Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ბოლქვაძე – 100


უკვე მეექვსე წელია, რაც

საქართველოს კინემატოგრაფისტები საზეიმოდ აღნიშნავენ ქართული კინოს დღეს. 1908 წლის 15 მაისი ეროვნული კინოხელოვნების დაბადების თარიღად ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზეა მიჩნეული; სწორედ 15 მაისითაა დათარიღებული ბაქოს საქალაქო სტამბის საქმეთა მმართველის, ნოე რამიშვილის სადარბაზო ბარათი, რომელშიც პირველი ქართული ფილმის ავტორი, ვასილ ამაშუკელია მოხსენიებული. ამ დოკუმენტით მტკიცდება, რომ 1908 წლის 15 მაისისთვის ვასილ ამაშუკელი უკვე იღებდა თავის პირველ კინოსიუჟეტებს. წელსაც, 15 მაისს, კინემატოგრაფისტებმა ქართული კინოს არაერთი მოღვაწე გაიხსენეს, მათ შორის მსახიობი თამარ ბოლქვაძე, რომელსაც 29 მარტს, 100 წელი შეუსრულდებოდა. ყოველკვირეულ პროგრამა “ოქროს საუკუნეში” გიორგი გვახარია დღეს სწორედ თამარ ბოლქვაძის შემოქმედებას გაიხსენებს.

მიუხედავად კინემატოგრაფისტების ძალისხმევისა, ეროვნული კინოს დღის მასობრივი აღნიშვნა საქართველოში მაინც ვერ ხერხდება. განსაკუთრებით აქტიურობს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს პრორექტორი, პროფესორი გოგი დოლიძე. ბატონი გოგი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიხსენოს ის ხალხი, ვინც ეროვნულ კინოხელოვნებას ჩაუყარა საფუძველი, მათ შორის მსახიობები, რომელთაც ოდესღაც ქართული კინოს ვარსკვლავებად მიიჩნევდნენ. ფართო საზოგადოებამ, მაგალითად, არ იცის, რომ წელს კინემატოგრაფისტები აღნიშნავენ ერ-ერთი პირველი ქართველი კინოვარსკვლავის, თამარ ბოლქვაძის 100 წლის იუბილეს.

[გოგი დოლიძის ხმა]: “ძალიან მინდა ქართული კინოს დღე დავაწესო 15 მაისს, იმ მთავრობასაც მივწერე, ამ მთავრობასაც... აუცილებელია მოვაწყოთ თამარ ბოლქვაძის საიუბილეო საღამო, რადგან უნდა შევახსენოთ ხალხს”

საიუბილეო საღამო “იქით” იყოს. ახალგაზრდობა, და, ზოგჯერ საშუალო თაობაც კი, 20-იანი, 30-იანი წლების ქართულ კინოზე საუბრისას, ნატო ვაჩნაძის გარდა სხვა მსახიობს ვერ ასახელებს ხოლმე. 20-იანი წლების ქართულ ფილმებს დიდი ხანია არ უჩვენებენ კინოთეატრებში, ტელევიზიით. ქვეყანაში არ არსებობს ამ სურათების ასლები, ან არსებობს 70-იან, 80-იან წლებში იგივე გოგი დოლიძის მიერ აღდგენილი “მუნჯი ფილმები”, მაგრამ ასლების ხარისხი ძალიან ცუდია. ვერ ხერხდება ქართული ფილმების ნეგატივების მოპოვება – ძველი ქართული ფილმების “ორიგინალები” კვლავაც მოსკოვში, რუსეთის კინოსაცავში ინახება. არ არის გამორიცხული, უახლოეს ხანში ჩვენი კინოხელოვნება რუსმა კინოისტორიკოსებმა ქართველებზე უკეთ შეისწავლონ... არავინ იცის როგორი იქნება მაშინ ქართული კინოს წარსულის ინტერპრეტაცია, როგორ შეაფასებენ, მაგალითად, რუსები თუნდაც თამარ ბოლქვაძის შემოქმედებას.

მითუმეტეს, რომ თამარ ბოლქვაძეს პროფესიონალური განათლება არ მიუღია. იგი ივანე პერესტიანმა აღმოაჩინა და 1923 წელს ვალიდას როლზე დაამტკიცა ფილმში “სამი სიცოცხლე”. გოგი დოლიძე ამბობს, რომ პერესტიანს განსაკუთრებული უნარი ჰქონდა დაენახა ადამიანში კინომსახიობი. ხალხმრავალ ადგილებში უყვარდა ყოფნა და მსახიობს მომავალი ფილმის სტილის მიხედვით არჩევდა. ასე აღმოაჩინა მან, მაგალითად, დიმიტრი ყიფიანი

[გოგი დოლიძის ხმა]: “პერესტიანს ჰყავდა ძალიან ლამაზი ცოლი – ცნობილი მსახიობი, ვიღაც კაცი უყურებდა თურმე ცირკში, ცოლს უთქვამს, რას გადამეკიდა ეს კაცი, რას მიყურებსო – პერესტიანმა შეხედა, მოეწონა და იერემიას როლში აიყვანა”

იმხანად თამარ ბოლქვაძე ქართველ პოეტებთან მეგობრობდა. სწორედ პოეტებმა ურჩიეს პერესტიანს დაინტერესებულიყო ამ ლამაზი ქალით, რომელსაც არ ჰქონდა, როგორც იმხანად ამბობდნენ ხოლმე “პროლეტარული გარეგნობა”. კინომცოდნე გოგი დოლიძე ჩვენთან საუბარში აღნიშავს, რომ ბოლშევიკური ანექსიის შემდეგ ქართული კინო აშკარად განიცდიდა ასეთი ტიპაჟის დეფიციტს. “პროლეტარულმა მოდამ” ერთფეროვნების საშიშროება შექმნა. “მემარცხენეობა” ყველანაირ არისტოკრატიზმს დევნიდა და “დრომოჭმულად” მიიჩნევდა, მაგრამ კულტურას არ შეეძლო ასე რადიკალურად ეთქვა უარი წარსულზე. გოგი დოლიძე კანონზომიერად მიიჩნევს იმასაც, რომ პირველ ქართულ-საბჭოთა ფილმებში ქალების როლებს, როგორც წესი, არაქართველი მსახიობები ანსახიერებდნენ. ესეც – მისი აზრით –ანექსიის ერთ-ერთი ფორმა იყო. ნატო ვაჩნაძეც კი, თავდაპირველად გამოიყენეს, როგორც “მასალა” დაჩაგრული ქალის სახის შესაქმნელად; “ჩაგრული ქართველი ქალის” ეს სახე, როგორც ჩანს, აწყობდა ახალ ხელისუფლებას.მაგრამ ეს პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. რეჟისორებმა მაინც მოახერხეს შეექმნათ ეროვნული კინომსახიობის სკოლა. ამ სკოლის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი თამარ ბოლქვაძე იყო

[გოგი დოლიძის ხმა]: “მას უკვე სამსახიობო მასალა ჰქონდა, რომ თავი წარმოედგინა, როგორც არისტოკრატ ქალს, თავისი ბუნებით, ჰაბიტუსით... მაშინ, როცა ნატო – ეს არის საწყალი გლეხის ქალი, დაბეჩავებული, შეურაცხყოფილი... მაგრამ საკმარისია კოტე მარჯანიშვილთან მოხვედრილიყო იგივე ნატო ვაჩნაძე, მან “ამოკში” არისტოკრატი ქალი განასახიერა”

ვალიდას როლი ფილმში “სამი სიცოცხლე” წარმატებული აღმოჩნდა. მაშინ როდესაც საბჭოთა რუსეთში თამარ ბოლქვაძის თამაშის სტილი მოძველებურად, დრომოჭმულად, რეაქციულად ითვლებოდა, საქართველოში თამარ ბოლქვაძის დებიუტი პრესამ ახალი კინოვარსკვლავის დაბადებად შეაფასა. ვალიდა მოჰყვა ქეთო ალექსანდრე წუწუნავას ფილმში “ხანუმა”. თამარ ბოლქვაძეს მუდმივად უხდებოდა ყოფნა გადასაღებ მოედანზე – ითამაშა ფილმებში “თავადის ქალი მერი”, “ჯანყი ურიაში”, “საკანი ნომერი 79”

[გოგი დოლიძის ხმა]: “თამარ ბოლქვაძემ მისცა არისტოკრატულ იერი ქართულ კინოს 20-იან წლებში, ძალიან დიდი გასაჭირი როცა იყო, განსაკუთრებით ქალების მხრივ... ნატო ვაჩნაძე უკვე გამოჩნდა 1923 წელს... მაგრამ ნატო ვაჩნაძისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო თამარ ბოლქვაძის გმირები- ეს იყო უმაღლესი არისტოკრატი ქალი... თავისი ბუნებით კი არა, როგორც, მაგალითად, თამარ ციციშვილი, რომელსაც დარიკო ათამაშეს, როლებსაც ასეთსას აძლევდნენ – ვალიდა, ბელა, თავადის ასული მერი.” [სტილი დაცულია]

კინოში ხმის მოსვლის შემდეგ თამარ ბოლქვაძემ პრაქტიკულად დაასრულა მოღვაწეობა, როგორც მსახიობმა. ქართულ კინოს ისტორიაში იგი დარჩა “მუნჯი კინოს” ლეგენდად. თავისი არსით “მუნჯი კინო” გამძაფრებულ პლასტიკურობაზე იყო აგებული. ამ ეპოქაში მაყურებლის ყურადღება გადატანილი იყო არა იმდენად სიუჟეტის განვითარებაზე, რამდენადაც ეკრანის, კადრის “დათვალიერებაზე”. ამან განაპირობა სწორედ “მუნჯი კინოს” თავისებური ეროტიკული მუხტი და პირველი კინოვარსკვლავების მსგავსება სხვადასხვა ქვეყნის კინოხელოვნებაში. ეს კინემატოგრაფი არ იყო აგებული იდენტიფიკაციის მექანიზმზე; მაყურებელი კინოსგან მოითხოვდა არა სინამდვილის, არამედ “დაკარგული სინამდვილის” აღბეჭდვას. კინოს იმხანად “ოცნებების ფაბრიკად” აღიქვამდნენ. და არა მარტო ამერიკაში, საქართველოშიც... თამარ ბოლქვაძე ამ “დაკარგული სინამდვილის”, “დაკარგული ისტორიის” განსახიერება გახდა. 1932 წლამდე, როცა საბჭოთა კინოხელოვნებაში სტალინური ცენზურა დაკანონდა, როცა კინემატოგრაფმა ცრუკლასიციზმისკენ აიღი გეზი, იგი ახალგაზრდა ქართული კინოს “მუზად” ითვლებოდა – მაყურებელს მასში, მის გარეგნობაში, თამაშის სტილში, მისი სიარულის მანერაში, დახვეწილობაში, მოსწონდა ის, რაც წაართვეს და რისი დაბრუნების იმედი უკვე აღარ ჰქონდა.

თამარ ბოლქვაძე 1972 წელს გარდაიცვალა. ივანე პერესტიანის "სამი სიცოცხლე” მაშინ აღადგინეს, როცა მსახიობი ცოცხალი აღარ იყო, ამიტომ უამრავმა მაყურებელმა მხოლოდ 70-იან წლებში შეიტყო, რომ ქართულ კინოსაც ჰყავდა თავისი “გრეტა გარბო” – ქალბატონი, რომელიც “პროლეტარულ მოდას” არ დამორჩილდა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG