Accessibility links

logo-print

იცავს თუ არა კანონი გაწბილებულ ტურისტებს საქართველოში


დარგის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ საქართველოში ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოთა მომსახურება ყოველ წელიწადს სულ უფრო უკეთესი ხდება და ამას თავად

ტურისტებიც აღნიშნავენ. თუმცა, სამწუხაროდ, მაინც აუცილებლად შეხვდებით სააგენტოთა მხრიდან სასტიკად გაწბილებულ ადამიანებს და ბუნებრივად იბადება შეკითხვა: როგორ იცავს სახელმწიფო მათ?

უკმაყოფილო ტურისტი შეიძლება მრავალნაირი იყოს. თუკი ერთში სასტუმროს ნომრის დაკემსილი ფარდები, ლაქებიანი ხალიჩა, გაბზარული უნიტაზი და მოღუშული სართულის მორიგე მაინცდამაინც დიდ პროტესტს არ იწვევს, მეორის უკმაყოფილებისათვის ოთახში უნებლიეთ შემოფრენილი ერთი გზააბნეული ბუზიც კი საკმარისია.

თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ შეეგუება, თუკი, ტურისტული სააგენტოს გავლით, ისეთ სასტუმროში აღმოჩნდება, რომელშიც, - არც მეტი და არც ნაკლები - საროსკიპოა გახსნილი. არადა, სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა 43 წლის ქალბატონი, რომელმაც თავის 20 წლის გოგონასთან ერთად თურქეთში მოინდომა დასვენება. მართალია, ხსენებულმა ქალბატონმა რადიოს ეთერით გამოსვლაზე უარი განაცხადა, მაგრამ ჩემთან პირადი საუბრისას მოთხრობილი ისტორია, მერწმუნეთ, მეტად უსიამოვნო მოსასმენი გახლდათ.

საგზურის სიიაფით მოხიბლულმა დედა-შვილმა საროსკიპოს არსებობა მხოლოდ
მე-2 დღეს შენიშნა, ანუ მაშინ, როდესაც სასტუმროში მომსვლელი ხალხის ერთობ საეჭვო ნაკადმა ძლიერ იმატა. ეს ისტორია შედარებით მშვიდობიანად -
დედა-შვილის სასწრაფოდ უკან დაბრუნებითა და სააგენტოსგან თანხის უკან მიღებით დასრულდა, მაგრამ მათი ნერვების საფასური არავის აუნაზღაურებია.

შეკითხვაზე - როგორ იცავს სახელმწიფო გაწბილებულ ტურისტებს, პასუხია - ცუდად. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე საბა კიკნაძე განუკითხაობაზე საუბრობს და მიაჩნია, რომ ტურისტის, ანუ მომხმარებლის, დაცვის მექანიზმები სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსებში უნდა ჩაიდოს:

(საბა კიკნაძის ხმა) “ეს უნდა დადგინდეს სათანადოდ სისხლის სამართლის კოდექსში და სამოქალაქო კოდექსში. ჩვენთან განუკითხაობა იმიტომ არის, რომ არ გვაქვს სამოქალაქო კოდექსში კანონი სათანადოდ დაცული. და, რაც მთავარია, ისიც კი, რაც არის, ანუ სადღაც 10 თავი, ფაქტობრივად, ვერ იმუშავებს, იმდენად ცუდად არის დაწერილი.”

მართალია, ეგრეთ წოდებული გაყვანის ტურიზმი დეპარტამენტის სამოქმედო არეალს არ წარმოადგენს, მაგრამ კიკნაძე მათი მხრიდან ერთჯერადი ჩარევისა და სიტუაციის გამოსწორების აუცილებლობას მაინც ხედავს:

(საბა კიკნაძის ხმა) “ჩვენი დეპარტამენტის როლი იქნება ის, რომ ჩვენ ამ კანონებს ერთხელ და სამუდამოდ მოვაწესრიგებთ და - ძალიან მალე. იურისტებთან ერთად დავსხდებით, შევქმნით ამ წესიერ კანონებს და ავამოქმედებთ ისეთ მექანიზმებს, რომ ჩაჯდნენ ჩვეულებრივ სისტემაში, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია.”

მანამდე კი, ვიდრე ეს მექანიზმი ამუშავდება, ყველა ტურისტული სააგენტო, ძირითადად, საკუთარი სინდისის ამარა რჩება. მაგალითად, “ეგზოტური” (რომელიც თბილისში თავისი შესანიშნავი მომსახურებით არის ცნობილი) ყველა სასტუმროს, ვიდრე იქ კლიენტებს გაგზავნის, ჯერ თავად ნახულობს. “ეგზოტურის” მენეჯერებმა წელს ხელახლა შემოიარეს საქართველოსა და თურქეთის მრავალი კურორტი. რეალიზაციის მენეჯერი თამარ გუჯაბიძე ტურისტებს დაწვრილებით აკვალიანებს:

(თამარ გუჯაბიძის ხმა) “ყველა სასტუმროში, სადაც ჩვენ კლიენტს ვუშვებთ, შევდივართ, ნომრებს ვიღებთ, პირობებს ვნახულობთ. წინასწარ ვაფრთხილებთ კლიენტს, თუ როგორი პირობები დახვდება იქ. ვადარებინებთ სხვადასხვა სასტუმროებს, გვაქვს ფოტოები, ბუკლეტები... და ამის მიხედვით ვარჩევინებთ. ამიტომ ასეთი პრობლემები არ იქმნება.”

თუმცა ცივილიზებული ფირმების გვერდით, ბუნებრივია, არსებობს ისეთებიც, რომლებისთვისაც ამგვარი ფასეულობა საკმაოდ უცხოა. და ამიტომ მათსა და ხალხს შორის ძლიერი კანონი უნდა ჩადგეს.
XS
SM
MD
LG