Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობა ”პარიზის კლუბში” გულდამშვიდებული მიდის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობა ერთი კვირის შემდეგ „პარიზის კლუბში“ ქვეყნის საგარეო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის შესახებ

გასამართ მოლაპარაკებაზე გულდამშვიდებული გაემგზავრება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ აღდგენილი პროგრამის შემდეგ საქართველოსათვის ვალების გადავადების საკითხი, ფაქტობრივად, ტექნიკურ ფორმალობად იქცა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს მილიარდ 821 მილიონ 554 ათასი დოლარის საგარეო ვალი ერიცხება.
ფინანსთა სამინისტროს საგარეო ვალის დეპარტამენტის მონაცემებით, მრავალმხრივი კრედიტორების მიმართ არსებული დავალიანება 995 მლნ. 508 ათას, ხოლო ორმხრივი კრედიტორების მიმართ 737 მლნ. 212 ათას აშშ დოლარს შეადგენს. სახელმწიფო გარანტიით აღებულია 88 834 000 დოლარი.

ორმხრივი კრედიტორებიდან ყველაზე მეტი ვალი საქართველოს თურქმენეთისა მართებს, მათ მიმართ დავალიანება 219 მილიონი დოლარია. კრედიტორებიდან მეორე პოზიცია უკავია რუსეთს - 156 მილიონი დოლარი. კრედიტორთა შორის არიან: ავსტრია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, სომხეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ჩინეთი, გერმანია, კუვეიტი და აშშ.

საქართველოს სახელმწიფო გარანტიით 45 მილიონი ევრო გერმანიისგან, ხოლო 33 მლნ. აშშ დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან აქვს მიღებული.

”პარიზის კლუბში“ მოლაპარაკება 16 ივლისს დაიწყება. მისი წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველო კრედიტორებთან 200 მილიონ დოლარამდე ვალის რესტრუქტურიზაციას შეძლებს. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს პროგრამული დაფინანსება აღუდგინა, ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხი უკვე არავითარ ეჭვს არ იწვევს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სქემით მოხდება საგარეო ვალდებულებების გადავადება. ერთ-ერთი, ე.წ. ”ნეაპოლური”, ვარიანტი ვალების ნაწილის ჩამოწერასაც ითვალისწინებს.

ის, რომ საგარეო ვალების ”პარიზის კლუბში“ რესტრუქტურიზაცია ეჭვს აღარ იწვევს, გასულ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა იერუნ კრემერსმაც დაადასტურა.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო ვალი მდგრადი არ არის, ამიტომ აუცილებელია მისი რესტრუქტურიზაცია. ”საქართველოს ყველა კრედიტორი მზად არის ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე საქართველოსთან მოლაპარაკება გამართოს“, - განაცხადა კრემერსმა.

[იერუნ კრემერსის ხმა] ”ეჭვის საფუძველი არ არსებობს. მეც პირადად ეჭვი არ მეპარება, რომ რესტრუქტურიზაცია მოხდება. როდესაც მოლაპარაკება მიმდინარეობს ”პარიზის კლუბში”, როგორც წესი, ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ყველა ეჭვი უსაფუძვლოა. მე პირადად მოლაპარაკებას არ დავესწრები, მაგრამ იქ იქნებიან ფონდის სხვა წარმომადგენლები და დარწმუნებული ვარ, კონსტრუქციული დიალოგი შედგება.”

სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ, რესტრუქტურიზაციის შედეგად, საგარეო ვალი მართვადი გახდება და საჭირო იქნება მონიტორინგი, რათა ვალი აღარ გაიზარდოს.

საქართველოს მთავრობა ”პარიზის კლუბში” მოლაპარაკებას 16 ივლისს დაიწყებს. ამ მოლაპარაკებით გათვალისწინებულია 2003-05 წლებში გადასახდელი ვალის გადავადება.
XS
SM
MD
LG