Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეთა დამოკიდებულება ცხინვალში საქართველოს პოლიტიკისადმი


დავით პაიჭაძე, თბილისი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის პრობლემა დღეს საქართველოს მთავარი შიდაპოლიტიკური საკითხია. ცხინვალის ხელისუფლებასთან ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.

საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მიანიშნა საფრთხეზე, რასაც მოსახლეობაში მილიტარისტული განწყობის გაღვივება შეიცავს. ჩვენ დავინტერესდით, როგორ უყურებენ საქართველოს მოქალაქეები თავიანთი სახელმწიფოს პოლიტიკას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში.

[მოქალაქის ხმა] “პოლიტიკა უნდა გაატაროს ისეთი, რომ ომი არ იყოს. ჩვენ ომი არ გვაწყობს არც ერთ შემთხვევაში. ასეთ გაჩანაგებულ ეკონომიკას კიდევ ომი უნდა? სააკაშვილმა ეს უნდა მოახერხოს და დათმობით არაფერი არ უნდა დათმოს. დათმობამ დაგვაკარგვინა ყველაფერი. საქმის კურსში უნდა ჩააყენოს მსოფლიო საზოგადოებრიობა და რუსეთის ჩაურევლობას მიაღწიოს. დანარჩენი მოგვარდება. თუ რუსეთის მხარდაჭერა არ ექნა, კოკოითი და მისი ხელისუფლება რას გააკეთებს? მაგათ სხვა გამოსავალი არა აქვთ. ჯარი მაგათ არ ჰყავთ და რუსების იმედად არიან.”

აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად მშვიდობიანი გზა აუცილებლად ესახება ყველა იმ მოქალაქეს, ჩვენ რომ გავესაუბრეთ. ამასთან, მშვიდობიან საშუალებათა გამოყენება, მოქალაქეთა აზრით, ეთანადება საქართველოს პოზიციების სიმტკიცეს:

[მოქალაქის ხმა] “ახლანდელმა ხელისუფლებამ მშვიდობიანი პოლიტიკა უნდა გაატაროს და პოზიციები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათმოს. ტერიტორია ჩვენია, ჩვენ გვეკუთვნის და პოზიციების დათმობა უარესს მოიტანს. მხარეები უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და მშვიდობიანად გადაწყვიტონ ყველაფერი.”

ჩანს, მოქალაქეთა ცნობიერებაში მშვიდობიან გზასაც აქვს დასასრული თუ ალტერნატივა მაშინ, როცა ის ჩიხამდე მიდის:

[მოქალაქის ხმა] “პოზიციები არ უნდა დათმოს და მშვიდობიან მოგვარებას შეეცადოს, მაგრამ თუ სიტუაცია ძალიან გამწვავდა, ძალის გამოყენებაც არ არის გამორიცხული.”

საინტერესოა, როგორ ესახებათ მოქალაქეებს კონფლიქტის დასრულება, რას ნიშნავს ურთიერთობათა გარკვევა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან: კონფლიქტის ამოწურვას, ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად, თანაბარ უფლებებსა და ადამიანების დაცვას, თუ ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტას, მცდელობას, შეავიწროვო ოსი მოსახლეობა ძველი, კარგად ნაცნობი მოტივით, რომ ოსები საქართველოს ხიზნები არიან? აქ ჩვენი რესპონდენტები სხვადასხვა მიმართებას ავლენენ:

[მოქალაქეთა ხმები] “1. შესაძლებლობათა მიხედვით უნდა მოხდეს გამოძევებაც და ევაკუაციაც, თავდაცვაც და თავდასხმაც. 2. იმათ იქაურობა უნდა დატოვონ და ჩვენი მიწა ჩვენ უნდა მოგვცენ. ისინი შემთხვევით მოსული ხალხია, ეს კი ჩვენი მიწაა, ჩვენი სამშობლოა. 3. არ უნდა გამოიწვიო, არც ერთი მხარე გამომწვევად არ უნდა იქცეოდეს. ავტომატებით არ უნდა მიუხტე, არამედ წესიერად მიხვიდე. 4. ოსები არ უნდა გამოაძევონ.”

საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით ნამდვილად მისდევს ბოლო პრინციპს.: არავინ ლაპარაკობს მოქალაქეთა გაძევებაზე საცხოვრებელი ადგილებიდან. საქართველოს ხელისუფლება ახერხებს მოსახლეობის დარწმუნებას, რომ მას კონფლიქტი აქვს კოკოითის ხელისუფლებასთან და არა სამხრეთ ოსეთის ხალხთან. სხვა საკითხია, ასე უყურებენ თუ არა კონფლიქტს თვითონ სამხრეთელი ოსები.
XS
SM
MD
LG