Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ გახდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე?


14 ივლისს აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. დღის წესრიგის ერთ-ერთი პირველი საკითხი, სავარაუდოდ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები იქნება.

აჭარის საკანონმდებლო ორგანოს შეკრებამდე ერთი კვირით ადრე ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, ვინ დაიკავებს ამ პოსტს. აჭარის არჩევითი ორგანოს სპიკერის ვაკანსიის დასაკავებლად ამ დროისათვის ორი კანდიდატი სახელდება: ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი კობა ხაბაზი და პრეზიდენტის პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი მიხეილ მახარაძე. ვის მიანიჭებს ცენტრალური ხელისუფლება უპირატესობას?

აჭარის უმაღლესი საბჭოს შეკრებამდე დარჩენილ დროში, ცხადია, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ჯერჯერობით თავმჯდომარის არჩევის რამდენიმე სცენარი არსებობს: დეპუტატებს სპიკერის ერთ რომელიმე უალტერნატივო კანდიდატურას შესთავაზებენ, ორივე კანდიდატურას უყრიან კენჭს ან გამოჩნდება დეპუტატთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც სპიკერობის კანდიდატთა რიცხვს, სულ მცირე, სამამდე გაზრდის. ეს უკანასკნელი ვერსია მათ მოსაზრებას ეყრდნობა, ვისაც მიაჩნია, რომ, მცირერიცხოვნობისა და ფაქტობრივი ერთპარტიულობის მიუხედავად, აჭარის უმაღლესი საბჭო ჭრელი ორგანოა და ინტერესთა რამდენიმე ჯგუფისგან შედგება. შესაბამისად, ძირითადი არგუმენტი, რომელიც მიხეილ მახარაძის სასარგებლოდ არსებობს, ისაა, რომ იგი ამჟამინდელი სიჭრელის პირობებში საკანონმდებლო ორგანოს მაქსიმალურ ქმედითობას უზრუნველყოფს - სხვათა შორის, რესპუბლიკელებთან ურთიერთობის დათბობის თვალსაზრისითაც.

[თამაზ დიასამიძის ხმა] ” მას უადვილდება ურთიერთობა ადამიანებთან, არაკონფლიქტურია - უბრალოდ, არ ეხერხება დაპირისპირება, დაძაბულობის შეტანა - და საქმეს ამ თვალსაზრისითაც წაადგება.”

როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და ორგანიზაცია”ჩვენი აჭარას” ერთ-ერთი დამფუძნებელი თამაზ დიასამიძე შენიშნავს, სახელმწიფოებრივი აზროვნების შემთხვევაში, მიხეილ მახარაძე უალტერნატივო კანდიდატად უნდა მიიჩნეოდეს, მიუხედავად იმისა, რომ პრივატულ საუბრებში ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერებმა რამდენჯერმე მიანიშნეს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კობა ხაბაზი გახდება. ერთმაც და მეორემაც სახელი ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში გაითქვა. თუმცა, გავრცელებული მოსაზრებით, მიხეილ მახარაძეს კობა ხაბაზთან ისეთი უპირატესობები აქვს, როგორიცაა: სიდინჯე, ასაკობრივი გამოცდილება, გაწონასწორებულობა და განათლება.

[მიხეილ მახარაძის ხმა] ”მე ვარ ფილოსოფიის დოქტორი, ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი და ფილოსოფიის ინსტიტუტის ქართული ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი, მრავალი ასპირანტისა და დისერტანტის აღმზრდელი, 15 წიგნის, ასამდე შრომისა და 400-ზე მეტი პუბლიცისტური წერილის ავტორი.”

ეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი მიხეილ მახარაძეა. სამწუხაროდ, კობა ხაბაზთან დაკავშირება ჩვენ ვერ შევძელით. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური შეთავაზება სპიკერის პოსტზე ჯერჯერობით, მიხეილ მახარაძის დარად, არც მას მიუღია.

აჭარა 14 ივლისისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის მოლოდინშია. დეპუტატთა კორპუსი გაურკვევლობაშია. როგორც მიხეილ მახარაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, მას მხარს უჭერს მცირერიცხოვანი საპარლამენტო ოპოზიციაც. თუმცა, მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ კობა ხაბაზსა და მიხეილ მახარაძეს შორის ალტერნტივის შემთხვევაში, რესპუბლიკელთა არჩევანი ამთავითვე გამოკვეთილია, არსებობს აზრი, რომ ორივე კანდიდატი ნაციონალური მოძრაობის მარიონეტი იქნება და მხოლოდ შეკვეთილ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
XS
SM
MD
LG