Accessibility links

logo-print

მესამე სექტორის წარმომადგენლების დაგვიანებული შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან


6 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მათი მოსაზრებები მოისმინა.

ეს იყო დაგვიანებული, მაგრამ მეტად საჭირო შეხვედრა. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ სააკაშვილთან გააკრიტიკეს ხელისუფლების დამოკიდებულება დემოკრატიის საკითხებისადმი, ისაუბრეს ადამიანის უფლებების რღვევის გახშირებულ ფაქტებზე, განსაკუთრებით პოლიციის მხრიდან, და მდგომარეობის გამოსწორების თაობაზე ზოგადი დაპირება მიიღეს. შეხვედრის ერთადერთი კონკრეტული შედეგი ჯერჯერობით არის ის, რომ პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა აღარ მოითმინოს სახალხო დამცველის დეფიციტი და ამ პოსტზე პარლამენტს “თავისუფლების ინსტიტუტის” თანამშრომლის სოზარ სუბელიანის კანდიდატურა წარუდგინოს.

პირველი შეხვედრა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ - სწორედ ასეთი იყო პრეზიდენტისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა, თუმცა პირებს, რომლებიც 6 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან სასაუბროდ შეიკრიბნენ, “ვარდების რევოლუციაში” პრეზიდენტის პარტიაზე ნაკლები წვლილი არ მიუძღვით. ასეა თუ ისე, დაგვიანებული შეხვედრა შედგა და მასზე პრეზიდენტსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შორის დარღვეული კავშირი აღდგა. საუბრის დონეზე გადაწყვეტილია, პრეზიდენტი მესამე სექტორის წარმომადგენლებს პერიოდულად შეხვდეს და მათთან ერთად კონკრეტული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოს.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ამ წინადადებით კმაყოფილები არიან.

[სოზარ სუბელიანის ხმა] "რადგან კავშირის აღგენა დაიწყო და დაიწყება ხშირი შეხვედრები, ბევრი პრობლემა შეიძლება მოგვარდეს - ისეთი პრობლემები, რომლებიც დღეს არ გვარდება, იმიტომ რომ ინფორმაციის გაცვლა არ ხდება."

ეს იყო “თავისუფლების ინსტიტუტის” თანამშრომელი სოზარ სუბელიანი. როგორც უკვე ვთქვით, პრეზიდენტმა 6 ივლისს გამოთქვა მზადყოფნა პარლამენტს სწორედ მისი კანდიდატურა წარუდგინოს სახალხო დამცველის პოსტზე დასამტკიცებლად.

მზადყოფნა მას შემდეგ გამოითქვა, რაც მესამე სექტორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტს მოსთხოვა განმარტება იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს ომბუდსმენის გარეშე ყოფნის ტენდენცია. ეს ტენდენცია, გარკვეულწილად, 6 ივლისის შეხვედრაზე დაირღვა - ყოველ შემთხვევაში, მასზე სახალხო დამცველის ინსტიტუტის ამოქმედების პერსპექტივა გამოიკვეთა. ეს არის შეხვედრის ერთადერთი კონკრეტული შედეგი, სხვა კონკრეტული შედეგების გამოკვეთას კი მესამე სექტორის წარმომადგენლები 2-3 კვირაში ელიან. “თუ ეს მოლოდინი გაცრუვდება, მაშინ 6 ივლისის შეხვედრას შეხვედრა შეხვედრისთვის დაერქმევაო,” - სწორედ ასე თქვა ჩვენთან საუბრისას ექსპერტმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში პაატა ზაქარეიშვილმა.

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “თუ ძველი ხელისუფლება ანგარიშვალდებული იყო მესამე სექტორის მიმართ, რაღაც ანგარიშს გვიწევდა, უფლებების დარღვევა კი ხდებოდა, მაგრამ ხდებოდა ჩუმად და მერე მათზე რეაგირება ხერხდებოდა, დღეს უტიფრობის ხარისხი გაიზარდა. “

სწორედ ეს იყო შეხვედრის მთავარი თემა. პრეზიდენტს მწვავედ მოსთხოვეს პასუხი მერიასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევაზე, რაზეც მიიღეს პასუხი, რომ თემურ მღებრიშვილისნაირი დამარბევლები პოლიციაში აღარ უნდა იყვნენ. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე მწვავე ტონით ისაუბრეს წინასწარი დაკავების საკნებში ადამიანთა წამების ფაქტების გახშირებაზე, - ამაზეც მიიღეს პასუხი, რომ პილიციის რიგებში საკადრო წმენდა მიმდინარეობს და რომ რეფორმის პროცესი ამ პრობლემას გადაჭრის. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ პოლიციაში რეფორმა დაწყებულია. მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მესამე სექტორის წარმომადგენლების კრიტიკას პრეზიდენტი უსიტყვოდ დაეთანხმა, სხვა საკითხების თაობაზე კი საკუთარი შეხედულებები განავითარა.

[დავით უსუფაშვილის ხმა] "იგი ფიქრობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პარლამენტზე ზეწოლა არ ხორციელდება. ამაზე განსხვავებული შეხედულებები გამოითქვა. იყო საუბარი საკადრო საკითხებზე და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე. ზოგადად ამას დაეთანხმა, თუმცა ბოლო პერიოდის ფაქტებზე განმარტებები არ გაუკეთებია."

დავით უსუფაშვილის თქმით, 6 ივლისის შეხვედრაზე პრეზიდენტს არ მოუხდენია რეაგირება საკითხზე - ხომ არ ხდება “ნაციონალური მოძრაობის” გადაქცევა სახელმწიფოსთან შეზრდილ პარტიად. არადა, ეს საკითხი ძალიან მწვავედ დაისვა.
XS
SM
MD
LG