Accessibility links

logo-print

შესაძლებელია თუ არა აზერბაიჯანის ჩათრევა საქართველოსთან კონფლიქტში


საქართველოში ბოლო დროს მომხდარმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა მხოლოდ დადებითი გავლენა მოახდინა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე,

რომელიც ისედაც არ ყოფილა პრობლემატური უკანასკნელი 14 წლის მანძილზე. მანამდე კი იყო პერიოდი, როდესაც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა შევიწროების გამო ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ასეთი პრობლემების კვლავ აღმოცენებას წინასწარმეტყველებს ამ ბოლო დროს აზერბაიჯანულ პრესაში გამოქვეყნებული ანალიტიკური მასალები. რამდენად საფუძვლიანია ეს პროგნოზები?

აზერბაიჯანში გამომავალი გაზეთი ”ექო” დიდ ადგილს უთმობს საქართველოს ხელისუფლების ინკოგნიტო წარმომადგენლის მტკიცებას, რომ რუსეთში მზადდება გეგმა საქართველოსა და აზერბაიჯანის კონფლიქტში ჩასათრევად. ამ წყაროს აზრით, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, რუსეთი საქართველოს უფლებას მისცემს გადაწყვიტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემა, მაგრამ სანაცვლოდ წაუყენებს მოთხოვნებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოვა აზერბაიჯანის ინტერესებთან. კერძოდ, ლაპარაკია აფხაზეთში რკინიგზის აღდგენაზე, რომელიც რუსეთს თავის სტრატეგიულ მოკავშირე სომხეთთან ურთერთობისთვის ესაჭიროება.

იგივე ინკოგნიტო წყარო აზერბაიჯანულ გაზეთ ”ექოს” არწმუნებს, თბილისსა და ბაქოს შორის ვითარება შეიძლება ისე გამწვავდეს, რომ საქართველოში კომპაქტურად განსახლებული აზერბაიჯანელები ავტონომიის შექმის მოთხოვნითაც კი გამოვიდნენო.

რამდენად საფუძვლიანია ეს ვარაუდები, ძნელი სათქმელია, თუმცა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კომპაქტურად განსახლებულ ეროვნულ უმცირესობათა პოზიცია უცებ რომ შეიცვალა, ამას პარლამენტარი ელენე თევდორაძეც ადასტურებს:

[ელენე თევდორაძის ხმა] ”ჩემდა მოულოდნელად, ბოლო პერიოდში იგივე უმცირესობები, რომლებიც ხვდებოდნენ ევროსაბჭოს წარმომადგენლებს და ამბობდნენ, ჩვენ არ გვჭირდება, ეს ჩვენი დამცირებაა, რომ ცალკე კანონი იყოსო, ახლა ამას ითხოვენ რევოლუციის შემდეგ. იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, მე ვაპირებ მათთან შეხვედრას, აბსოლუტურად ყველა დიასპორასთან.”

სხვების რა მოგახსენოთ, მაგრამ საქართველოში აზერბაიჯანელთა პოლიტიკურმა აქტივობამ კი ნამდვილად იმატა.

თუ ადრე ისინი საქართველოს ხელისუფლების ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკის მიმართაც კი ლოიალურობით გამოირჩეოდნენ, ახლა მნიშვნელოვან თუ ნაკლებად მნიშვნელოვან ყოფით პრობლემაზეც კი სახელმწიფო კანცელარიასთან იკრიბებიან და საპროტესტო აქციებს მართავენ.

ერთი ასეთი აქცია 9 ივლისსაც გაიმართა. კასპის რაიონის აზერბაიჯანული ეროვნების მოსახლეობა მარნეულის პოლიციის ერთ-ერთი ქვეგანყოფილების უფროსის, ნარკოტიკების გავრცელებაში ეჭვმიტანილი ზაზა ბაირამოვის, გათავისუფლებას მოითხოვდა. აქცია გამოძიების ობიექტურად წარმართვის დაპირებით დაიშალა, თუმცა აზერბაიჯანელები აქციის განმეორებას მომავალშიც აპირებენ, თუ გამოძიების შედეგებით უკმაყოფილონი დარჩნენ.


მიუხედავად ასეთი ვითარებისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეგიონალური და ადგილობრივი მართვის სამსახურის მრჩეველი ალექსანდრე შენგელია, რომელიც აზერბაიჯანული მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებს კურირებს, ირწმუნება, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობა არასოდეს გამოვა სეპარატისტული მოთხოვნებით:

[ალექსანდრე შენგელიას ხმა] ”არავითარი პროვოკაცია ჩვენს ხალხს შორის არ იქნება, ეს გამორიცხულია. კი, ბევრი შეეცდება შუღლის ჩამოგდებას, მაგრამ ეს გამორიცხულია. ნუ, გაუგებრობები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს ყოველთვის გაირკვევა. ყველაფერი კარგად იცის აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ - ვინ ვინ არის; არა მგონია, პროვოკაციაზე წამოეგონ.”

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამ მრჩევლის მსგავსად, ოპტიმისტურად არიან განწყობილნი დამოუკიდებელი ექსპერტებიც, თუმცა ბევრი მათგანი - მათ შორის, რუსეთის ისლამური კომიტეტის თავმჯდომარე ჰეიდარ ჯემალი - ამბობს, რომ საშიშროება ნამდვილად არსებობს, რადგან მოსკოვი დაინტერესებულია თბილისსა და ბაქოს შორს ურთიერთობის გაფუჭებით.
XS
SM
MD
LG