Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოსთან


არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ “ცხინვალის სახლი”, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის საელჩოს შენობის

წინ საპროტესტო აქცია გამართა. საელჩოსთან შეკრებილი ადამიანები, რუსული სამშვიდობო ბატალიონის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის გარდა, პოლიტპატიმრად შერაცხული ალიკ კოზაევის გათავისუფლებასაც ითხოვდნენ. ცნობისათვის: კოზაევი, რომელიც ცხინვალელი ბავშვების აჭარაში გამგზავრებას უკეთებდა ორგანიზებას, ყოფილი ავტონომიური ოლქის ფაქტობრივმა ხელისუფლებამ, სამშობლოს ღალატის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ დააპატიმრა.
აქციის მონაწილეებმა საგანგებო მიმართვა გაუგზავნეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსაც.
რა ხდებოდა, უფრო კონკრეტულად, რუსეთის საელჩოს წინ და რას ითხოვდნენ აქციის მონაწილენი?


[მამაკაცის ხმა] “ნაბზდოროვი ქართველების და ოსების მტერია!”

[ქალბატონის ხმა] “ოსებო, ნუ იქნებით ბრმა იარაღი სხვის ხელში!”

რუსეთის საელჩოსთან შეკრებილი ადამიანები - ძირითადად, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებიდან დევნილები - საპროტესტო აქციაზე ხელცარიელები არ მისულან. ისინი, ჩემი თხოვნით, წინასწარ დამზადებულ ტრანსპარანტებზე გაკეთებულ წარწერებს ახმოვანებდნენ. ყველაზე მეტი კრიტიკა რუსული სამშვიდობო ბატალიონისა და მისი მეთაურის გენერალ ნაბზდოროვის მისამართით გაისმოდა:

[მამაკაცის ხმა] “უეჭველად უნდა გავიდეს, რომ სიმშვიდე იყოს ქართველებსა და ოსებს შორის. ეს კაცი გვიშლის, აბა რა... გამოდის და იმდენს ლაპარაკობს, რომ თვითონაც არ იცის... რო გამოვიდა იმ დღეს და რომ ილაპარაკა: ნე დაჟდიოტესო, თვითმკვლელობაზე რომ მოუგონეს...”(სტილი დაცულია)

აქციის მონაწილენი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ რუსეთის ელჩის ვლადიმირ ჩხიკვიშვილის მიმართაც:

[ქალბატონის ხმა] “ეს ელჩი - რუსეთის ელჩი - ქართველია. მე მესმის მისი, რომ ის რუსეთიდან გამოგზავნილია და აუცილებლად რუსეთის ინტერესები უნდა დაიცვას, მაგრამ სიმართლე სიმართლეა!”

საელჩოს წინ შეკრებილი ადამიანების უმეტესობა ცხინვალის რეგიონში ვითარების გამწვავებას რუსული სამშვიდობო ნაწილის ტენდენციურობით ხსნის. აქციის მონაწილეთა თქმით, რუსი ცისფერჩაფხუტიანები, ნეიტრალიტეტის დაცვის ნაცვლად, სეპარატისტულ რეჟიმს ემხრობიან:

[მამაკაცის ხმა] “ასე იქცეოდნენ ეგენი სულ - იცავენ ოსების ინტერესებს. ამიტომ საჭიროა ეგენი გავიდნენ იქიდან. ჩვენ ოსებთან უკეთესად მოვილაპარაკებთ, ერთი ერთზე რომ დავრჩეთ, ვიდრე რუსის შუამავლობით.”

[ქალბატონის ხმა] “დაიცვას უნდა რუსის ჯარმა ნეიტრალიტეტი, დაჯდეს ყაზარმაში და ნუ გამოვა გარეთ. ჩვენ მოვუვლით ოსებთან საქმეს, ჩვენს ნათესავებს ჩვენვე მოვურიგდებით.”

აქციაზე ნათესავებიც - ანუ ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებიც - იმყოფებოდნენ. მე ერთ-ერთ მათგანს, ცხინვალიდან ქმრის ქართველობის გამო გადმოხვეწილ ქალბატონს, გავესაუბრე.

[ქალბატონის ხმა] “რუსებმა, როგორც მშვიდობის დამცველებმა, თავიანთი პოზიცია - ნეიტრალიტეტი - დაიცვან. ნუ ერევიან, იმიტომ რომ ოსი და ქართველი ყოველთვის მოილაპარაკებენ ერთმანეთში, მაგრამ მესამე პირის ჩარევა არის ზედმეტი.”

აქციის მონაწილეთა ხმაურიან განცხადებებს რუსეთის საელჩოდან არავინ გამოხმაურებია. სამაგიეროდ, აქციის ორგანიზატორებმა საელჩოში იმ წერილის შეგზავნა მოახერხეს, რომლის ადრესატი - არც მეტი, არც ნაკლები - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია. წერილი კი კატეგორიული მოთხოვნით სრულდება. კერძოდ: დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნენ რუსი “მშვიდობისმყოფელები” ცხინვალის რეგიონიდან. სასწრაფოდ გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმარი ალიკ კოზაევი. შეწყდეს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მორალური და მატერიალური მხარდაჭერა.

დაბოლოს: აქციის ორგანიზატორები უახლოეს დღეებში სამშვიდობო მისიით ცხინვალში ჩასვლას და იქაურ ხელისუფლებასთან შეხვედრას გეგმავენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG