Accessibility links

logo-print

ნიუ-იორკში 11 სექტემბრის ტრაგედიის ადგილზე თავისუფლების ახალ სიმბოლოს ჩაეყარა საფუძველი


დაიწყო 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა მემორიალის აგება

4 ივლისს ნიუ-იორკში, 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის ადგილზე, გაიჭრა მსოფლიოში უმაღლესი ცათამბჯენის საძირკველი - დაიწყო ტერაქტის მსხვერპლთა მემორიალის აგება. პროექტის თანახმად, თავისუფლების გრანდიოზული ქანდაკება ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის დანგრეული "ტყუპი ცათამბჯენების" ადგილზე აღიმართება. მემორიალისთვის საძირკვლის ჩაყრა შეეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს, 4 ივლისს დაამთხვიეს. 541 მეტრის სიმაღლის "თავისუფლების კოშკის" დასრულება 2009 წლისთვის იგეგმება.

ნიუ-იორკში. პროექტის ავტორის, დენიელ ლიბესკინდის ჩანაფიქრით, დანგრეული "ტყუპი ცათამბჯენების" ადგილზე, რომელსაც ამერიკელები "Ground Zero"-ს უწოდებენ, 541 მეტრის სიმაღლის თავისუფლების ქანდაკება აიგება. ამერიკაში მიღებული სიგრძის საზომი ერთეულით შენობის სიმაღლე ზუსტად 1776 ფუტი იქნება, რაც სიმბოლურად უკავშირდება ამერიკელი ერის დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღს - 1776 წელს. საძირკვლის გაჭრის საზეიმო ცერემონიაზე ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა შეკრებილთ ამ ორი თარიღის მნიშვნელობა შეახსენა.

[მაიკლ ბლუმბერგის ხმა] "ვერ წარმომიდგენია უფრო ხელსაყრელი თარიღი, რათა ჩვენთვის ამ სათაყვანებელ მიწაზე საფუძველი ჩაგვეყარა თავისუფლების ძეგლისათვის – ჩვენი ქვეყნის განმსაზღვრელი პრინციპისათვის, რომლის მიზეზითაც ტერორისტები თავს დაგვესხნენ 2001 წლის 11 სექტემბერს."

ამ დღის სიმბოლურ მნიშვნელობაზე, ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ჯორჯ პატაკიმაც გაამახვილა ყურადღება: თავისუფლების ახალი კოშკისათვის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია შეგნებულად დავამთხვიეთ თავისუფლების დღეს, რათა ვაჭრობის მსოფლიო ცენტრზე თავდასხმის მომწყობთათვის გვეჩევნებინა, რომ ამერიკის დამარცხება შეუძლებელიაო - თქვა პატაკიმ.

[ჯორჯ პატაკის ხმა] "ჩვენმა მტრებმა ჯეროვნად ვერ შეაფასეს ამ ქალაქისა და მთელი შეერთებული შატატების ქედუხრელობა და სიმტკიცე. ჩვენმა მტრებმა ჯეროვნად ვერ შეაფასეს თავისუფლების ძალა და ამტანობა. სამ წელიწადზე ნაკლები დრო დასჭირდა იმას, რათა არა მხოლოდ ქაღალდზე დაგვეგეგმა, არამედ საფუძველი და საძირკველი ჩაგვეყარა ახალი ცათამბჯენისათვის."

ოცტონიან გრანიტის ქვაზე,რომელიც მომავალი ცათამბჯენის საძირკვლად დაიდო, ამოტვიფრულია შემდეგი სიტყვები: "2001 წლის 11 სექტემბერის მსხვერპლთა ხსოვნისა და თავისუფლების უდრეკი სულის პატივსაცემად."

დენიელ ლიბესკინდის მემორიალური კომპლექსი თავის ჩანაფიქრით მართლაც გრანდიოზულია. დანგრეული ცათამბჯენების ადგილზე ბინას დაიდებს მუზეუმი და ორი მოედანი. მემორიალური კომპლექსის გარშემო აიგება ოთხი საოფისე ცათამბჯენი, რომელთაგან ერთ-ერთს გიგანტური ვერტიკალური ორანჟერეა დაამშვენებს. გეგმის თანახმად, პროექტის საერთო ღირებულება მილიარდნახევარი დოლარია. 541-მეტრიანი კოშკის მშენებლობის დასრულებას 2009 წლისთვის ვარაუდობენ. საბოლოო სახით კი კომპლექსი 2015 წლისთვის უნდა იყოს მზად.
XS
SM
MD
LG