Accessibility links

logo-print

რუსეთში პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტს ოპოზიცია კრიტიკით გამოეხმაურა


რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს გაამარტივებს; ამას გარდა, საქართველოში რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი შეიქმნება,

ოქტომბერში კი რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება, რასთან დაკავშირებითაც თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გეგმავს. - ყველაფერი ამის შესახებ მოსკოვში მიხეილ სააკაშვილსა და ვლადიმირ პუტინს შორის შემდგარ მოლაპარაკებაზე ითქვა. საქართველოს პრეზიდენტი პუტინთან შეხვედრით კმაყოფილია, თუმცა ოპოზიცია მოსკოვში მის ვიზიტს კრიტიკით ეხმაურება.

“სააკაშვილს არ გამოუვიდა სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით პუტინის დაყოლიება,” - წერს რუსეთის პრესა, თავად სააკაშვილი კი პუტინთან შეხვედრის შემდეგ საქართველოსადმი რუსეთის პრეზიდენტის კეთილგანწყობაზე საუბრობს და ირწმუნება, რომ რუსეთი აღარ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.

“საქართველოს საკითხები უნდა გადაწყდეს საქართველოში, რუსეთი არ ერევა იმ პროცესებში, რომლებიც საქართველოში ვითარდება, ისევე როგორც საქართველო არ ერევა რუსეთის საშინაო საქმეებში, “ - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრის შემდეგ, რომელმაც მოსკოვში, 25 წუთის ნაცვლად, საათნახევარს გასტანა და რომლის დეტალებიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სააკაშვილთან შეხვედრაზე პუტინი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას დათანახმდა და, ამასთან ერთად, გამოთქვა მზადყოფნა განიხილოს კონკრეტული წინადადებები სამხრეთი ოსეთის პრობლემასთან დაკავშირებით. ცნობილია კიდევ ის, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს, საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის წინადადებაც განიხილეს და ოქტომბრისთვის რუსეთ-საქართველოს "ჩარჩო-ხელშეკრულების" გაფორმებაც დაგეგმეს. ეს არის და ეს. სააკაშვილისა და პუტინის საკმაოდ ხანგრძლივ შეხვედრასთან დაკავშირებით გაჩენილი საინტერესო შეკითხვები უპასუხოდ რჩება და, მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის განცხადებისა, რომ “რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გათბა”, ამ დათბობის არ სჯერათ მემარჯვენე ოპოზიციაში. მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერი დავით გამყრელიძე ითხოვს საქართველოს პრეზიდენტმა პასუხი გასცეს რუსეთში ვიზიტისას მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით წარმოშობილ შეკითხვებს. ერთ-ერთი შეკითხვა კი ასეთია: “საქართველოში რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნით ხომ არ მოხდება რუსეთის ბაზების ლეგიტიმაცია?” გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ ასეთი ინიციატივის განხორციელება საქართველოში სწორედ რუსეთის სამხედრო ბაზების ლეგიტიმაციის ტოლფასი იქნება და სამომავლოდ სერიოზულად შეუშლის ხელს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

ასეა თუ ისე, სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების მეცხრე რაუნდი ივლისის ბოლოს თბილისში გაიხსნება და მასზე ბათუმის და ახალქალაქის სამხედრო ბაზების გატანის ვადებთან დაკავშირებითაც იქნება მსჯელობა და რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის წინადადებასთან დაკავშირებითაც. მოხერხდება თუ არა ამ მოლაპარაკებისას მხარეებს შორის სადავო საკითხებზე შეთანხმება, ივლისის ბოლოს გაირკვევა, მანამდე კი მოსკოვში პუტინსა და სააკაშვილს შორის შემდგარი შეხვედრის ერთადერთ ხელშესახებ შედეგად უნდა მივიჩნიოთ პუტინის თანხმობა საქართველსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე. რეჟიმის გამარტივება რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის 2 კვირიანი ვიზების საზღვარზე გაცემას გულისხმობს. ამისთვის პირველი ნაბიჯი საქართველოს პრეზიდენტმა გადადგა და ლარსის გამშვებ პუნქტზე გამარტივებული სავიზო რეჟიმი ცალმხრივად აამოქმედა. ჯერი რუსეთზეა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმედოვნებენ , რომ პუტინისა და სააკაშვილის შეთანხმების რეალიზაციისთვის სპეციალური სამუშო ჯგუფი ახლო მომავალში დაიწყებს მუშაობას.
XS
SM
MD
LG