Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ასრულებს საქართველო ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს


საქართველომ 1999 წელს, ევროსაბჭოში გაწევრიანებისას, უამრავი ვალდებულების შესრულების პირობა დადო. წლების მანძილზე საქართველოს ხელისუფლებამ მათი

ნაწილის შესრულება შეძლო - მაგალითად, სიკვდილით დასჯის გაუქმება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ადვოკატურის კანონის მიღება და სისხლის სამართლის კოდექსის შეცვლა. თუმცა ამ უკანასკნელში აურაცხელი ცვლილების შეტანის შემდეგ ევროსაბჭომ კვლავ ახალი კოდექსის მიღება მოითხოვა. დღეისათვის საქართველოს შესასრულებელი დარჩა ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი 18-მდე ვალდებულება.

საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამონიტორინგო კომიტეტისა და საქართველოზე მონიტორინგის თანამომხსენებელთა დელეგაციამ საქართველოს ხელისუფლებას 2002 წლამდე შეუსრულებელ ვალდებულებათა შესრულების ახალი ვადების პროექტი შესთავაზა:

[ევგენი კირილოვის ხმა] ”მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს ვალდებულებები დამტკიცებული იქნება, მისი შესრულების ვადები მკაცრად გაკონტროლდება. ამის შემდეგ აღარ იქნება შესაძლებელი გადავადება და ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო მესიჯი.”

ეს იყო ევროსაბჭოს მონიტორინგის დელეგაციის წევრი ევგენი კირილოვი. პროექტში ჩამოყალიბებული ძირითადი მოთხოვნების უფრო დეტალურად გასაცნობად ინტერვიუ ვთხოვე მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს პარლამენტარ ელენე თევდორაძეს.
მისი თქმით, მონიტორინგის ჯგუფი ძირითად აქცენტს ეროვნულ უმცირესობებზე აკეთებს. კერძოდ კი, საქართველოს მისაღები აქვს კანონი ეროვნული უმცირესობების შესახებ. ასევე, საქართველოს პარლამენტმა რატიფიკაცია უნდა მოახდინოს ევროპის საბჭოს ქარტიისა და კონვენციის, რომელიც ასევე ეროვნულ უმცირესობებს ეძღვნება და გულისხმობს იმ ვალდებულებასაც, რომელიც სამშობლოში ეგრეთ წოდებული თურქი მესხების დაბრუნებას ითვალისწინებს.
[ელენე თევდორაძის ხმა] ”მე კატეგორიულად განვაცხადე, რომ ჩვენ ეს ვადები არ გვაწყობს, რომ ჩვენ მაინც არ შევასრულებთ, ვერ შევასრულებთ და არ შევასრულებთ. ორივე, აი, ეს კონვენცია კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს სეპარატიზმის მოყვარე ადამიანებს, რომ გამოიყენონ ეს კონვენციები.”(სტილი დაცულია)

ელენე თევდორაძე, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერია, ფიქრობს, რომ ეროვნულ უმცირესობებსა და თურქი მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება საქართველომ მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ უნდა დაიწყოს. ამას კი მმართველი პოლიტიკური ძალა 2009 წლისთვის გეგმავს.

საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფი აჭარის არჩევნებითა და ავტონომიის სტატუსითაც დაინტერესდა და იმით, თუ როგორ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს აბაშიძისგან გათავისუფლებული აჭარა. ამასთან დაკავშირებით დელეგაციის წევრმა მათიას იორშმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

[მათიას იორშის ხმა] ”გამოდის, რომ აჭარის ლიდერს ირჩევს თბილისი და არა აჭარის მოსახლეობა, და ეს, ჩვენი აზრით, გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ აჭარის მოსახლეობა ენდობა ცენტრალურ ხელისუფლებას და ასევე უნდა არსებობდეს ნდობა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან აჭარის მოსახლეობის მიმართ, რომ ისინი შეძლებენ ღირსეული ხელმძღვანელის არჩევას.” (სტილი დაცულია)

ევროსაბჭოს უფრო დეტალური პოზიცია გაირკვევა მოგვიანებით, სექტემბრის ბოლოს, როდესაც სტრასბურგში მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ამ სხდომაზე ელენე თევდორაძეს ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებით საკმაოდ უხერხულ შეკითხვებზე პასუხის გაცემაც მოუწევს. ვგულისხმობ წინასწარი დაკავების საკნებში ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენელთა არაადამიანურ პირობებში ყოლასა და მათი წამების ფაქტებს. ორი მათგანი, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა და კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციამ თავად მოინახულა და გაოგნებულიც დარჩა:

[ელენე თევდორაძის ხმა] ”მე საყვედური უკვე მივიღე. ის, რაც მე ვნახე, არ მინახავს შევარდნაძის დროსაც.”

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი საქართველოში მოპოვებული მასალის გახილვას 17 სექტემბერს სტრასბურგში მოაწყობს და იქ შეთანხმებულ რეკომენდაციათა დოკუმენტს დასამტკიცებლად ოქტომბრის დასაწყისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გაიტანს.
XS
SM
MD
LG