Accessibility links

logo-print

სააკაშვილმა ირანში ვიზიტისას ერთობლივ პროექტებზე საუბარი დაიწყო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი პრეზიდენტი სააკაშვილი, ირანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საფუძვლის ჩაყრას ცდილობს.

შეხვედრებისას რამდენიმე ეკონომიკური პროექტი გახმიანდა. რა პროექტებსა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო საუბარი საქართველოსა და ირანის ლიდერს შორის?

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირანში ვიზიტისას აცხადებს, რომ ირანი საქართველოს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პარტნიორია და ორმხრივი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში - ასევე, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის, ”ჩრდილოეთი-სამხრეთის“, ფარგლებში - გაფართოვდება.


ირანის პრეზიდენტმა მოჰამედ ხატამიმ და მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნეს, რომ საკმარისად არ არის გამოყენებული ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებისათვის არსებული შესაძლებლობები და რომ აუცილებელია გაუმჯობესდეს ირან-საქართველოს ურთიერთობა სხვადასხვა სფეროებში.

საგულისხმოა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა სავაჭრო, სამრეწველო და ნედლეულის პალატის ხელმძღვანელებსა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ქვეყნის მიმართ ეკონომიკურ ინტერესს.

ეკონომიკურ ექსპერტს სოსო სიმონიშვილს მიაჩნია, რომ იმ პროექტებს შორის, რომელთაც პრეზიდენტი შეეხო, ერთ-ერთი ყველაზე საინტრესო გაზსადენის პროექტია:

[სოსო სიმონიშვილის ხმა] ”საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში სსრკ-სა და ირანს შორის არსებობდა საკმაოდ სერიოზული გაზსადენი. მოგეხსნებათ, ირანი ძალიან მდიდარია ენერგორესურსებით - როგორც გაზით, ისე ნავთობით - და ამ გაზსადენით ამიერკავკასიის რესპუბლიკები მარაგდებოდა ბუნებრივი აირით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს გაზსადენი გაჩერდა, ფუნქციონირება შეწყვიტა - რაღაც მონაკვეთი, მგონი, სერიოზულად არის დაზიანებული - და სერიოზული ენერგოკრიზისის პერიოდში დადგა ამ გაზსადენის აღდგენის საკითხი, თუმცა ეს საუბრები შემდეგ აღარ გაგრძელდა და, აი, ამჟამად ისევ მიმდინარეობს ამაზე საუბარი და, შესაძლებელია, განხორციელდეს მისი რეაბილიტაცია.”(სტილი დაცულია)

გაზსადენის აღდგენა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რეგიონალური უსაფრთხოებისა და ალტერნატიული ენერგოწყაროს თვალსაზრისითაც. შესაბამისად, ირანთან სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარების პარალელურად, ამ პროექტს აქვს პერსპექტივა, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად მომხიბლავი და მომგებიანი იქნება ის თავად ირანისათვის. საქმე ისაა, რომ ირანის ენერგოპოტენციალი განუზომლად დიდია და მისთვის ამიერკავკასიის ბაზარი, - კერძოდ კი, საქართველოსა და სომხეთის ენერგობაზარი, - შესაძლოა, ნაკლებად მომხიბლავადაც მოგვეჩვენოს, თუმცა სინამდვილეში ირანი, სადაც ბოლო პერიოდში სერიოზული მოძრაობა მიმდინარეობს ”ცივილიზაციათა დიალოგის” პროექტის მიმართულებით, პირიქით, შეიძლება ჩვენზე მეტად დაინტერესებული იყოს სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობით.
XS
SM
MD
LG