Accessibility links

logo-print

8 ივლისს დატყვევებული ქართველი ჯარისკაცები გათავისუფლებულები არიან


8 ივლისს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ცხინვალის რეგიონის სოფელ ვანათიდან ტყვედ აყვანილი ქართველი ჯარისკაცები 9 ივლისს დილით გაათავისუფლეს.

ისინი ქართულ მხარეს უვნებელები გადასცეს, თუმცა ცხინვალში დაიტოვეს ადრე დაკავებული 3 ქართველი ჯარისკაცი. 9 ივლისს მიდიოდა მოლაპარაკება მათ გასათავისუფლებლად. “ კონფლიქტის ზონაში ვითარება რთულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება,” - სოფელ ვანათიდან ტყვედ აყვანილი ჯარისკაცების გათავისუფლების შემდეგ ასე ახასიათებდნენ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას.

“კონფლიქტის ზონაში პოზიციურად მდგომარეობა უცვლელია, თუმცა თავისთავად სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ სოფელ ვანათიდან ტყვედ აყვანილი შინაგანი ჯარის ჯარისკაცები გათავისუფლებულები არიან,” - პარასკევს ასე ახასიათებდა ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე. ჩვენთან საუბრისას მან დაადასტურა გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ კონფლიქტის ზონაში მხარეთა შორის მცირე შეტაკებები 9 ივლისსაც გრძელდებოდა და იქვე სრულიად დაეთანხმა შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გამოთქმულ აზრს, რომ შესწავლილ უნდა იქნეს სოფელ ვანათში ქართველი ჯარისკაცების დატყვევების დეტალები, რათა გაირკვეს ქართველი ჯარისკაცების მხრიდან იყო თუ არა აუცილებელი იარაღის დაყრა:

[გივი თარგამაძის ხმა]”უნდა გამოიკვეთოს, არსებობდა თუ არა ეს აუცილებლობა, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ასე არ იყო. გარდა ამისა, საინტერესოა, როგორ მივიდა ამდენი მოწინააღმდეგე მათთან ისე, რომ ვერ შეამჩნიეს. “

არ არის გამორიცხული, მეთაური დაისაჯოს - რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ჯარისკაცებს უადგილოდ მისცა იარაღის დაყრისა და დანებების უფლება.
ყოფილ მძევლებს მშობლები და ახლობლები ერგნეთის ბაზრობის ტერიტორიაზე შეხვდნენ. იქვე შვილებთან შეხვედრის მოლოდინი გაუცრუვდათ ოსური მხარის მიერ ცოტა უფრო ადრე დატყვევებული 3 ქართველი ჯარისკაცის მშობლებს. ოსურმა მხარემ გადაწყვიტა, რომ მათ მიმართ მოკვლევა უნდა გააგრძელოს - შესაბამისად, უარი თქვა მათ გათავისუფლებაზე. პარასკევს ოსურ და რუსულ მხარეებთან მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკება ამ პრობლემის გადასაწყვეტად. მოლაპარაკებას ამჯერადაც საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა აწარმოებდა. საერთოდ კი, ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების განმუხტვისათვის საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებას რუსეთის მხარესთან ამჯობინებს და არა ოსურ მხარესთან. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შედგა სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან. პრეზიდენტებმა ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარება განიხილეს. ამას გარდა, საქართველოს პარლამენტის ბიურომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილ დაძაბულობასთან დაკავშირებით მიიღო სპეციალური განცხადება რუსეთის მისამართით და სთხოვა მას გააცნობიეროს ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება, როგორც სამშვიდობო პროცესის მონაწილეს. “რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ არჩევანი სეპარატიზმს და დიქტატურასა და საქართველოსთან კეთილმეზობლობას შორის,” - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებულ განცხადებაში. კოკოითი კი ემუქრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და არამარტო მას:

[ედუარდ კოკოითის ხმა] “ სად იყო საქართველოს ხელისუფლება გუშინწინ, ან ოქრუაშვილი , რომელმაც თავად ჩაიდინა დანაშაული. ჩვენ შეიძლება აღვძრათ სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კოლონაზე თავდასხმის გამო. “

იგულისხმება კოლონა, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსული იარაღი შემოვიდა. კოკოითი სისხლის სამართლის საქმის აღძვრით საქართველოს პრეზიდენტსაც ემუქრება. მის განცხადებებს თბილისში ყურადღებას არავინ აქცევს.
XS
SM
MD
LG