Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესა საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ მოსკოვის სამიტამდე და მას შემდეგ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი დსთ-ის ქვეყნების მეთაურთა მოსკოვის სამიტამდე და მას შემდეგაც რუსეთის პრესამ მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრობლემატიკას.

როგორც წერილებიდან ირკვევა, ორი ქვეყნის ურთიერთობაში ჯერ კიდევ დარჩენილია მოუგვარებელი საკითხები.

3 ივლისის გაზეთი “გუდოკი” წერს, რომ “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დათბობა შეიმჩნეოდა პრეზიდენტების თებერვლის შეხვედრის შემდეგ. ამის შესახებ განაცხადა მოსკოვში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის წინ.”

გაზეთი წერს: “ამ ფონზე სააკაშვილის განცხადება, რომ რუსეთისა და საქართველოს მხარეებმა მოახერხეს ბევრ საკითხში შეთანხმებისთვის მიეღწიათ, - მათ შორის, საზღვრების ერთობლივი პატრულირების საკითხში, - საკმაოდ ოპტიმისტურად ჟღერს, აჭარის საკითხში რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის მის პოზიტიურ შეფასებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხი გადაწყვეტილია და ის არ აპირებს ამ თემით “სპეკულირებას”. აშკარაა, რომ სტამბულში დასრულებულმა ნატოს სამიტმა გააძლიერა მიხეილ სააკაშვილის პოზიციები, ალიანსმა დაადასტურა ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის აუცილებლობა.

თუმცა გარკვეულ სკეფსისს იწვევს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის იგორ ივანოვის ამასწინდელი გამონათქვამი, რომელშიც საქართველოსა და შემდგომ აჭარაში მომხდარი ხელისუფლების შეცვლა შეფასდა არა როგორც “ვარდების რევოლუცია”, არამედ როგორც ხელისუფლების ძალით შეცვლა.”

რაც შეეხება სამიტთან დაკავშირებულ შეფასებებს. 5 ივლისის “ნეზავისიმაია გაზეტას” თქმით, “საქართველოს პოლიტელიტის ოპტიმისტური მოლოდინი, რომელიც საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრასთან იყო დაკავშირებული, მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა - შეხვედრის შემდეგ მხარეები იმავე პოზიციებზე დარჩნენ, რაც მანამდე ეკავათ.”

წერილში აღნიშნულია, რომ “ვლადიმირ პუტინმა დადებითად შეაფასა სავიზო რეჟიმის გამარტივება, რაც თბილისმა ცალმხრივად უკვე განახორციელა.”

გაზეთის თქმით, “გადაუწყვეტელი დარჩა საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხი, თუმცა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ვაჭრობა ამ საკითხის გარშემო უადგილოა, რადგან ბაზების საკითხი გადაწყვეტლია.”

გაზეთი წერს: “ამავე დროს, სააკაშვილმა შესთავაზა პუტინს ერთობლივი ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა. პროექტის ავტორთა აზრით, ამ შემთხვევაში რუსეთის სამხედროები გააგრძელებენ საქართველოში სამსახურს, ოღონდ სხვა სტატუსით.

ჯერ კიდევ პრეზიდენტების შეხვედრამდე რუსეთის პოზიცია ამ საკითხის მიმართ გამოხატა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა: ბაზებსა და ანტიტერორისტულ ცენტრს შორის დიდი განხვავებაა და ამის ერთად განხილვა არ შეიძლება.”

“ნეზავისიმაია გაზეტა” აღნიშნავს, რომ “თბილისში განსხვავებულად ეკიდებიან ამ იდეას. სამხედრო სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაზების გადაქცევა ანტიტერორისტულ ცენტრად შეუძლებელია.”

გაზეთის თქმით, “მიუხედავად ამისა, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნები შეუდგებიან ამ ცენტრის შექმნის გეგმების პრაქტიკულ რეალიზაციას. რუსეთის ბაზების გარდაქმნის საკითხი ღიადაა დარჩენილი.

მოსკოვში სააკაშვილის გამგზავრების ლამის მთავარი საბაბი სამხრეთ ოსეთში სიტუაციის მკვეთრი გამწვავებაა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა განიხილოს საქართველოს მხარის კონკრეტული წინადადებები კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით. მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი დაიყვანება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დეკლარირებამდე.”
XS
SM
MD
LG