Accessibility links

რას აკეთებს ვაშინგტონი გუანტანამოს პატიმართა უფლებების დასაცავად?


გასულ კვირაში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ თავდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სასამართლო პროცესების გამართვა

იმ ექვსასამდე პირისთვის, რომლებიც ტყვედ ავღანეთში აიყვანეს, ამჟამად კი კუბის ქალაქ გუანტანამოში, შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, პატიმრობაში ჰყავთ. სასამართლოს დადგენილებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, პატიმრებს უფლება აქვთ, გაასაჩივრონ მათთვის "მტრის მებრძოლის" სტატუსის მინიჭება; სტატუსისა, რომელიც ვაშინგტონს უფლებას აძლევს, ეს ადამიანები, ფაქტობრივად, განუსაზღვრელი ვადით ჰყავდეს ტყვეობაში. როგორ შეხვდა სასამართლოს ამ დადგენილებას პენტაგონი?

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ყველა დაპატიმრებულ პირს უფლება უნდა ჰქონდეს, თავისი დაკავების ფაქტი ნეიტრალურ სასამართლოში გაასაჩივროს. ამ უფლებას აშშ-ის კანონით "ჰაბეას კორპუსი" ჰქვია და იგი მოქმედებს არა მხოლოდ საკუთრივ ამ ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთ მდებარე მის ტერიტორიებზეც; გუანტანამოს სამხედრო ბაზა კი სწორედ ასეთი ტერიტორიაა.

პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას პასუხი არ დაუყოვნებია. ოთხშაბათს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლ ვულფოვიცმა ხელი მოაწერა განკარგულებას, გუანტანამოს ყველა პატიმარს 17 ივლისამდე ეცნობოს მათი საქმეების ხელახალი განხილვის ამბავი.

ამ დოკუმენტის თანახმად, ხელახალ მოსმენაზე საქმეებს განიხილავენ არა მოსამართლეები, არამედ სამხედრო უწყების თანამშრომლები. ყოველი განსასჯელი აღჭურვილი იქნება უფლებით, საკუთარი გათავისუფლება მოითხოვოს, თუმცა არა ვექილის, არამედ თარჯიმნისა და სამხედრო პირის დახმარებით.

რადიო "თავისუფლების" ვაშინგტონელმა კორესპონდენტმა ენდრიუ ტალიმ კომენტარი სთხოვა ექსპერტს - "ჰიუმან რაიტს უოჩის" იურისტს რიდ ბროდის. ბროდიმ აღნიშნა, რომ ხსენებული განკარგულების გაცემით პენტაგონმა გააკეთა ის მინიმუმი, რომელიც აუცილებელი იყო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების დასაკმაყოფილებლად. და რაკი სასამართლოს დირექტივა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, პენტაგონის მესვეურებმაც მათთვის სასურველი ვარიანტი აირჩიესო.

[რიდ ბროდის ხმა] "შესაძლებელი ვარიანტებიდან პენტაგონმა ყველაზე უარესი ინტერპრეტაცია გაუკეთა უზენაესი სასამართლოს წინადადებას. უზენაესმა სასამართლომ ბევრი საკითხი ღიად დატოვა. და როგორც ჩანს, პენტაგონის მესვეურებმა გადაწყვიტეს, მოდი ვნახოთ, რამდენი გაგვივაო."

თუმცა, იმავე რიდ ბროდის თქმით, არის ერთი მუხლი, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. ეს გახლავთ პატიმართა უფლება, გაასაჩივრონ თავიანთი დაკავების ფაქტი. "ჰიუმან რაიტს უოჩის" იურისტის თქმით, სასამართლოს დადგენილებაში გარკვევით წერია, რომ "ჰაბეას კორპუსის" განხილვები ნეიტრალურმა მოსამართლეებმა უნდა მოაწყონ და რომ განსასჯელებს ვექილები უნდა ჰყავდეთ.

ამ ორიოდე დღის წინათ გუანტანამოს პატიმრების თემას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი რიჩარდ ბაუჩერიც შეეხო და ჟურნალისტებს აცნობა, რომ ბუშის ადმინისტრაცია ყოველ ღონეს ხმარობს პატიმართა საქმეებთან დაკავშირებული ყველა გაუგებრობის მოსაგვარებლად.

[რიჩარდ ბაუჩერის ხმა] "სხვადასხვა სახის მექანიზმების გამოყენებით შევიმუშავეთ გზები, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, რაც შეიძლება მეტი საქმე გავხსნათ. და, ცხადია, ვიცით, რომ უზენაესმა სასამართლომაც მიიღო სათანადო ზომები, რასაც ამ საქმეების სხვა საშუალებებით გახსნა შეიძლება მოჰყვეს."

მაგრამ ბაუჩერისა თუ მთავრობის სხვა წარმომადგენელთა ასეთი განცხადებებისა რიდ ბროდის არ სჯერა. "ჰიუმან რაიტს უოჩის" იურისტს ეჭვი ეპარება ბუშის ადმინისტრაციის კეთილ ნებაში. ბროდის აზრით, მთავრობა ყოველნაირად ცდილობს, პატიმრებს ისეთი სამართლებრივი დაბრკოლებები შეუქმნას, რომელთა გადალახვას ისინი ვერ მოახერხებენ. თუმცა, მეორე მხრივ, იგი დარწმუნებულია, რომ დაკავებულთა საქმეები მაინც მიაღწევს სასამართლომდე.

[რიდ ბროდის ხმა] "ბუშის ადმინისტრაცია ყოველ ღონეს მიმართავს, რათა ამ სიტუაციიდან გამოძვრეს და გააბათილოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოსალოდნელი შედეგები. მაგრამ ამით საქმე არ ამოიწურება და დაკავებულები სასამართლოში მაინც იჩივლებენ."

ასე რომ, რიდ ბროდი ოპტიმიზმს არ კარგავს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ პენტაგონი, საბოლოო ანგარიშით, მაინც ვერ მოახერხებს, წინ აღუდგეს უზენაესი სასამართლოს ნებას, გუანტანამოს პატიმართა საქმეები სამართლიანად იქნეს განხილული.
XS
SM
MD
LG