Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წარგზავნილი სამხრეთი კავკასიის ლიდერებთან ''ახალ სამეზობლო'' ინიციატივას განიხილავს


5 ივლისს, საქართველოში სტუმრობით, ევროკომისარმა იანეშ პოტოჩნიკმა სამხრეთი კავკასიის ქვეყნებში თავისი ოთხდღიანი ტურნე დაიწყო.

წინასწარი ინფორმაციით, ევროპის კავშირის წარმომადგენელი აპირებს შეხვდეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს და მათ "ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის" მნიშვნელობა გააცნოს. ეს ვიზიტი დაიგეგმა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ ამ ერთი თვის წინათ მიიღო გადაწყვეტილება, სამხრეთი კავკასიის სამივე ქვეყანა "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის" მონაწილედ ეცნო. ჩვენი რადიოს ბრიუსელელი კორესპონდენტის აჰტო ლობიაკასის მასალა სამხრეთი კავკასიის ქვეყნებში ევროკომისარ პოტოჩნიკის ვიზიტის ზოგიერთ ასპექტს ეხება.

თავდაპირველად ცოტა რამ იანეშ პოტოჩნიკისა და მისი თანამდებობის შესახებ, რომელიც ასე ჟღერს: კომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში (აქვე იმასაც გეტყვით რომ ამავე სფეროში ევროკავშირს კიდევ ერთი კომისარი, გერმანელი გიუნტერ ფერჰოიგენი ჰყავს).

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, 46 წლის იანეშ პოტოჩნიკი სლოვენიელია და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ევროკავშირში ამ ქვეყნის გაწევრიანებაში. 1998 წლიდან პოტოჩნიკი სლოვენიის მთავრობაში ხელმძღვანელობდა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო ჯგუფს, ხოლო 2002 წლიდან იგი ევროპის საკითხთა უპორტფელო მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. ამჯერად, მიუხედავად იმისა, რომ სლოვენიელი დიპლომატი პირადად არ არის პასუხისმგებელი "ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე", იგი სრულად გამოხატავს ევროკომისიის შეხედულებებს.

ორშაბათს და სამშაბათს პოტოჩნიკი საქართველოში დაჰყოფს, შემდეგ კი სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ესტუმრება. ვიზიტის საქართველოთი დაწყებას კი თავისი მიზეზი აქვს. გასული წლის ბოლოს საქართველოში მომხდარმა "ვარდების რევოლუციამ" გაზარდა ინტერესი სამხრეთი კავკასიის ქვეყნების მიმართ და უკვე 14 ივნისს, ევროკავშირმა ისინი "სამეზობლო ინიციატივის" სახელით ცნობილ პროგრამაში ჩართო.
ევროკომისრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟან-კრისტოფ ფილორიმ ჩვენი რადიოს კორესპონდენტს აჰტო ლობიაკასს განუმარტა, თუ შემდგომში რა ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს "სამეზობლო პოლიტიკის" პროგრამა.

[ჟან-კრისტოფ ფილორის ხმა] "შემდეგი ნაბიჯები გულისხმობს სამივე სახელმწიფოსთან ერთად ეგრეთ წოდებული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რეფორმათა იმ პრიორიტეტების განსაზღვრას, რომლებსაც მათ უმთავრესი ყურადღება უნდა დაუთმონ. ჩვენი მხრივ, მათ საშუალებას მივცემთ, კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ევროპის კავშირთან. ყოველივე ამას, საბოლოოდ, შორეული პერსპექტივით, შეიძლება მოჰყვეს ამ ქვეყნების ჩართვა ევროკავშირის პროგრამებში მაგალითად, გარემოს დაცვის, ენერგეტიკულსა თუ სატრანსპორტო სფეროებში."

ფილორის თქმით, ევროკომისარი იანეშ პოტოჩნიკი სამხრეთი კავკასიის სახელმწიფოთა მთავრობათა მეთაურებს აუცილებლად დაუდასტურებს ბლოკის მზადყოფნას, შეასრულოს უფრო აქტიური როლი რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტების მოგვარების პროცესში მთავარი შუამავალი არ არის, ევროპის კავშირი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა ხელი შეუწყოს კომპრომისის მიღწევასო - აღნიშნა ევროკომისრის წარმომადგენელმა.

[ჟან-კრისტოფ ფილორის ხმა] "ავიღოთ თუნდაც რუმინეთისა და უნგრეთის მაგალითი - უნგრელთა უმცირესობასთან დაკავშირებული პრობლემა. დროული და ინტენსიური პოლიტიკური დიალოგის წყალობით პრობლემის გადაჭრის გზას მივაგენით. და ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივა საშუალებას მოგვცემს, სამხრეთი კავკასიის ქვეყნებთან გაცილებით უფრო ღრმა პოლიტიკური დიალოგი ვაწარმოოთ."

ევროკავშირის "სამეზობლო პოლიტიკის" პროგრამა, მართალია, კავშირის წევრობას არ ნიშნავს, მაგრამ ამ პროგრამაში მონაწილეობა ქვეყნისთვის არანაკლები სარგებლობის მომტანია. არ გვჩვევია იმის წინასწარმეტყველება, რამდენად მალე მოხდება ევროკავშირის გაფართოება და ბლოკში საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის გაწევრიანება, მაგრამ არასოდეს ვამბობთ "არასოდესო", დასძენს ევროკომისრის ოფიციალური წარმომადგენელი ჟან-კრისტოფ ფილორი.

როგორც სტატიის ავტორი აჰტო ლობიაკასი აღნიშნავს, ევროკავშირში არც იმას მალავენ, რომ სამხრეთი კავკასიის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარება დიდწილად არის დამოკიდებული მათი ლიდერების ინდივიდუალურ დამსახურებაზე. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოში ასეთი ლიდერი გამოჩნდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG