩვენი გადაცემის თემა. სხვათა შორის, ამ თემას, რომ იტყვიან, ხარკი გადაუხადა ახალმა ქართულმა ლიტერატურამაც: აკა მორჩილაძემ დაწერა მოთხრობა “ტოტო მუკამბას ბიჭები”. ჩვენ დღეს შევხვდებით მოთამაშეებს, შევიტყობთ, რამდენად ზუსტნი არიან თავიანთ გათვლებში, რამდენს იგებენ და აგებენ, როგორ ეკიდება ამ გატაცებას მათი ოჯახი, მოვლენას შევხედავთ ფსიქოლოგის თვალით. აქვე გეტყვით, რომ გადაცემის მომზადებისას დაგვეხმარნენ ჩვენი ახალგაზრდა კოლეგები: ნინო ზედელაშვილი, ნინო მარშანია, ნათია ნიკოლაიშვილი და ნინო ჩიმაკაძე. ისინი ელაპარაკნენ ყველა რესპონდენტს, ვის ხმასაც დღეს ეთერში მოისმენთ.

მასალები ჩვენი გადაცემისათვის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩებამდე შევკრიბეთ. ტოტალიზატორის მუდმივ სტუმართა განცდებისა და მოტივების გარდა, მათი გათვლის უნარიც გვაინტერესებდა. აი, როგორ დაინახა ზოგიერთმა დარჩენილი მატჩების შედეგი:

[მოქალაქეთა ხმები] 1.“ჩემი აზრით, ფინალში ჩეხეთი და ჰოლანდია გავლენ”. 2.“ნახევარფინალში ჩეხების გამარჯვებას ვვარაუდობ ბერძნებთან და, ასე მგონია, ჰოლანდია-პორტუგალიის ძირითადი დრო ფრედ დამთავრდება”. 3. “არ ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი, რომ უპირატესობას ჩეხეთის ნაკრებს ვანიჭებ. საბერძნეთმა უკვე გამოაჩინა თავისი ხასიათი, შეუძლია დიდი წინააღმდეგობაც გასწიოს, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს: ფინალისტი ჩეხეთი იქნება. მეორე ნახევარფინალი ძნელად პროგნოზირებადია.”

არაერთ გამოცდილ მოთამაშეს ევროპის ჩემპიონატზე ფსონის დადება არასწორად მიაჩნია. შესაძლოა, მათი გათვლები თქვენც რაციონალურად მოგეჩვენოთ:

[მოქალაქის ხმა] “საერთოდ, ტოტალიზატორის თამაში ჯობს არა ევროპისა და მსოფლიოს, არამედ შიდა ჩემპიონატებზე. როცა რამდენიმე ქვეყნის ჩემპიონატი ერთად მიმდინარეობს, შეგიძლია აქცენტი გააკეთო გერმანიის, ინგლისის, იტალიის, ესპანეთის ჩემპიონატების თითო თამაშზე და ერთმანეთზე გადაბმული ეს ოთხი თამაში უფრო გაგიმართლებს, ვიდრე ევროპის ჩემპიონატის ერთი თამაში. ევროპის ჩემპიონატზე უფრო დაძაბული ურთიერთობები და ვითარებაა.”

ამ სიტყვებში ჩანს, რომ წარმატება ტოტალიზატორში თამაშის დროს მეტ-ნაკლებად ლოგიკურ გათვლასა და იღბალს უკავშირდება. მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს. ზოგი დარწმუნებულია, რომ ფეხბურთის მატჩები, ასე ვთქვათ, “ტოტალიზატორზე ეწყობა” და ფსონის დადებისა და ჩაწყობილი შედეგის გამოცნობის მოლოდინის გარეშე თამაშის ყურებას აზრი არა აქვს:

[ბიჭის ხმა] “ფეხბურთში თითქმის ყველა გადასულია ტოტალიზატორზე; როცა ფსონი გაქვს დადებული, უფრო დაძაბული უყურებ, უფრო გულშემატკივრობ გუნდს. როცა არ დაგიდვია, შეგიძლია არც უყურო.”

ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე ამბობს, რომ შეუძლებელია იმ ქართველის გადარწმუნება, ვისაც ტოტალიზატორში ჩაწყობილი თამაშების სჯერა. თავად ერთადერთხელ, დიდი ხნის წინ, უთამაშია:

[ნიჟარაძის ხმა] “იმის მერე ჩემს თავს პირობა მივეცი: არასოდეს არ ვითამაშებ, იმიტომ რომ გაორება ხდება თამაშის მსვლელობის დროს. ვთქვათ, ერთ გუნდზე გაქვს დადებული და გინდა, მეორემ მოიგოს. პირადად მე ამის გამო ძალიან დიდ დისკომფორტს ვგრძნობ. ამის გამო გადავწყვიტე, ეს არასოდეს არ გავაკეთო.”

მოქმედ მოთამაშეთა უმრავლესობას განუცდია მსგავსი შინაგანი წინააღმდეგობა, მაგრამ ამის გამო დისკომფორტს არ შეუწუხებია. ტოტალიზატორის მუდმივ სტუმრებს სხვა, მათთვის გაცილებით ძლიერი, მოტივები აქვთ თამაშის გასაგრძელებლად. ერთი მოტივი, რა თქმა უნდა, ფულის მოგებაა. მაგრამ ირკვევა, რომ საქართველოში, ძირითადად, მცირე თანხაზე თამაშობენ. ფული თითქოს არც 20 წლის გიგასთვის არის მთავარი:

[გიგას ხმა] “ფულის სიყვარულის გამო ნაკლებად შეიძლება ტოტალიზატორში თამაში. თუმცა არის ხალხი, ვინც მარტო ამით ირჩენს თავს, მაგრად იცის ფეხბურთი და თამამად შეუძლია ოჯახიც არჩინოს.”

გიგა ახალგაზრდაა, მაგრამ მოგებულ ან წაგებულ ფულთან საინტერესოდ მსუბუქი დამოკიდებულება მხოლოდ ახალგაზრდობით არ უნდა აიხსნას. ეს, ალბათ, უფრო მოთამაშის მიმართებაა:

[გიგას ხმა] “მეოთხე წელია, ვთამაშობ და აშკარად წაგებაში ვარ. სერიოზული თანხა, რაც მომიგია, მაქსიმუმ, 250 ლარი იყო. ის თანხა მერე მთლიანად წავაგე. აი, ამ ევროპის ჩემპიონატზე ნაღდად კატასტროფულად დიდი თანხა წავაგე. ასეთი შედეგები მე არც ერთ ჩემპიონატზე არ მახსოვს. რაღაც სკანდალურად მიდის ყველაფერი.”

რამდენი უნდა წააგო, რომ თამაშზე ხელი აიღო? გიგას ეს მიჯნა მონიშნული აქვს, თუმცა ირწმუნება, რომ მას არ მიუახლოვდება:

[გიგას ხმა] “ვთქვათ, წავაგე ერთი სახლი, ერთი მანქანა, 20 ათასი დოლარი. მერე მივხვდები, რომ აღარ უნდა ვითამაშო. მაგრამ ასე არ შევტოპავ, ვიცი. ამიტომაც ძალიან თავისუფლად და მსუბუქად ვაგრძელებ ცხოვრებას.”

[ისმის კომპოზიცია I’m Broke]


I’m Broke - მე გავკოტრდი. ტოტალიზატორში გაკოტრებამდე, ალბათ, მართლაც ერთეულები მიდიან. ყველა რესპონდენტი, ვინც გველაპარაკა, ამბობს, რომ სძლევს ცდუნებას, ითამაშოს დიდ ფულზე. მეორე მხრივ, ძნელია თავი შეიკავო თამაშისგან, როცა, მაგალითად, ასე გაგიმართლებს:

[ორი მოქალაქის ხმა] “სამ ლარში მაქვს 120 ლარი მოგებული, ლარში მაქვს 360”. “ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას, ყველაზე მეტი, 300 ლარი, მოვიგე.”

მოთამაშეებს თვითრეფლექსიაც ახასიათებთ. ახალს არაფერს ვიტყვით, თუ აღვნიშნავთ, რომ მათ, ალბათ, ყველაზე უკეთ იციან, რატომ თამაშობენ. ტოტალიზატორსაც კრიტიკულად უყურებენ და, მიუხედავად ამისა, ასე აღწერენ თავიანთ გატაცებას:

[მოქალაქის ხმა] “ტოტალიზატორი ხალხს დასცინის და მაინც თამაშობენ: ყველას ფულის მოგება უნდა. ტოტალიზატორში თამაში, იქ სიარული, ნარკოტიკივით არის. კაცს არ შეუძლია უიმისოდ, მაგრამ იმდენი ნებისყოფა უნდა გქონდეს, რომ დიდ ფულზე არ ითამაშო. რომ წააგებ, გადატანაც უნდა შეძლო. მე დიდ ფულს არ ვთამაშობ, ტოტალიზატორში თანხის წაგების გამო თავს ვერ მოვიკლავ. ეს უბრალო გართობაა, აზარტია. ეს აზარტი საშინელებაში არ უნდა გადაიზარდოს და არ უნდა დაიწყო მანქანებისა და სახლების გაყიდვა. ბევრჯერ მითქვამს, რომ აღარ შევალ ტოტალიზატორში, მაგრამ დავინახავ და ფეხიც, ხელიც და გონებაც უკვე იქით მიდის.”

ნარკოტიკებთან პარალელი ჩნდება ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძის საუბარშიც:

[ნიჟარაძის ხმა] “ვიცი, რომ მოთამაშეებს, ვინც ან ძალით ან სხვა მიზეზით თამაშს თავს ანებებს, ნარკოტიკული ე.წ. ლომკის მსგავსი რამ ემართებათ. არის ხალხი, ვისაც არ შეუძლია თავის დანებება.”

გაგა ნიჟარაძე ამბობს, რომ ტოტალიზატორს, საერთოდ, აზარტულ თამაშებს ყველა ეტანება. არა აქვს მნიშვნელობა, განვითარებულია თუ არა ქვეყანა, ან რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნის მოთამაშე. აზარტული თამაში კაცობრიობის ასაკისაა, მიაჩნია გაგა ნიჟარაძეს. ადამიანთა ნაწილს ყოველთვის აქვს სურვილი, მოიგოს დაუმსახურებელი ფული.

გადაცემის მომზადებისას ერთი კანონზომიერება შევნიშნეთ: ტოტალიზატორის მოთამაშეთა საგრძნობი ნაწილი დაუსაქმებელია, უმუშევარია. ერთმა მათგანმა გულწრფელად გვითხრა:

[ახალგაზრდის ხმა] “უმუშევარი ვარ და მინდა, ფული მქონდეს, რაღაც ხერხით ვიშოვო ფული.”

გაგა ნიჟარაძის აზრით, ტოტალიზატორმა საქართველოში ასეთი ხალხისთვის დამატებითი საზრისი შეიძინა:

[ნიჟარაძის ხმა] “ჩვენთან ტოტალიზატორმა ცხოვრების აზრი მისცა ბევრ ხალხს, რომელსაც არ უნდა არც სწავლა, არც მუშაობა, არც არაფერი, მაგრამ ფული უნდა. ამიტომ სულ აქვთ იმედი, რომ ახლა მოიგებენ, მაგრამ, როგორც წესი, ვერ იგებენ.”

როგორ აირეკლება მოთამაშეთა ცხოვრების წესი მათ ოჯახებზე, როგორ ეკიდებიან ოჯახის წევრები ასეთ გატაცებას? მამის პოზიცია, მაგალითად, ამგვარია:

[მამის ხმა] “ვისიცაა ტოტალიზატორი, ის ყოველთვის მოგებულია. ვინც ტოტალიზატორს ეთამაშება, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დროს, საბოლოო ჯამში, წაგებული რჩება. რა თქმა უნდა, არ მომწონს, ჩემი შვილები რომ თამაშობენ. ვიცი, წააგებენ, მაგრამ იმედი აქვთ და იმედი ღმერთმა ნუ მოუშალოთ. 100 ლარი თუ მოუგიათ. 10 ლარზე მეტს არ თამაშობენ, არა აქვთ საშუალება და იმიტომ. ახლა, ათასები რომ ჰქონდეთ... თუმცა, მე ნამდვილად არ გავიმეტებდი ათასებს სათამაშოდ. რაიმე უკეთეს საქმეში ჩავდებდი. იმის იმედად, არიქა, მოვიგებ და გავკეთდებიო, ორი კაციც არაა დედამიწაზე.”

სხვა შემთხვევაში, მეტი შეჭირვების მიუხედავად, დედა უფრო ლმობიერია და გაგებით ხვდება შვილის მისწრაფებას:

[დედის ხმა] “ბევრი ფულის საშუალება არა გვაქვს, მაგრამ ლარი, სამი ლარი, ხუთი ლარი როცა კი გვაქვს, თამაშობს. იშვიათად იგებს, უფრო ხშირად აგებს. ძალიანაც არ მაწყობს, მაგრამ რა ვქნა, ამას სხვა გასართობი არაფერი აქვს, ვერ დავუშლი. მოიგო 5 დოლარი, 14 დოლარი, 10 ლარი, 5 ლარი. დიდი თანხა ნამდვილად არ წაუგია, არ გვაქვს და იმიტომ. არ მომწონს, რომ თამაშობს. ხანდახან პურის ფული მაქვს, ლარი, მიაქვს და უარს ვერ ვეუბნები, რადგან გულს ვატკენ. არადა, იმ ლარად დღეს პურს ვიყიდდი. არც მომწონს და არც მაწყობს, მაგრამ რა ვქნა: იძულებული ხარ, ბავშვს გული არ ატკინო.”

რა თქმა უნდა, მეტი სოლიდარობაა მოსალოდნელი დედმამიშვილის მხრიდან, მით უმეტეს, თუ კაცმა ფეხბურთიც იცის და ბედიც უღიმის. ჩვენ ერთი მოთამაშის ძმას გავესაუბრეთ:

[ძმის ხმა] “უფრო ხშირად ტოტალიზატორს უგებს. ყველაზე ბევრი, დადებული აქვს 100 ლარი. ყველაზე მეტი, რაც მოუგია, 1 ლარში 1320 ლარია. 1 ლარში დადო 22 გუნდი და 22 გუნდში დასვა სუყველა. ამ ჩემპიონატზე თვითონ ინგლისის გულშემატკივარია, მაგრამ საფრანგეთთან მატჩში საფრანგეთზე დადო. დარწმუნებული იყო, რომ საფრანგეთი მოიგებდა, მაგრამ ინგლისს გულშემატკივრობდა. დადებული ჰქონდა 50 ლარი და მოიგო სადღაც 85 ლარამდე. წაგებით, ყველაზე მეტი, 70 ლარი წაუგია. არანაირი პრობლემა არ ექმნება. ჩემი ძმა ყოველთვის, ბავშვობიდან, თამაშობს. აგრძელებს თამაშს ევროპის ჩემპიონატზე და გააგრძელებს მსოფლიო ჩემპიონატზეც.”(სტილი დაცულია)

ძალიან საინტერესო გვეჩვენა მეუღლის მიმართება. თავიდან ქმრის ტოტალიზატორში სიარული მასში ასეთ ემოციებს იწვევდა:

[ცოლის ხმა] “ადრე მეგონა რაღაც კოშმარი, საშინელება, ყველა სულელი და იდიოტი მეგონა, ვინც იქ დადიოდა.”

გარდატეხა კი ასე დაიწყო:

[ცოლის ხმა] “ჩემი მეუღლე ყოველდღე დადიოდა და იმდენად მაღიზიანებდა ეს, რომ ავდექი და მეც ერთხელ გავყევი. ისეთი აზარტი ვნახე ამ ტოტალიზატორში, რომ ვიფიქრე, მოდი, მეც ერთი-ორჯერ მოვსინჯავ, იქნებ რა გამოვიდეს.”

ახლა მოისმენთ, რა მოჰყვა ამას:

[ცოლის ხმა] “გადავწყვიტე, ერთი-ორჯერ მცირე თანხით დამედო რაღაც. ერთხელ წავაგე, მეორედ წავაგე, მეთქი, როგორ არ უნდა მოვიგო და ამიტომ, რამდენჯერმე, ხშირად არა, როგორც კი პატარა ფული გამოჩნდება, მივდივარ და ვდებ ხოლმე.” (სტილი დაცულია)

ერთი შეხედვით, ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო, ისე გამოვიდა. მეუღლეთა ერთობლივი თამაში ტოტალიზატორში ოჯახური სიმშვიდისა და წონასწორობის საფუძველი გახდა:

[ცოლის ხმა] “რატომ გავაკეთე , იცი? მაინც წავიდოდა ტოტალიზატორში. ჩხუბს და აყალმაყალს აყოლა და დათმობა ვამჯობინე. არ წახვიდე, არ დადო, ფული არ დახარჯო - ეს რაღაც ცუდს იწვევს. მაინც წავა! ზედმეტ უსიამოვნებას, ცოტა მშვიდად შეაპარებ, რომ ბევრი არ დადოს, ოჯახს არ ავნოს. ამით, ვფიქრობ, ხელს ვუწყობ, თორემ, თუ უნდა, მაინც წავა.”

დღეს ამ კომპრომისული იდილიით ვასრულებთ ახალგაზრდულ პროგრამას. მის მომზადებაში დაგვეხმარნენ: ეკა ზედელაშვილი, ნინო მარშანია, თათია ნიკოლაიშვილი და ნინო ჩიმაკაძე. მომავალ კვირადღემდე.
XS
SM
MD
LG