Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი-2”-ს მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევა ისევ ემუქრება


2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ, რომელშიც ერთ-ერთი აქტიური როლი სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი-2”-მა ითამაშა, ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა, რომ ამ მოვლენების

შემდეგ “რუსთავი-2”-ის მაუწყებლობას რაიმე საფრთხე დაემუქრებოდა. მაგრამ მოხდა საწინააღმდეგო. ჯერ იყო და კრედიტორების, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანებების გამო კომპანიას გაკოტრება დაემუქრა, ახლა კი სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საშიშროების წინაშე დადგა. 6 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ ”რუსთავი-2”-ის ლიცენზიის საკითხი განიხილა.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხდომას წინ უძღოდა აქტიური საინფორმაციო კამპანია, მიმართული “რუსთავი-2”-ის წინააღმდეგ. ეს კამპანია, ძირითადად, “რუსთავი-2”-ის კონკურენტებმა, კერძოდ კი, ბადრი პატარკაციშვილის მედია-ჰოლდინგის შემადგენელმა საინფორმაციო საშუალებებმა მოაწყვეს.

ამ ორ მედიაჯგუფს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციამდე” დაიწყო, როდესაც საერთოეროვნული მაუწყებლობის ლიცენზიის, მეცხრე მეტრული არხის მესაკუთრის ვინაობის გარკვევაზე მიდგა ჯერი. მაშინ ამ ბრძოლაში ბადრი პატარკაციშვილი დამარცხდა. თუმცა ახლა, როდესაც გაირკვა რომ “რუსთავი-2”-ს ახალი სიხშირის საფასური არ გადაუხდია და მარეგულირებელი კომისიის მიმართ სალიცენზიო მოსაკრებლის დავალიანებაც დაუგროვდა, მას გამარჯვების შანსი ისევ გაუჩნდა.

მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, დავალიანება შეადგენს 121 165 ლარს, რომლის გადახდის გარეშე “რუსთავი-2”-ისთვის ძველი ლიცენზიის ვადის გაგრძელება კითხვის ქვეშ დგება. სწორედ ეს საკითხი განიხილა მარეგულირებელმა კომისიამ 6 ივლისს გამართულ სხდომაზე. როგორც კომისიის თავმჯდომარის დიმიტრი ქიტოშვილის განცხადებიდან გაირკვა, მას “რუსთავი-2”-ის მესაკუთრის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ეროსი კიწმარიშვილისგან დავალიანების დაფარვის გარანტია მიუღია:

[დიმიტრი ქიტოშვილის ხმა] ”ეს იყო ზეპირი მოსმენა და არა სხდომა, ანუ დღეს გადაწყვეტილებას არ ვიღებდით. სხდომა დაინიშნა 16 ივლისისთვის. თუ 16 ივლისს ყველა საკითხი იქნება წესრიგში, კომისიას არც აქვს უფლება არ გააგრძელოს ლიცენზია. კომისია ავტომატურ რეჟიმში გაუგრძელებს ლიცენზიას “რუსთავი- 2”-ს. თუ, ვთქვათ, პრობლემა იქნება, მაშინ კომისია იმსჯელებს და მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას.”

დიმიტრი ქიტოშვილი “რუსთავი 2”-ის ყოფილი ადვოკატია და ეს მის პოზიციაშიც იგრძნობა:

[დიმიტრი ქიტოშვილის ხმა] ”იცით, რომ “რუსთავი-2”-ის გაკოტრების საქმე იყო გახსნილი და კომპანიის ხელმძღვანელობას არ ჰქონდა უფლება განეკარგა მათი საბანკო ანგარიშები ან სალაროში არსებული ფული, რის გამოც, მართლაც, კომპანიამ დააგვიანა ზოგიერთი გადასახდელის გადახდა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ფაქტი იურიდიულად წარმოადგენს სრულ საფუძველს იმისთვის, რომ გაითვალისწინოს კომისიამ.”

მარეგულირებელი კომისიის 16 ივლისისთვს დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგში ჯერჯერობით არ შეუტანიათ “რუსთავი-2”-ის მიერ საერთოეროვნული მაუწყებლობის მეცხრე მეტრული არხის საფასურის გადახდის საკითხი. არადა, სწორედ ეს სიხშირე წარმოადგენს პატარკაციშვილის მედიაჯგუფის მთავარ ინტერესს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ დაპირისპირება გაგრძელდეს 16 ივლისის - ანუ “რუსთავი-2”-ის მიერ ძველი ლიცენზიის საფასურის გადახდის - შემდეგაც.
XS
SM
MD
LG